ხაიმე დე ბურბონი
ხაიმე დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
7 ივნისი, 1870 ვევე, შვეიცარია |
გარდაცვალების თარიღი |
2 ოქტომბერი, 1931, (61 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება | ანჟუსა და მადრიდის ჰერცოგი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მშობლები |
მამა: კარლოსი, მადრიდის ჰერცოგი დედა: მარგერიტა დე ბურბონ-პარმელი |
ხაიმე დე ბურბონი (ესპ. Jaime de Borbón, ფრანგ. Jacques de Bourbon; დ. 7 ივნისი, 1870 — გ. 2 ოქტომბერი, 1931) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. მადრიდისა და ანჟუს ჰერცოგი. კარლისტთა პარტიის ესპანეთის მეფობის კანდიდატი ხაიმე III-ის სახელით. საფრანგეთისა და ნავარის ლეგიტიმური ტახტის მემკვიდრე ჟაკ I-ის სახელით.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხაიმე დაიბადა 1870 წლის 7 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ვევეში. იგი იყო მადრიდის ჰერცოგ კარლოს მარია დე ბურბონისა და მისი მეუღლის, მარგერიტა დე ბურბონ-პარმელის მეორე შვილი და პირველი ვაჟი. მან განათლება პარიზის იეზუიტურ სასწავლებელში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა უინძორის უნივერსიტეტში გააგრძელა. 1896 წელს იგი ვინერ-ნოიშტადტში ჩავიდა, სადაც რუსეთის არმიაში მცირე ხნით გაწევრიანდა, როგორც ლეიტენანტი. 1904-05 წლებში რუსეთის არმიაში მსახურობისას იბრძოდა რუსეთ-იაპონიის ომში.
1909 წლის 18 ივლისს მამამისის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ხაიმე გახდა მადრიდისა და ანჟუს ჰერცოგი, კარლისტთა პარტიის ესპანეთის მეფობის კანდიდატი და საფრანგეთ-ნავარის ლეგიტიმური ტახტის მემკვიდრე. მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, მან ესპანეთში დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და ცოტა ხნით კასტილიაში, ლეონსა და არაგონში მართლაც მმართველობდა, თუმცა იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ცნობილი იყო, როგორც მადრიდის ჰერცოგი. რაც შეეხება მის მემკვიდრეობას საფრანგეთის ტახტზე, იგი საერთოდ არ იყო დაინტერესებული ამით და მხოლოდ ანჟუს ჰერცოგობას სჯერდებოდა.
ხაიმემ საბოლოოდ დატოვა რუსული არმია და ფროშდორფის სასახლეში, ავსტრიაში დასახლდა, ამის შემდეგ კი პარიზში, ბურბონის სასახლეში, რომელიც მას მემკვიდრეობით დედისგან ერგო. ამ წლების მანძილზე, იგი რამდენჯერმე, ფარულად ესტუმრა ესპანეთს. პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-18), იგი ფროშდორფის სასახლეში ყოფნისას გერმანელებმა დააკავეს.
1923 წლის 16 აპრილს ესპანეთის ელჩისა და კარლისტური პარტიის გულმოდგინე მუშაობის შედეგად ხაიმე გაანთავისუფლეს. 1931 წლის აპრილში ესპანეთის მეფე ალფონსო XIII სამხედრო გადატრიალების შედეგად ტახტიდან ჩამოადგეს და ოჯახთან ერთად გააძევეს, რის შედეგადაც დამყარდა ესპანეთის მეორე რესპუბლიკა, რომლის სათავეშიც ფრანსისკო ფრანკო იყო. ამ დროს ხაიმემ მანიფესტი გამოაქვეყნა, იმის თაობაზე, რომ იგი პრეტენზიას აცხადებდა ესპანეთის ტახტზე. აღსანიშნავია, რომ მას პარიზში ორჯერ ეწვივნენ მეფე ალფონსო XIII და მისი ცოლი, დედოფალი ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი. ამ შეხვედრების შემდეგ ალფონსო და ხაიმე შერიგდნენ, საფრანგეთის ტახტის სანაცვლოდ ხაიმემ უარი თქვა ესპანურ მემკვიდრეობაზე, რაც საბოლოოდ გახდა კარლისტული და მონარქისტული პარტიების შერიგების მიზეზი.
ამ ამბიდან სულ ერთ კვირაში, 1931 წლის 2 ოქტომბერს, 61 წლის ხაიმე გარდაიცვალა, პარიზში. ვინაიდან მას ცოლი და შვილები არ ჰყავდა, მისი მემკვიდრეობა ბიძამის ალფონსოს დარჩა, რომელმაც კვლავ განაცხადა ესპანეთის ტახტზე პრეტენზია და კვლავ განახლდა ძველი დაპირისპირება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Arnold McNaughton: The Book of Kings. A Royal Genealogy. Garnstone Press, London 1973, ISBN 0-900391-19-7.
- Gerald Brenan: Die Geschichte Spaniens. Über die sozialen und politischen Hintergründe des Spanischen Bürgerkrieges. Karin Kramer, Berlin 1978, ISBN 3-87956-034-X.