შინაარსზე გადასვლა

7 წმინდა ძმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
7 წმინდა ძმა

7 წმინდა ძმა — წმინდა მოწამენი შვიდნი ძმანი: ორენტი, ფარნაკი, ეროსი, ფირმოსე, ფირმინე, კვირიკე და ლონგინოზ მხედარი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე ახალი სტილით 7 ივლისი ძვ. სტ. (24 ივნისი).

წმინდა მოწამენი, შვიდი ძმანი რომაელი მხედრები იყვნენ და იმპერატორის ლაშქარში მსახურობდნენ. მაქსიმიანეს (284-305) მეფობაში ბერძნებს სკვითები დაესხნენ თავს. ორენტის ებრძანა, რომ გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე სკვითების ბელადს, მაროთს შებრძოლებოდა. გაბედულებითა და ძლიერებით გამორჩეული მხედარი თავის ექვს ძმასთან ერთად ქრისტეს სასოებდა, მაშინაც ღვთისგან გამოითხოვა შეწევნა და დაამარცხა სკვითების აქამდე დაუმარცხებელი ბელადი. ამ გამარჯვებამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა – სკვითები უკუიქცნენ. იმპერატორი წარმართული ღვთაებებისთვის სამადლობელი მსხვერპლის შესაწირავად გაემზადა და გამარჯვებულს – ორენტისაც უხმო. წმინდანმა უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე და ახოვნად აღიარა, რომ მას ქრისტე ღმერთი სწამდა და მხოლოდ მას ემსახურებოდა. ვერც პატივისა და სიმდიდრის აღთქმამ და ვერც მუქარამ ვერ მოდრიკა აღმსარებელი. მაშინ სასტიკმა და უმადურმა თვითმპყრობელმა ბრძანა, იგი თავის ძმებთან ერთად კავკასიაში გადაესახლებინათ. გზაში ყველა მათგანი გარდაიცვალა: პირველად, 22 ივნისს, ეროსი აღესრულა პარემვოლში; შემდეგ ორენტიმ შეჰვედრა სული უფალს. მას ყელზე ლოდი გამოაბეს და ზღვაში ჩაძირეს. მთავარანგელოზმა რაფაელმა ქალაქ რიზის ნაპირებთან გამოიყვანა იგი და იქ მიიცვალა. ფარნაკი 3 ივლისს გარდაიცვალა კორდილში; წმინდა ფირმოსი და ფირმინი - 7 ივლისს, ასპარში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე; წმინდა კვირიკე კი - ზიგანიაში, 14 ივლისს. მეშვიდე ძმას, ლონგინოზს ხომალდზე აღმოხდა სული. ქარიშხალმა გემი ქალაქ ბიჭვინთასთან მიაგდო და წმინდანის ნეშტიც იქ მიაბარეს მიწას.

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.