ხოსე მუნიოსი
იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესი (ესპ. Jose Muñoz-Cortes; დ. 13 მაისი, 1948, სანტიაგო, ჩილე — გ. 30/31 ოქტომბერი, 1997, ათენი, საბერძნეთი) — ესპანური წარმოშობის ჩილელი მხატვარი და ხატმწერი. ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას მონრეალის უნივერსიტეტში. მართლმადიდებლობა მან თოთხმეტი წლის ასაკში მიიღო. იოსების მშობლები იყვნენ კათოლიკები, მაგრამ ოჯახი გაგებით შეხვდა იოსების არჩევანს.
ათონის მთაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1982 წლის შემოდგომაზე იოსები მეგობრებთან ერთად ათონის მთაზე გაემგზავრა, რათა მოენახულებინა ხატწერის მდიდარი ტრადიციებით განთქმული წმინდა დანიელის სკიტი. იოსებმა სახელოსნოში დაინახა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც მას ძლიერ იზიდავდა. მან გადაწყვიდა ამერიკაში წაებრძანებინა ხატი, მაგრამ ბერებმა მას უარი განუცხადეს. მეორე დღეს კი ბერებმა თავიანთი ნებით გადასცეს იოსებს ეს ხატი.
მოგზაურობა მსოფლიოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოსებ მუნიოსი მონრეალში (კანადა) დაბრუნდა 1982 წლის 3 ნოემბერს ხატმა დაიწყო ძლიერი კეთილსურნელება და მირონდენა. მცირე ხნის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონრეალის საკათედრო ტაძარში. მრავალი კათოლიკე და პროტესტანტი მოკრძალებით მოდიოდა ტაძარში, რათა თაყვანი ეცა საკვირველთმოქმედი ხატისათვის. ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ხატიდან მირონის ასეთი ხანგრძლივი დენა. ხოსე მუნიოსმა მრავალი ქვეყანა მოიარა სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად. მალე მთელს ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა ივერიის მონრეალის ღმრთისმშობლის ხატის ფოტოები მასზე მიმაგრებული ბამბის ნაჭრებით, რომლებიც მკურნალი კეთილსურნელოვანი მირონით იყო გაჟღენთილი. იოსებ მუნიოსი სიცოცხლის ბოლომდე ივერიის ღმრთისმშობლის ხატის უცვლელი მცველი იყო.
მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იოსებ მუნიოსი უცნობმა პირებნა წამებით მოკლეს. გამოძიებას უშედეგოდ აწარმოებს ათენის პოლიციის სამმართველო. მირონმდენი ხატი მას შემდეგ გამოცხადებულია დაკარგულად. იოსებ მუნიოსის ცხედარი 10 ნოემბერს მონრეალში გადაასვენეს. დაკრძალულია ქ. ჯორდანვილში, (აშშ), წმიდა სამების მონასტრის სასაფლაოზე. 1998 წლის იანვარში, გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა მონრეალის მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც ესვენა ივერიის მონრეალის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი.