ბაკურციხის სამების ეკლესია
ბაკურციხის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ცენტრალურ ნაწილში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კარ-სარკმელების ღიობებში კვადრატული აგურია გამოყენებული. გარედან შებათქაშებულია. 2009 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღადგინეს კამარის თავზე არსებული სათავსი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით, შესასვლელი ორია - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი გარედან გადახურულია შეისრული თაღით, ხოლო შიგნით - ხის ძელით (თარაზულად). ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც თაღოვანი, გარედან დავიწროებული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი სწორკუთხა ნიშაა. მსგავსი ნიშაა ჩრდილოთ კედლის დასავლეთ ნაწილშიც. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ნახევარწრიული თაღი წყობიდან ოდნავ შვერილ რიყის ქვის იმპოსტებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. იატაკი თიხატკეპლინია. დარბაზი გადახურულია რიყის ქვის ნახევარწრიული კამარით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 52.