ადოლფ ბერჟე
ადოლფ ბერჟე | |
---|---|
რუს. Адольф Петрович Берже | |
დაბ. თარიღი | 28 ივლისი (9 აგვისტო), 1828 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
გარდ. თარიღი | 31 იანვარი (12 თებერვალი), 1886 (57 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | აღმოსავლეთმცოდნე |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | university candidate |
ჯილდოები | წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის ორდენი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი და Grand Officer of the Order of the Lion and the Sun |
ადოლფ პეტრეს ძე ბერჟე (ფრანგ. Адольф Петрович Берже; დ. 28 ივლისი (9 აგვისტო), 1828, პეტერბურგი — გ. 31 იანვარი (12 თებერვალი), 1886, თბილისი) — ფრანგი ორიენტალისტი, კავკასიოლოგი, მწერალი, არქეოგრაფი და ისტორიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამამისი 1805 წელს გადასახლებულა პეტერბურგში. ადოლფ ბერჟე ადრევე დაინტერესებულა კავკასიელი ხალხებით, უნივერსიტეტში შესვლამდე შეუსწავლია რუსული, სპარსული და თურქული ენები. 1851 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კავკასიაში გაანაწილეს სამუშაოდ. 1851 წლის დეკემბერს დანიშნეს კავკასიის მეფისნაცვლის მ. ვორონცოვის კანცელარიაში (ამ პერიოდში იმოგზაურა სპარსეთში), 1857 წელს ‒ თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის გამგედ, 1858 წელს განსაკუთრებული დავალებების მოხელედ, 1859-1864 წლებში – „კავკასიის კალენდრის“ რედაქტორად, 1864 წლიდან ‒ კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის თავჯდომარედ; 1864 წელს აირჩიეს პარიზის „აზიური საზოგადოების“ წევრად, 1865 წელს – „საფრანგეთის აღმოსავლური საზოგადოების“, ხოლო 1873 წელს – „ოდესის სიძველეთა ისტორიის საზოგადოების“ წევრად. კავკასიის ისტორიისა და ეთნოგრაფიულ საკითხებთან ერთად იგი სწავლობდა ენებსაც, შეაგროვა უდიური ენის მასალა, ადგილზე იკვლევდა ხუნძურს (1860). 1866-1885 წლებში მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა „კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების“ თორმეტტომეულის 10 ტომი.
ადოლფ ბერჟე ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა საჯარო ბიობლიოთეკაში, სისტემატურად ამდიდრებდა ფონდს სხვადასხვა გამოცემით, 1861 წელს შეადგინა „თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის მოკლე კატალოგი“, რომლის შესავალში იგი მიმოიხილავდა საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს. ადოლფ ბერჟე განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა სამეგრელოს მიმართ, სადაც არაერთხელ იყო კიდეც. წიგნში „თბილისიდან მოგზაურობა სამეგრელოში 1862 წელს“ (პარიზი, 1864) ადოლფ ბერჟე მიმოიხილავს ადგილობრივ ისტორიულ ძეგლებს, ფოლკლორს, ენის საკითხებს და სხვ. ადოლფ ბერჟეს მჭიდრო მეცნიერული კონტაქტი ჰქონდა აკადემიკოს მარი ბროსესთან, რომელსაც სისტემატურად სწერდა წერილებს და უზიარებდა თავის დაკვირვებებს, ეთათბირებოდა სვანეთისა და მის ეთნოგრაფიულ თუ ისტორიულ-ენობრივ პრობლემებზე, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხებზე („ჩაჩნები და საჩაჩნეთი“, „ადიღე ხალხის ისტორია“, 1861) და სხვა. თანამშრომლობდა აგრეთვე დ. ბაქრაძესთან, პ. იოსელიანთან და სხვა ქართველ მეცნიერებთან. იგი დიდი ძალისხმევით მუშაობდა კავკასიელი და ფრანგი ხალხების კულტურული, მეცნიერული და ლიტერატურული ურთიერთობის განვითარებისათვის. მისი ნაშრომები გამოქვეყნდა პარიზში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში. უკანასკნელად მუშაობდა მემუარებზე კავკასიისა და სპარსეთის შესახებ, რრომლის დასრულება არ დასცალდა.
შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღსანიშნავია მისი ნაშრომები:
- „საქართველოს შეერთება რუსეთთან 1799–1831“ («Русская старина», 1880, т. 27),
- „კავკასიაში მცხოვრები მთიელი ტომების მოკლე მიმოხილვა“ (1858),
- „ნინო ალექსანდრეს ასული გრიბოედოვა“, „კავკასია არქეოლოგიური თვალსაზრისით“ (ორივე 1974),
- „თუშურ-რუსული ლექსიკონი“,
- „მეგრული ენის ლექსიკონი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტიტვინიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 408-409.
- დაბადებული 9 აგვისტო
- დაბადებული 1828
- სანქტ-პეტერბურგში დაბადებულები
- გარდაცვლილი 12 თებერვალი
- გარდაცვლილი 1886
- თბილისში გარდაცვლილები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის ორდენის კავალრები (რუსეთის იმპერია)
- წმინდა ანას I ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის ორდენის კავალრები
- ფრანგი ორიენტალისტები
- ფრანგი კავკასიოლოგები
- ფრანგი მწერლები
- ფრანგი არქეოგრაფები
- ფრანგი ისტორიკოსები
- საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორები