ბლუმა ზეიგარნიკი
ბლუმა ზეიგარნიკი | |
---|---|
რუს. Блю́ма Ву́льфовна Зейга́рник | |
დაბ. თარიღი | 9 ნოემბერი, 1900[1] [2] |
დაბ. ადგილი | პრიენაი |
გარდ. თარიღი | 24 თებერვალი, 1988[2] (87 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი[3] და ფსიქიატრი |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | მიხეილ ლომონოსოვის პრემია და Kurt Lewin Award[4] |
ბლუმა ზეიგარნიკი (ქალიშვილობის გვარი — ჰერშტაინი რუს. Герштейн; გერმ. Bljuma Zeigarnik რუს. Блюма Вульфовна Зейгарник; დ. 9 ნოემბერი, 1900 წელი, პრიენაი, კოვნოს გუბერნია — გ. 24 თებერვალი, 1988 წელი, მოსკოვი) — საბჭოთა ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, საბჭოთა პათოფსიქოლოგიის დამფუძნებელი.
ფართოდ არის ცნობილი ზეიგარნიკის სადიპლომო ნაშრომის (რომელიც მან ბერლინის უნივერსიტეტში შეასრულა კურტ ლევინის ხელმძღვანელობით და რომელიც გეშტალტ-ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედია) შედეგი, რომელშიაც მან აჩვენა, რომ დაუსრულებელი მოქმედებების დამახსოვრება უკეთ ხდება, ვიდრე დასრულებული მოქმედებებისა („ზეიგარნიკის ეფექტი“). 1931 წლიდან ლ. ს. ვიგოტსკისთან ერთად მუშაობდა ექსპერიმენტული მედიცინის საკავშირო ინსტიტუტის ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში.
ზეიგარნიკი არის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტისა და ნეირო- და პათოფსიქოლოგიის კათედრის ერთ-ერთი შემქნელი. ზეიგარნიკის დიდი წვლილი ფსიქოლოგიური პრობლემების დამუშავებაში ღირსეულად შეაფასა ამერიკის ფსიქოლოგიურმა ასოციაციამ, რომელმაც მას კურტ ლევინის სახელობის პრემია მიანიჭა(1983). სსრკ-ში იგი დაჯილდოებული იყო ლომონოსოვის I ხარისხის პრემიით(1978).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლუმა ვულფოვნა (ვულფის ასული) ჰერშტაინი დაიბადა 1900 წლის 9 ნოემბერს კოვნოს გუბერნიის ქალაქ პრიენაიში. მშობლები, ვულფი და რონია ჰერშტაინები, მაღაზიის მფლობელები იყვნენ. ბლუმა სწავლობდა პრიენაის გიმნაზიაში, 1916 წლიდან მინსკში ე.დ. რეიმან-დალმატოვას ალექსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში. 1921 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში და სწავლა დაიწყო ბერლინის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც მაქს ვერთჰაიმერის ლექციების გავლენით ფსიქოლოგიით დაინტერესდა. 1924 წელს გახდა ალბერტ იანკელის ძე ზეიგარნიკის მეუღლე.
1924 წლიდან სისტემურად ესწრებოდა კურტ ლევინის სემინარს, რომელიც იკვლევდა პიროვნების ფსიქოლოგიას, კერძოდ კი პიროვნების მამოძრავებელ მოტივებს, მის ქცევას, მოთხოვნილებებს, „კვაზიმოთხოვნილებებს“ და მათ დამოკიდებულებას სოციალური გარემოცვისგან. ლევინთან მეცადინეობას ზეიგარნიკი უთავსებდა კ.გოლდშტაინთან თანამშრომლობას ფსიქიატრიულ კლინიკაში, მოისმინა აგრეთვე ე.შპრანგერის ლექციების კურსი და მ.დესუარისა - ესთეტიკაში. დაახლოებით ამ დროს (1925), რიგი ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ ზეიგარნიკმა აღმოაჩინა კანონზომიერება, რომელიც მეცნიერებაში ცნობილია როგორც „ზეიგარნიკის ეფექტი“: დაუსრულებელი მოქმედებების დამახსოვრება გაცილებით უკეთესად ხდება, ვიდრე დასრულებული მოქმედებებისა.
ექსპერიმენტის არსი შეიძლება ასე გადმოიცეს: ექსპერიმენტატორი თხოვდა ცდისპირებს გარკვეული დროის განმავლობაში ამოეხსნათ რამდენიმე ამოცანა. ამავდროულად ცდისპირს არ აძლევდნენ საშუალებას ამოცანათა ნაწილის ბოლომდე გადაწყვეტისა დროის უქონლობის საბაბით, მოგვიანებით კი მას უნდა ჩამოეთვალა ყველა ამოცანა, რომელიც კი მას დაამახსოვრდა. იგულისხმებოდა, რომ ამოცანის არშემდგარი გადაწყვეტის შემთხვევაში წარმოიქმნება ემოციური დაძაბვის გარკვეული პოტენციალი, რომელიც არ განიმუხტება ამოცანაზე მუშაობით და თავის მხრივ ხელს უწყობს ამ „არადამაკმაყოფილებელი“ მოქმედების შენახვას მეხსიერებაში (ტერმინი კურტ ლევინის ცნებათა სისტემაში, რომლის ხელმძღვანელობითაც ტარდებოდა ექსპერიმენტი). ექსპერიმენტით ნაჩვენები იქნა, რომ მეხსიერებაში შენახული მოქმედებებიდან დაუსრულებელი მოქმედებების შეფარდება დასრულებულებთან ტოლია 1,9. მაშასადამე, შედეგის განსხვავება თითქმის ორს აღწევს. 1927 წელს ბ.ვ. ზეიგარნიკმა დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი და 1931 წელს ჩამოვიდა სსრკ-ში, გახდა ლ.ს. ვიგოტსკის უახლოესი თანამშრომელი, მუშაობდა მოსკოვში კომაკადემიასთან არსებული ბუნებისმეტყველების სექციის უმაღლესი ნერვული მოქმედების შემსწავლელ ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ კი ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში. 1940 წელს ბ.ვ. ზეიგარნიკის მეუღლე ალბერტ ზეიგარნიკი დაპატიმრებული იქნა. მას მიესაჯა „10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიმოწერის უფლების გარეშე“. იგი დარჩა პრაქტიკულად მარტო ორ შვილთან ერთად. დიდი სამამულო ომის დროს ზეიგარნიკი ევაკუირებული იქნა მოსკოვიდან შვილებთან ერთად. ევაკუაციაში ა.რ. ლურიასთან და სხვა ფსიქოლოგებთან ერთად - ურალში, ჩელიაბინსკის ოლქში, დასახლება კისეგაჩში, - მუშაობდა ნეიროქირურგიულ ევაკოჰოსპიტალში № 3120 (ამუშავებდა მძიმედ დაჭრილების რეაბილიტაციის მეთოდებს). ომისშემდგომ პერიოდში ბლუმა ზეიგარნიკი ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიის ლაბორატორიას ფსიქიატრიის ინსტიტუტში, რომელიც შეიქმნა მისი უშუალო მონაწილეობით. სწორედ ამ პერიოდში ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის მიჯნაზე შეიქმნა მიმართულება ფსიქოლოგიაში - ექსპერიმენტული პათოფსიქოლოგია. კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლის კამპანიის მსვლელობაში ბ.ვ. ზეიგარნიკი ჩამოაშორეს ლაბორატორიის ხელმძღვანელობას (1950), 1953 წელს კი გაანთავისუფლეს ლაბორატორიიდან; 1957 წელს აღდგენილ იქნა პათოფსიქოლოგიური ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე და 1967 წლამდე მუშაობდა ფსიქიატრიის ცენტრალურ სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტში (რუს. დასახელება ЦНИИ психиатрии). ეწეოდა აგრეთვე პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე (1967 წლიდან).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://psy.msu.ru/people/zeigarnik.html
- ↑ 2.0 2.1 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #127934677, Record #172484634 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://www.spssi.org/index.cfm?fuseaction=page.viewpage&pageid=938