Butyriboletus subappendiculatus

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Butyriboletus subappendiculatus

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Butyriboletus subappendiculatus (Dermek, Lazebn. & J.Veselský) D.Arora & J.L.Frank, 2014

Butyriboletus subappendiculatus — სოკოს სახეობა ბუტირიბოლეტუსის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტს.

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი. იზრდება მთიანი რაიონების წიწვოვან ტყეებში ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, ივლისიდან სექტემბრამდე. მორფოლოგიურად მეტად წააგავს მისივე გვარის სახეობას — Butyriboletus appendiculatus.

სოკო პირველად აღწერეს მიკოლოგებმა აურელ დერმეკმა, ირჟი ლაზებნიჩეკმა და იაროსლავ ვესელევსკიმ 1979 წელს როგორც Boletus subappendiculatus.[1] 2014 წელს ამერიკელმა მიკოლოგებმა დევიდ არორამ და ჯონათან ლ. ფრენკმა სოკო ბუტირიბოლეტუსის გვარში გადაიტანეს.[2]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 5-22 სმ, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრი, შეკეცილი კიდეებით. ხორცოვანი, შემდეგ ამოზნექილი, ბრტყლად ამოზნექილი. ზედაპირი თავიდან ყვითელ-ყავისფერია, მოგვიანებით მოწითალო-ყავისფერი.[3]

ჰიმენოფორი — მილებიანი. მილები თავიდან მკრთალ-ყვითელი, ლიმნისფერ-ყვითელი, მოგვიანებით ზეთისხილისფერ-ყვითელი. ფორები წვრილი, მომრგვალო.

ფეხის სიგრძე — 8-10, სიგანე — 4 სმ, თავიდან გურზისებრი, მოგვიანებით არათანაბრად ცილინდრული, ძირში გამსხვილებული, ყვითელი, ოდნავ კონუსისებურად ფესვგადგმული. ახასიათბეს ბადისებრი გამოსახულება, რომელიც სიბერეში ქვრება. ასაკთან ერთად შიშვლდება.

რბილობი — თავიდან მკვრივი, მოგვიანებით რბილი, განსაკუთრებული სუნის გარეშე, ან სუსტად გამოხატული სასიამოვნო სოკოს სუნით. მოთეთრო ან ლიმნისფერ-ყვითელი, ფეხის ძირში მოვარდისფრო. ჰაერზე ფერს არ იცვლის.

სპორების ფხვნილი — ღია ზეთისხილისფერი, სპორები 9.5–15 × 3–4.5 მკმ.[4] გლუვი, წაგრძელებულ-ელიფსისებრი, თითისტარისებრი.

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზრდება მთიანი რაიონების ფოთლოვან, იშვიათად შერეულ ტყეებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად (იშვიათად დიდ ჯგუფებად). მიკორიზას წარმოქმნის ნაძვთან.[5] უპირატესობას ანიჭებს მჟავე ნიადაგს და თბილ ადგილებს. თავს არიდებს კირიან ნიადაგს.[6]

გავრცელების არეალი მოიცავს მხოლოდ ევროპის კონტინენტს — გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვეიცარია, ესპანეთი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო და სერბეთი. გავრცელებულია საქართველოშიც.[7] არსებობს ცნობები, რომ სოკო დაფიქსირებულია თურქეთში.

სეზონი — ივლისიდან სექტემბრის შუა პერიოდამდე.[8]

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგი ხარისხის ნაკლებად ცნობილი საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი, შემწვარი, დამარინადებული და გამხმარი სახით. იშვიათი სოკოა, ამიტომაც ამ სახეობის პირადი გამოყენებისთვის შეგროვება რეკომენდირებული არ არის. სოკო შესულია ჩეხეთისა და გერმანიის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში. [9][10]

იგი ხშირად ერევათ მისივე გვარის სახეობაში Butyriboletus appendiculatus, რომელიც იზრდება ფოთლოვან ტყეებში, გააჩნია უფრო მუქი ქუდი და მოყვითალო რბილობი, რომელიც დაზიანებისას ლურჯდება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dermek A. (1979). Fungorum rariorum Icones coloratae. Vol. 9. Cramer. p. 13.
  2. Arora D, Frank JL. (2014). „Clarifying the butter Boletes: a new genus, Butyriboletus, is established to accommodate Boletus sect. Appendiculati, and six new species are described“. Mycologia. 106 (3): 464–80. doi:10.3852/13-052. PMID 24871600. S2CID 207708824.
  3. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  4. Boletus L.. boletales.com. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2023.
  5. Christoph Hahn, Stefan Raidl: Boletus subappendiculatus Dermek, Lazebn. & J. Veselský + Picea abies (L.) Karst. Descr. Ectomyc. 9/10. 2006. S. 9–14.
  6. ŠUTARA, Josef; MIKŠÍK, Michal; JANDA, Václav. Hřibovité houby. Praha: Academia, 2009. 294
  7. SH1138523.09FU (cf. Butyriboletus subappendiculatus). Global Biodiversity Information Facility. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2023.
  8. Christoph Hahn: Fundmeldungen von Boletus subappendiculatus aus Deutschland. In: Pilzkartierung 2000 Online. Deutsche Gesellschaft für Mykologie. 23. August 1998 und 4. September 2001. Abgerufen am 24. Januar 2011.
  9. Mikšik M. (2012). „Rare and protected species of boletes of the Czech Republic“. Field Mycology. 13 (1): 8–16. doi:10.1016/j.fldmyc.2011.12.003.
  10. Deutsche Gesellschaft für Mykologie: Die Positivliste der Speisepilze. 20. Juni 2019, abgerufen am 2. August 2020.