ბალბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალბა
Malva sylvestris
Malva sylvestris
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ბალბისებრნი
გვარი: ბალბა
ლათინური სახელი
Malva

ბალბა (Malva), ერთ-, ან ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. აქვს 10-100 სმ სიმაღლის სწორი, გართხმული ან წამოწეული ღერო, მომრგვალო-თირკმლისებრი, ოდნავ დანაკვთული, იშვიათად თათისებრ განკვეთილი გრძელყუნწიანი ფოთლები და მარტოული ან კონებად შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო-იისფერი ყვავილები. 40-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ, იშვიათად სუბრტოპიკულ სარტყლებში. საქართველოში, მთის ქვედა და შუა სარტყლის ბუჩქნარებში, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე, იზრდება 5 სახეობა. მათგან Malva silvestris და Malva neglecta მთელ რესპუბლიკაშია გავრცელებული, Malva erecta და Malva ambigua - მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, Malva pusilla - აფხაზეთსა და ბორჯომში. ბალbის ზოგიერთი სახეობის (Malva silvestris) ყვავილებსა და ფოთლებს იყენებენ ხალხურ მედიცინაში, ხმარობენ მხალად. ყვავილებსა და ფოთლებს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. სვამენ ჩაის სახით, ან ნაყენს. შველის კანის გაღიზიანებას, დამწვრობას, ჩირქოვან ჭრილობებს. ასევე, იყენებენ თირკმლის კოლიკის დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 168, თბ., 1977
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბალბა&oldid=2457850“-დან