შინაარსზე გადასვლა

ბალბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალბა
Malva sylvestris
Malva sylvestris
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ბალბისებრნი
გვარი:  ბალბა
ლათინური სახელი
Malva

ბალბა (ლათ. Malva) — ერთ-, ან ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. აქვს 10-100 სმ სიმაღლის სწორი, გართხმული ან წამოწეული ღერო, მომრგვალო-თირკმლისებრი, ოდნავ დანაკვთული, იშვიათად თათისებრ განკვეთილი გრძელყუნწიანი ფოთლები და მარტოული ან კონებად შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო-იისფერი ყვავილები.

40-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ, იშვიათად სუბრტოპიკულ სარტყლებში. საქართველოში, მთის ქვედა და შუა სარტყლის ბუჩქნარებში, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე, იზრდება 5 სახეობა. მათგან ლათ. Malva silvestris და ლათ. Malva neglecta მთელ რესპუბლიკაშია გავრცელებული, ლათ. Malva erecta და ლათ. Malva ambigua - მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, ლათ. Malva pusilla - აფხაზეთსა და ბორჯომში.

ბალბის ზოგიერთი სახეობის (ლათ. Malva silvestris) ყვავილებსა და ფოთლებს იყენებენ ხალხურ მედიცინაში, ხმარობენ მხალად. ყვავილებსა და ფოთლებს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. სვამენ ჩაის სახით, ან ნაყენს. შველის კანის გაღიზიანებას, დამწვრობას, ჩირქოვან ჭრილობებს. ასევე, იყენებენ თირკმლის კოლიკის დროს.