შინაარსზე გადასვლა

ანთროპოგენური ლანდშაფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანთროპოგენური ლანდშაფტილანდშაფტთა ჰეტეროგენური ჯგუფი, რომელთა თვისობრიობა და ფუნქციონირება განპირობებულია ადამიანის როგორც გონიერი (მიზანდასახული), ისე არაგონიერი სამეურნეო ზემოქმედებით ბუნებრივ გარემოზე. ანთროპოგენური ლანდშაფტი თუმცა ინარჩუნებს ბუნებრივ ნიშან-თვისებებს და მეტ-ნაკლებად ემორჩილება ზოგად კანონზომიერებებს ატარებს ანთროპოგენურ ხასიათს კულტურული მცენარეულობის, სახეშეცვლილი ნიადაგის, შეცვლილი რეჟიმის მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების და სხვა სახით.[1]

ანთროპოგენური ლანდშაფტი — ტერიტორიული სისტემაა, რომელშიც ურთიერთდამოკიდებულია ბუნებრივი და ანთროპოგენურ-ტექნოგენური ელემენტები. ანთროპოგენური ლანდშაფტის თავისებურებას წარმოადგენს ბუნებრივი თვითორგანიზაციისა და ადამიანთა მხრიდან მართვის პროცესების რთული შეხამება.[2]

არჩევენ ანთროპოგენური ლანდშაფტის რამდენიმე ჯგუფს: სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულების მიხედვით — სასოფლო-სამეურნეო სატყეო-სამეურნეო, სამრეწველო (საინჟინრო-ტექნოგენური), საქალაქო (ურბანიზებული), რეკრეაციული, სანაკრძალო, გარემოსდაცვითი (მაგ., წყალდაცვითი) და სხვა. ცვლილების ხარისხის მიხედვით — სუსტად სახეშეცვლილი, სახეშეცვლილი და ძლიერ სახეშეცვლილი. ცვლილების შედეგების მიხედვით — კულტურული, აკულტურული და დეგრადირებული.[1]

ტერმინ „ანთროპოგენური ლანდშაფტის“ ჩამოყალიბება და მისი განმარტება დაკავშირებულია იმასთან, რომ მსოფლიოში დიდწილად ბუნებრივი ლანდშაფტები სახეცვლილია ადამიანის მიერ. ლანდშაფტი მხოლოდ ანტარქტიდაშია პრაქტიკულად ხელუხლებელი. ანთროპოგენურ ლანდშაფტს მიეკუთვნება დედამიწის ლანდშაფტების დაახლოებით 60 %, რომელიც სამეცნიერო შესწავლის, გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის საგანია.[2]

ტერმინი „ანთროპოგენური ლანდშაფტი“ შემოგვთავაზა რუსმა მეცნიერმა ალექსანდრე გოჟევმა 1930 წელს. ანთროპოგენური ლანდშაფტმცოდნეობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა რუსმა გეოგრაფმა თედორე მილკოვმა (1973).[3] აღსანიშნავია, რომ ყველა მეცნიერი არ აღიარებს ამ ტერმინს. მაგალითად, რუსი გეოგრაფი ანატოლი ისაჩენკო თვლიდა, რომ მასში ხდება „სამეცნიერო გაგების — «ლანდშაფტის» აღრევა ადამიანის შრომის პროდუქტებთან“ და რომ, უფრო მართებულია ლაპარაკი „თანამედროვე ლანდშაფტებზე“ (1976).[4] ზოგიერთი ავტორი (მაგალითად, ალექსანდრე რიაბიჩკოვი, ემა რომანოვა და სხვა) გვთავაზობენ საუბარს არა ანთროპოგენურ ლანდშაფტებზე, არამედ ბუნებრივი ლანდშაფტების ანთროპოგენურ მოდიფიკაციებზე.[2]

საქართველოში, ანთროპოგენური ლანდშაფტმცოდნეობის განვითარებაში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა დავით უკლებამ.[5]

  1. 1.0 1.1 ავტ. კოლექტივი (2014). ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი, გვ. 29. 
  2. 2.0 2.1 2.2 Антропогенный ландшафт | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-23. ციტირების თარიღი: 2021-03-23.
  3. Миль­ков Ф. Н. Че­ло­век и ланд­шаф­ты. Очер­ки ан­тро­по­ген­но­го ланд­шаф­то­ве­де­ния. М., 1973
  4. Иса­чен­ко А. Г. При­клад­ное ланд­шаф­то­ве­де­ние. Л., 1976
  5. Уклеба Д. Б. Антропогенные ландшафты Грузии, Тб., 1983