არმაზული დამწერლობა
არმაზული დამწერლობა — არამეული დამწერლობის ჩრდილო-აღმოსავლურ მესოპოტამიური ტიპის თავისებური სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო ანტიკური პერიოდის იბერიაში, ძირითადად თანამედროვე საქართველოსა და აგრეთვე სომხეთის ტერიტორიაზე. სახელწოდება „არმაზული“ შემოღებულია აკადემიკოს გიორგი წერეთლის მიერ, რომელმაც გამოიკვლია მცხეთა-არმაზში აღმოჩენილი ამ დამწერლობით შესრულებული არამეულენოვანი ტექსტები, მათ შორის ცნობილი არმაზის ბილინგვა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არმაზული დამწერლობა, ისევე როგორც ყოველი ჩრდილო-მესოპოტამიური დამწერლობა, ეფუძნება აქემენიდთა ხანის არამეულს, ე. წ. ოფიციალურ და სახელმწიფო არამეულ ანბანს. არმაზულმა განვითარების საკმაოდ დიდი გზა გაიარა; იგი ერთ-ერთია იმ ლოკალურ დამწერლობებს შორის, რომლებიც სპარსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ განვითარდნენ და ელინისტურ-რომაულ ხანაში ცალკე სახეობებად ჩამოყალიბდნენ. არმაზული დამწერლობა ქართულ, იბერიულ ნიადაგზე უნდა იყოს ფორმირებული. იგი ჰათრის, ასურის, ჰასანქეფესა და ზოგიერთ სხვა წარწერათა დამწერლობებთან ერთად ქმნის ერთ ჯგუფს — ჩრდილო-მესოპოტამიურს. არსებობს გარკვეული მსგავსება არმაზულსა და არამეული დამწერლობის ე. წ. პართიულ ტიპთან, რომელიც საშუალ ირანულ ენათა (პართული, ფალაური) ჩასაწერად გამოიყენებოდა ძვ. წ. III საუკუნიდან ახ. წ. V საუკუნემდე, არშაკიდებისა და სასანიდების ხანაში.
არმაზულ დამწერლობასთან მსგავსებას ამჟღავნებს აგრეთვე ავესტური დამწერლობაც, რომელიც გავრცელებული შეხედულების თანახმად, პართული და ფალაური დამწერლობების შერევის შედეგადაა მიღებული. არმაზული დამწერლობის აღმოჩენამ მკვლევართა ნაწილს აფიქრებინა, რომ ავესტური პართულისა და ფალაურის შერევის შედეგად კი არ არის წარმოშობილი, არამედ წარმოადგენს არმაზული დამწერლობასთან ახლო მყოფი არამეული დამწერლობის განვითარებას, რომლის დიფერენციაციის შედეგად მიღებულია ირანული დამწერლობის ფარსული და ფალაური სახეობანი.
გიორგი წერეთელმა ივარაუდა, არმაზულ დამწერლობასა და ქართულ ანბანს საერთო ძირი უნდა ჰქონდეთ და არამეული დამწერლობიდან უნდა მომდინარეობდნენ. იგი ამ დასკვნამდე არმაზული დამწერლობისა და ქართული ნუსხურის ასოთა მოხაზულობების შდარების შედეგად მივიდა[1]; რადგან დღეს დადგენილია, რომ ქართული დამწერლობის უძველესი სახეობა ასომთავრულია, ხოლო ნუსხური მისი შემდგომი განვითარებაა, გიორგი წერეთელის აზრი სხვა მკვლევართა მიერ არ იქნა გაზიარებული. ქართული დამწერლობის არამეულიდან მომდინარეობის აზრი უფრო ადრე გამოთქმული ჰქონდათ ფრიდრიხ მიულერს[2], ი. ტეილორსა[3] და სერგი გორგაძეს[4].
აღსანიშნავია, რომ არმაზული დამწერლობით შესრულებული ტექსტები არამეულენოვანია, თუმცა ეს არაა სტანდარტული არამეული, მას ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებები. ეს თავისებურებები ადგილობრივ ენათა გავლენით აიხსნება.
თამაზ გამყრელიძემ არმაზული დამწერლობა დაუკავშირა ლეონტი მროველის ცნობას ფარნავაზ I-ის მიერ ქართლში „მწიგნობრობაჲ ქართულის“ შემოღების შესახებ; მისი აზრით, შესაძლოა ეს ცნობა გულისხმობდეს არა ქართული დამწერლობის შექმნას, არამედ ფარნავაზის მიერ ქართლში სამწერლობო ენად და დამწერლობად არამეულის შემოღებას, რომელმაც იბერიასა და სომხეთში თავისებური, დღეს არმაზულის სახელით ცნობილი სახე მიიღო. გამყრელიძე თვლის, რომ იბერიასა და სომხეთში არამეული (არმაზული) ანბანი ალოგლოტოგრაფიის წესით გამოიყენებოდა, რაც ადგილობრივი ენის (ქართული, სომხური) ზეპირი ტექსტის ჩაწერას ნიშნავს უცხო დამწერლობისა და ენის საშუალებით[5].
კვლევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არმაზული დამწერლობით შესრულებული არამეულოენოვანი წარწერა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში იქნა აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოში, სოფელ ბორში ნაპოვნ პინაკზე; წარწერა III საუკუნითაა დათარიღებული, თუმცა ამ წარწერის ამოკითხვა და იდენტიფიკაცია ვერ ხერხდებოდა. 1940 წელს მცხეთა-არმაზში აღმოჩნდა არამეული სტელები, რომლებიც იმავე დამწერლობით იყო შესრულებული. მათი გაშიფრვა 1941 წელს შეძლო ენათმეცნიერმა გიორგი წერეთელმა, მანვე სტელათა აღმოჩენის ადგილის მიხედვით, არამეული დამწერლობის ამ სახეს „არმაზული“ უწოდა. მოგვიანებით არმაზული წარწერები აღმოჩნდა სომხეთსა და ირანშიც. ირანული წარწერების დამწერლობას ფ. ალტჰაიმმა და რ. შტილმა „გვიანარმაზული“ უწოდეს.
წარწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არმაზული დამწერლობით შესრულებულ წარწერათაგან ყველაზე ცნობილია არმაზის ბილინგვა, რომელიც საფლავის ორენოვან ეპიტაფიას წარმოადგენს, ბერძნულ და არამეულ ენებზე. სწორედ არმაზის ბილინგვის საშუალებით გახდა ცნობილი არმაზული დამწერლობის ასოთა გაშიფრვა, მისი ტექსტი ანბანის ყველა ასოს შეიცავს. გარდა ბილინგვისა, მცხეთა-არმაზში აღმოჩენილია არმაზული დამწერლობით შესრულებული არაერთი სტელა და წარწერა.
გარდა არმაზისა, არმაზულის ნიმუშები — ჭურჭელი და სამკაული — საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება. მაგალითად, ასეთია სოფელ ბორში აღმოჩენილი პინაკი III საუკუნიდან, ვერცხლის კოვზი და სხვა. განსაკუთრებით საყურადღებოა დედოფლის მინდორზე აღმოჩენილი ძვ. წ. I საუკუნის ფირფიტები ნადირობის სცენებით, რომელთაგან ზოგიერთს ახლავს არმაზული დამწერლობით შესრულებული მცირე არამეული წაეწერები.
1961 წელს არმაზული დამწერლობის ქვაზე შესრულებული ნიმუში აღმოჩნდა სომხეთშიც, გარნისში; იგი II საუკუნით დათარიღდა. მოგვიანებით აგრეთვე სომხეთში, სისიანში ნაპოვნი იქნა ძვ. წ. I საუკუნის არმაზული წარწერაც.
არმაზულს მიაკუთვნებენ აგრეთვე ირანში, მაზანდარანში ნაპოვნი პინაკების არამეულ წარწერებსაც, რომლებიც შედარებით გვიანდელია და VIII-IX საუკუნუნეებით თარიღდება; ამიტომ მათ „გვიანარმაზულის“ სახელწოდებით მოიხსენიებენ.
მოხაზულობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია არმაზული დამწერლობის ასოთა მოხაზულობანი. ფორმები აღებულია არმაზი და ბორის წარწერებიდან და ნაჩვენებია ცალ-ცალკე. ნაჩვენებია აგრეთვე ერთი და იმავე ასოს რამდენიმე ერთმანეთისაგან მცირედ განსხვავებული მოხაზულობა. შესადარებლად, მეოთხე სვეტში მოცემულია აგრეთვე არამეული ანბანიც, რომელიც საფუძვლად დაედო არმაზულს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 576.
- კ. წერეთელი, ენციკლოპედია „ქართული ენა“, არმაზული დამწერლობა, თბილისი, 2008, გვ. 50
- კ. წერეთელი, არმაზული დამწერლობა. — „სემიტოლოგიური ძიებანი“, V, თბ., 1991
- (რუსული) Г. Церетели, Армазское письмо и происхождение грузинского алфавита, Эпиграфика Востока, т. II-III, М.,-Л., 1948-1949
- (რუსული) А. Г. Периханян, Арамейская надпись из Гарни. «Историко-Филологический журнал АН Армянской ССР», 1964, N 3(26)
- (ინგლისური) J. Naveh, The North-Mesopotamian Aramaic scripttype in the late parthian period. "Israel Oriental Studies", II, Tel-Aviv, 1972
- (გერმანული) J. Oelsner, Bemerkungen zur schriftgeschichtlichen Einordnung der Inschriften aus Armazi. „Wissenschaftliche Zeitschrift der Fr. Schiller-Universität. Jena“. Gesellschafts- und Sprachwiss. Reihe 22, 1973
- (ფრანგული) K. Tsereteli, Les inscriptions araméennes de Géorgie. „Semitica“, Paris, 1999
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Г. Церетели, Армазское письмо и происхождение грузинского алфавита, Эпиграфика Востока, т. III, Л., 1949, გვ. 59-71.
- ↑ ფრ. მიულერი, Uber den Ursprung der armenischen Schrift, გვ. 431-438
- ↑ ი. ტეილორი, The Alphabet, ტ. II, გვ. 268
- ↑ ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, I, გვ. 69-75
- ↑ თ. გამყრელიძე, წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბილისი, 1990, გვ. 198-200