შინაარსზე გადასვლა

ჰოვნათანიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰოვნათანიანები (სომხ. Հովնաթանյաններ) — სომეხ მხატვართა ოჯახი. ცხოვრობდნენ XVII-XIX საუკუნეებში. ოჯახის უფროსი ჰოვნათან ნაღაში საქართველოს მეფის ვახტანგ VI-ის სასახლის კარის მხატვარი იყო.

აკოფ ჰოვნათანიანი (დ. 1692 — გ. ?) და არუთინ ჰოვნათანიანი (დ. 1706 ან 1707 — გ. ?) ნაღაშის შვილები და მოწაფეები უმთავრესად წიგნის ილუსტრაციაზე მუშობდნენ. მათ ნაღაშთან ერთად მოხატეს ეჩმიაძინის ტაძარი.

ჰოვნათან ჰოვნათანიანი (დ. დაახლოებით 1730 — გ. 1801, თბილისი), ფერმწერი, აკოფ ჰოვნათანიანის შვილი, მეფე ერეკლე II-ის სასახლის კარის მხატვარი. თავის მოწაფეებთან ერთად შეასრულა ეჩმიაძინის ტაძრის ახალი მხატვრობა. მისთვისვე შექმნა წმინდანთა გამოსახულებანი და კომპოზიციები სახარების თემებზე (ზეთი, ტილო; 1782-1786, ნაწილი სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი).

მიკირტუმ ჰოვნათანიანი (დ. 1779, თბილისი — გ. 1845, იქვე), ჰოვნათან ჰოვნათანიანის შვილი. ხატავდა სურათებს ეკლესიებისათვის. შექმნა სომეხი მეფეებისა და მხედართმთავრების გამოსახულებათა სერია („მეფე თრდატი“, 1836, სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი).

აკობ ჰოვნათანიანი (დ. 1806, თბილისი - გ. 1886, თავრიზი ან თირანი, ირანი), ფერმწერი, თბილისური პორტეტული სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მოღვაწეობდა თბილისში. სწავლობდა თავის მამასთან მიკირტუმ ჰოვნათანიანთან. 1841 წელს საქართველოს მთავარმართებლის ე. გოლოვინის პორტრეტისათვის პეტერბურგის სამხატვრო აკადემიამ უკლასო (თავისუფალი) მხატვრის წოდება მიანიჭა. მისი პორტრეტებისათვის დამახასიათებელია თავშეკავებული კოლორიტი, ფიგურათა სტატიკურობა, პოზათა სიმშვიდე, დეტალიზაცია. ნამუშევრები: ნ. თუმანიანის, ე. გურგენბეკიანის (სომხეთის სურათების გაკერეა, ერევანი), გ. კარაჯიანის (აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), მელიქიშვილების, მიზანდარის (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი) — ყველა 1840 (?) პორტრეტები.