ჭეჭკეტა
| ჭეჭკეტა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Lactarius volemus (Fr.) Kuntze (1891) | |||||||||||||||
| სინონიმები[1][2][3] | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
ჭეჭკეტა (ლათ. Lactifluus volemus; ადრე ცნობილი იყო როგორ Lactarius volemus) — სოკოს სახეობა ლაქტიფლუუსის გვარისა. ფილოგენეტიკური ანალიზით დასტურდება, რომ Lactifluus volemus წარმოადგენს არა ერთ კონკრეტულ ტაქსონს, არამედ მორფოლოგიურად მსგავსი რამდენიმე სახეობის ან ქვესახეობის კომპლექსს.
ქუდის დიამეტრია 11 სმ, მოწითალო-ყავისფერი, ნარინჯისფერი-ყავისფერი ან მოყვითალოა; ჯერ ამობურცულია, მომწიფებისას შუაში ჩაღრმავდება და ხშირად დახეთქილი ზედაპირი აქვს. ნაყოფსხეულის (განსაკუთრებით ფირფიტების) დაზიანებისას გამოიყოფა თეთრი, რძისმაგვარი სითხე (ლატექსი), რომელიც ჰაერზე წენგოსფერი და წებოვანი ხდება, გაშრობისას მის ადგილას ჩნდება მურა ლაქა.[4] იზრდება ფოთლოვან წიწვოვან ტყეებში ზაფხულში (აგვისტო) და შემოდგომით (ოქტომბერი). მას ახასიათებს სპეციფიკური თევზისმაგვარი სუნი, რომელიც გავლენას არ ახდენს მის გემოზე. საჭმელად იხმარება ახალი — შემწვარი, ზოგჯერ უმიც. დასავლეთში იგი დელიკატესად მიიჩნევა.
ნაყოფსხეულების ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი შეიცავენ ერგოსტეროლთან დაკავშირებულ რამდენიმე სტეროლს, რომელთაგან ზოგიერთი უნიკალურია ამ სახეობისთვის. სოკო აგრეთვე შეიცავს ბუნებრივ კაუჩუკს, რომლის ქიმიური სტრუქტურაც შესწავლილია.[5]
ჭეჭკეტა ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში — ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყლებში, ისევე როგორც აზიის ზოგიერთ სუბტროპიკულ და ტროპიკულ რეგიონში. როგორც მიკორიზული სოკო, მისი ნაყოფსხეულები ზაფხულიდან შემოდგომამდე ნიადაგზე, სხვადასხვა სახეობის ხის ძირში იზრდება, როგორც ერთეულებად, ისე ჯგუფებად
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეცნიერო ლიტერატურაში Lactifluus volemus პირველად ნახსენებია კარლ ლინეს 1753 წლის ნაშრომში „Species Plantarum“, სადაც იგი აღწერილი იყო როგორ Agaricus lactifluus.[6] 1821 წელს შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა თავის ნაშრომში „Systema Mycologicum“ მას Agaricus volemus უწოდა.[7] ამავე ნაშრომში მან წამოაყენა იდეა ქამასოკო გვარის შიგნით მონათესავე სახეობების დაჯგუფების შესახებ, რომელსაც Galorrheus დაარქვა. მოგვიანებით, 1838 წელს გამოცემულ ნაშრომში „Epicrisis Systematis Mycologici“, ფრისმა ლაქტარიუსი (რძიანა სოკოები) დამოუკიდებელ გვარად აღიარა, ხოლო Galorrheus მიუთითა როგორც მისი სინონიმი.[1][8] მიუხედავად იმისა, რომ ლინემ ეს სახეობა ფრისზე ადრე გამოაქვეყნა, ფრისის მიერ მინიჭებული სახელი სანქცირებულია და, შესაბამისად, მას ნომენკლატურული პრიორიტეტი გააჩნია. 1871 წელს პაულ კუმერმა ფრისის მიერ გამოყოფილი ტრიბების უმეტესობას გვარის სტატუსი მიანიჭა, რის გამოც სახეობას სახელი შეუცვალა და Galorrheus volemus უწოდა.[9] ვარიაცია L. volemus var. subrugosus იდენტიფიცირებული იქნა ჩარლზ ჰორტონ პეკის მიერ 1879 წელს,[10] თუმცა ამჟამად იგი კლასიფიცირებულია როგორც ცალკეული სახეობა — L. corrugis.[11] 1891 წელს ოტო კუნცემ სახეობა ლაქტიფლუუსის გვარში გადაიტანა,[12] რომელიც ამის შემდეგ დიდხანს მიიჩნეოდა ლაქტარიუსის სინონიმად; თუმცა, 2008 წელს მოლეკულურ-ფილოგენეტიკური კვლევებითა და ხრაშუნასოკოსებრთა ოჯახში შემდგომი ტაქსონომიური რეორგანიზაციით დადასტურდა, რომ იგი ცალკეულ გვარს წარმოადგენს.[13][14][15]
სოკოს კიდევ ერთი ისტორიული სინონიმია Lactarius lactifluus, რომელიც გამოიყენა ლუსიენ კელემ 1886 წელს.[16] Lactarius wangii, რომელიც 2005 წელს მიკოლოგებმა ჩინეთიდან ახალ სახეობად აღწერეს,[17] ორი წლის შემდეგ ჭეჭკეტას სინონიმად იქნა მიჩნეული.[3]
„სპეციფიკური ეპითეტი „volemus“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „vola“,[18] რაც მუჭს ან ხელისგულის ჩაღრმავებას ნიშნავს; ეს მიანიშნებს ფრისის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც სოკოდან იმდენად უხვი რძისებრი წვენი მოედინება, რომ მთელი მუჭის ავსება შეუძლია.[19]
საქართველოში ამ სოკოს აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც მჭადა,[20] ჭადუა[21] ან ჭადილო.[22][23]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდი — 5-11 სმ-მდე აღწევს, ხორციანი და ხავერდოვანი ან გლუვი ზედაპირით, რომლის ფორმაც მომწიფებასთან ერთად იცვლება: თავდაპირველად იგი ამომზნექილია, შიგნით შეკეცილი კიდეებით, მოგვიანებით კი ბრტყელდება და ცენტრში უჩნდება ჩაღრმავება. ხოლო მისი ფერი გარდამავალია გარგარისფრიდან მოყვითალო-ყავისფერში.[24] თუმცა, ქუდის ფერი გარკვეულწილად ვარირებს, რაც შეინიშნება როგორც აზიურ,[3] ისე ევროპულ[25] და ჩრდილოამერიკულ ნიმუშებში.[2]
ფეხის სიგრძე — 4–12 სმ, სისქე — 1–1.5 სმ, ქუდთან შედარებით ოდნავ უფრო ღია შეფერილობისაა. მკვრივია, ხავერდოვანი ან გლუვი ზედაპირით, რომელსაც ხანდახან სიგრძივი ზოლები გასდევს. სოკოს უხვი, მოთეთრო რძისმაგვარი წვენი (ლატექსი) ჰაერზე შესაძლოა ყავისფერდებოდეს და სოკოს ქსოვილებს ყავისფრად ღებავდეს.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფეხზე შეზრდილი ან ოდნავ დაღმავალი, მყიფე, ვიწრო, საკმაოდ მჭიდროდ განლაგებული და ხანდახან დატოტვილი. როგორც წესი, მკრთალი ოქროსფერ-ყვითელი შეფერილობის, თუმცა დაზიანებისას ყავისფერდება. ძირითად ფირფიტებს შორის განლაგებულია მოკლე ფირფიტები, რომლებიც ფეხამდე ვერ აღწევს.
რბილობი — მოთეთრო და მკვრივი. სოკოს ოდნავ თევზისმაგვარი სუნი აქვს.[24] ნაყოფსხეულის გაშრობისას ეს სუნი კიდევ უფრო ძლიერდება. ამ სოკოს ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი სწორედ უხვი რძისმაგვარი წვენია — იგი იმდენად ბევრია, რომ ფირფიტებზე მცირე ნაკაწრიც კი იწვევს ამ რძისებრი სითხის ინტენსიურ დენას.[26] ეს ლატექსი ყავისფერ ლაქებს ტოვებს ყველაფერზე, რასაც კი შეეხება.[27]
სპორების ანაბეჭდი — მოთეთრო. სპორები თითქმის სფერული ფორმისაა, გამჭვირვალე (ჰიალინური), ზომით 7.5–10.0 × 7.5–9.0 მკმ.[28] სპორის ზედაპირი ბადისებრია. სპორების წარმომქმნელი უჯრედები — ბაზიდიუმები, გურზისებრი ფორმისაა, ჰიალინურია, ოთხსპორიანი, ზომით 40–62 × 7.2–10.4 მკმ.[29] ბაზიდიუმებს შორის განლაგებულია სტერილური უჯრედები, რომლებსაც ცისტიდები ეწოდება. პლეუროცისტიდები თითქმის თითისტარისებრი ან გურზისებრი ფორმისაა, ზომით 48–145 × 5–13 მკმ. ქეილოცისტიდები შეიძლება იყოს თითისტარისებრი, გურზისებრი ან სადგისისებრი, ზომით 27–60 × 5–7 მკმ.[2] გარდა ამისა, ცისტიდები აგრეთვე გვხვდება როგორც ქუდის, ისე ფეხის ზედაპირზეც.[24] თუ სოკოს რბილობზე დავაწვეთებთ რკინის (II) სულფატის ხსნარს (რომელიც სოკოების იდენტიფიკაციისთვის ქიმიურ ტესტად გამოიყენება), იგი რბილობს მყისიერად მუქ ლურჯ-მწვანე ფერად შეღებავს.[28]
ვარიაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვარიაცია Lactifluus volemus var. flavus აღწერილ იქნა ალექსანდერ ჰენჩეტ სმითისა და ლექსემიუელ რეი ჰესლერის მიერ 1879 წელს.[2] ეს იშვიათი ვარიაცია აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება (სამხრეთ კაროლინადან ფლორიდამდე და დასავლეთით ტეხასამდე), რომლის ქუდიც ზრდისა და განვითარების ყველა ეტაპზე მუდმივად ყვითელ შეფერილობას ინარჩუნებს. იგი კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა.[30] ზოგიერთი ავტორი ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში გავრცელებულ, იშვიათ სახეობა L. volemus var. oedematopus-ს განიხილავს როგორც დამოუკიდებელ ვარიაციას, რომელიც ძირითადი სახეობისგან უფრო მუქი, მოწითალო-ყავისფერი ქუდითა და გაბერილი ფეხით განსხვავდება.[31] L. volemus var. asiaticus-ს სახელი მიენიჭა 2004 წელს ვიეტნამში ნაპოვნი ნიმუშების საფუძველზე; იგი ასოცირებულია Pinus khasya-სთან და ახასიათებს მცირე ზომის, მკრთალი ყავისფერი, ხავერდოვანი ნაყოფსხეულები.[32]
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭეჭკეტა მეტად გავს მისივე გვარის სახეობას Lactifluus corrugis, რომელსაც როგორც წესი, ზედაპირზე მეტი ნაოჭი აღენიშნება, გააჩნია უფრო მუქი ფირფიტები, სუსტი ან საერთოდ არარსებული სუნი და ნაკლებად ნარინჯისფერი შეფერილობა, თუმცა მათ შორის გარდამავალი შეფერილობის ფორმებიც გვხვდება.[11] უფრო ზუსტად ამ ორი სახეობის ერთმანეთისგან გარჩევა მიკროსკოპული ნიშნებით არის შესაძლებელი: L. corrugis-ს აქვს უფრო დიდი სპორები, ზომით 10.4–12.8 × 9.6–11.8 მკმ, ზედაპირზე უფრო უხეში ბადე ახასიათებს და უფრო დიდი ზომის პლეუროცისტიდები.[29] აგრეთვე, ჭეჭკეტას ახლო მონათესავე სახეობაა Lactifluus austrovolemus, რომელიც ხასიათდება უფრო მჭიდროდ განლაგებული ფირფიტებით; ხოლო Lactifluus lamprocystidiatus-ის საფუძვლიანად გარჩევა ჭეჭკეტასაგან მხოლოდ მიკროსკოპული ნიშნებით არის შესაძლებელი.[3] L. austrovolemus-ის მსგავსად, L. lamprocystidiatus მხოლოდ პაპუა-ახალ გვინეაშია გავრცელებული.[33][34] ჭეჭკეტას აგრეთვე წააგავს Lactifluus hygrophoroides, რომელიც განსხვავდება მეჩხერი ფირფიტებით, ასევე სპორებით, რომლებსაც ზედაპირული ბადე არ გააჩნიათ.[35]
გარკვეული მსგავსება შეინიშნება ლაქტარიუსის (რძიანა სოკოები) გვარის ზოგიერთ სახეობასთანაც: ტროპიკულ აფრიკაში გავრცელებული Lactarius chromospermus ვიზუალურად წააგავს ჭეჭკეტას, მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია დარიჩინისფერ-ყავისფერი სპორების ანაბეჭდით, რაც უნიკალური მოვლენაა ხრაშუნასოკოსებრთა ოჯახში.[36] Lactarius subvelutinus ასევე მსგავსი სახეობაა, თუმცა მას არ ახასიათებს თევზის სუნი, აქვს მკრთალი ყვითელ-ნარინჯისფერი ან ოქროსფერ-ნარინჯისფერი ქუდი, ვიწრო ფირფიტები და თეთრი რძისმაგვარი წვენი, რომელიც ფერს არ იცვლის.[28]
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა რძიანა სოკოების მსგავსად,[28] ჭეჭკეტა სხვადასხვა სახეობის ხეებთან აყალიბებს ექტომიკორიზას. ამ დროს სოკოს ჰიფები იზრდება მცენარის ფესვის გარშემო და მის ქერქოვან უჯრედებს შორის, თუმცა მათში უშუალოდ არ აღწევს. ჰიფები გარეთ, ნიადაგში ვრცელდება, რითაც მცენარეს ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების ათვისებაში ეხმარება. იგი გვხვდება როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი ხეების ძირში, თუმცა უფრო მეტად ფართოფოთლოვან ტყეებშია გავრცელებული. ზოგჯერ მისი ნახვა ტორფის ხავსის საფარშიც არის შესაძლებელი. საკმაოდ გავრცელებული სოკოა, რომელიც ზაფხულიდან შემოდგომამდე ჩნდება.[2] იზრდება როგორც ერთეულებად, ისე ჯგუფებად, განსაკუთრებით უხვად თბილ და ნესტიან ამინდში.[19] სოკოს ნაყოფსხეულებში შეიძლება ბინადრობდნენ სხვადასხვა სახეობის მწერები.
ჭეჭკეტა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თბილ ზომიერ, აგრეთვე ზოგიერთ სუბტროპიკულ და ტროპიკულ რეგიონში. სოკო ხშირია მთელ ევროპაში,[37] თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მისი პოპულაცია მცირდება, ხოლო ნიდერლანდებსა (და ფლანდრიაში) იმდენად იშვიათი გახდა, რომ გადაშენებულად მიიჩნევა.[38] საქართველოში გავრცელებული ყველგან.[39] იგი ცნობილია აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან (ცინლინის მთები,[40] კუიჭოუ[3] და იუნანის პროვინციები)[41], იაპონიიდან, ინდოეთიდან,[42] კორეიდან,[43] ნეპალიდან[44] და ვიეტნამიდან.[32] სოკო აგრეთვე ნაპოვნია ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანსა[45] და თურქეთში.[46] ჩრდილოეთ ამერიკაში იგი გვხვდება კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,[47] აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსა[26] და მექსიკაში, აგრეთვე ცენტრალურ ამერიკაში (გვატემალა).[29]
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად თევზისმაგვარი სუნისა, რომელიც სოკოს მოკრეფის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრდება,[48] ჭეჭკეტა კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. მომზადების შემდეგ სუნი მთლიანად ქრება.[49] მისი რძისმაგვარი წვენი ხასიათდება რბილი, ნაზი გემოთი.[24] კულინარიული თვალსაზრისით, სოკოს რბილობი რომ ძალიან არ გამაგრდეს, უმჯობესია მისი ნელ ცეცხლზე, ხანგრძლივად მომზადება.[48] ხოლო გამომშრალი სოკო უფრო ხანგრძლივ მომზადებას საჭიროებს, რათა მარცვლოვანი სტრუქტურა დარბილდეს.[49] სოკოს გამოყენება აგრეთე რეკომენდირებულია გამომცხვარ კერძებსა და სქელ სოუსებში.[50] კულინარიაში მისი ტაფაზე შეწვა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან სოკო დიდი რაოდენობით ლატექსს გამოყოფს.[48] დადგენილია, რომ ეს სახეობა ცილებისა და ნახშირწყლების კარგ წყაროს წარმოადგენს.[46]
ჭეჭკეტა არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე რძიანა სოკოებიდან, რომლებიც ჩინეთში, იუნანის პროვინციის სოფლის ბაზრებში იყიდება,[41] ხოლო ნეპალში იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველური საჭმელი სოკოა, რომელიც ადგილობრივები მოიპოვებენ როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ისე გასაყიდად.[44] ჩრდილოეთ ამერიკის რძიანა სოკოების შესახებ 2009 წელს გამოცემულ წიგნში ალან ბესეტი და მისი კოლეგები ამ სოკოს აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში „ყველაზე ცნობილ და პოპულარულ საჭმელ რძიანა სოკოდ“ მოიხსენიებენ.[28]
თურქეთში, ცენტრალური ანატოლიის რეგიონში, ორ ხანდაზმულ ადამიანს ჭეჭკეტას მიღების შემდეგ განუვითარდა ტრანზიტორული პანკრეატიტი. ორივე მათგანს ეს სოკო, რომელსაც ადგილობრივად „ტირმიტის“ სახელით იცნობდნენ, მანამდეც მრავალჯერ ჰქონდა მიღებული. ორივე პაციენტი ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე განიკურნა.[51]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჭეჭკეტა“ ვიკისაწყობში.- ჭეჭკეტა MycoBank-ზე (ინგლისური)
- ჭეჭკეტა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- ჭეჭკეტა — საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Species synonymy: Lactarius volemus. Species Fungorum. CAB International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-10. ციტირების თარიღი: 2010-03-27
- 1 2 3 4 5 (1979) North American Species of Lactarius. Ann Arbor, Michigan: The University of Michigan Press, გვ. 162–66. ISBN 978-0-472-08440-1.
- 1 2 3 4 5 Wang X-H. (2007). „Type studies of Lactarius species published from China“. Mycologia. 99 (2): 253–68. doi:10.3852/mycologia.99.2.253. PMID 17682778.
- ↑ ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 392.
- ↑ Litvinov VM. (2002). Spectroscopy of Rubber and Rubbery Materials. Shawbury, Shrewsbury, Shropshire, UK: iSmithers Rapra Technology, გვ. 431. ISBN 978-1-85957-280-1.
- ↑ Linnaeus C. (1753). Species Plantarum (la). Stockholm, Sweden: Impensis Laurentii Salvii, გვ. 1172.
- ↑ Fries EM. (1821). Systema Mycologicum (la). Lund, Sweden: Ex Officina Berlingiana, გვ. 69.
- ↑ Fries EM. (1838). Epicrisis Systematis Mycologici, seu Synopsis Hymenomycetum (la). Uppsala, Sweden: Typographia Academica, გვ. 344.
- ↑ Kummer P. (1871). Der Führer in die Pilzkunde, 1 (de), გვ. 127.
- ↑ Peck CH. (1885). „New York species of Lactarius. Report of the State Botanist (for 1884)“. Annual Report of the New York State Museum. 38: 111–33.
- 1 2 Roody WC. (2003). Mushrooms of West Virginia and the Central Appalachians. Lexington, Kentucky: University Press of Kentucky, გვ. 86. ISBN 978-0-8131-9039-6.
- ↑ Kuntze O. (1891). Revisio Generum Plantarum (la). Leipzig, Germany: A. Felix, გვ. 856–57.
- ↑ Buyck B, Hofstetter V, Eberhardt U, Verbeken A, Kauff F (2008). „Walking the thin line between Russula and Lactarius: the dilemma of Russula sect. Ochricompactae“ (PDF). Fungal Diversity. 28: 15–40.
- ↑ Buyck B, Hofstetter V, Verbeken A, Walleyn R (2010). „Proposal to conserve Lactarius nom. cons. (Basidiomycota) with conserved type“. Taxon. 59: 447–453. doi:10.1002/tax.591031.
- ↑ Verbeken A, Nuytinck J (2013). „Not every milkcap is a Lactarius“ (PDF). Scripta Botanica Belgica. 51: 162–168.
- ↑ Quélet L. (1886). Enchiridion Fungorum in Europa media et praesertim in Gallia Vigentium (la). Paris, France: O. Doin, გვ. 131.
- ↑ Wen HA, Ying JZ (2005). „Studies on the genus Lactarius from China II. Two new taxa from Guizhou“. Mycosystema. 24 (2): 155–58.
- ↑ Frieze HS. (1882). A Vergilian dictionary embracing all the words found in the Eclogues, Georgics, and Aeneid of Vergil: with numerous references to the text verifying and illustrating the definitions. New York, New York: D. Appleton and company, გვ. 227.
- 1 2 (1992) Texas Mushrooms. Austin, Texas: University of Texas Press, გვ. 118. ISBN 978-0-292-75125-5.
- ↑ ალექსანდრე მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი, მე-3, თბილისი: საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი, 1991.
- ↑ ღლონტი, ალ., ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა, თბილისი: „განათლება“, 1974.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 217, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 336, ISBN 978-9941-8-4547-5.
- 1 2 3 4 Phillips R. (1981). Mushrooms and other Fungi of Britain and Europe. London, England: Pan Books, გვ. 88. ISBN 978-0-330-26441-9.
- ↑ Hellman-Clausen J. (1998). The genus Lactarius. Espergaerde, Denmark: Svampetryk, for the Danish Mycological Society. ISBN 978-87-983581-4-5.
- 1 2 Arora D. (1986). Mushrooms Demystified. Berkeley, California: Ten Speed Press, გვ. 78. ISBN 978-0-89815-169-5.
- ↑ Kuo M. Lactarius volemus. MushroomExpert.com. ციტირების თარიღი: 2010-11-16
- 1 2 3 4 5 (2009) Milk Mushrooms of North America: A Field Identification Guide to the Genus Lactarius. Syracuse, New York: Syracuse University Press. ISBN 978-0-8156-3229-0.
- 1 2 3 Montoya L, Bandala VM, Guzmán G (1996). „New and interesting species of Lactarius from Mexico including scanning electron microscope observations“. Mycotaxon. 57: 411–24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2010-03-23.
- ↑ Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 107. ISBN 978-1-55407-651-2.
- ↑ Lalli G, Pacioni G (1994). „Lactarius sect. Lactifluus and related species“. Mycotaxon. 44 (1): 155–95. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2010-11-24.
- 1 2 Dörfeld H, Kiet TT, Berg A (2004). „Neue Makromyceten-Kollektionen von Vietnam und deren systematische und ökogeographische Bedeutung“ [New collections of macromycetes from Vietnam and their systematic and ecogeographical significance]. Feddes Repertorium (გერმანული). 115 (1–2): 164–77. doi:10.1002/fedr.200311034.
- ↑ Hongo T. (1973). „On some interesting larger fungi from New Guinea Mycological reports from New Guinea and the Solomon Islands 15“ (PDF). Reports of the Tottori Mycological Institute (Japan). 10: 357–64. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-07-22.
- ↑ Verbeken A. (2000). „Studies in tropical African Lactarius species 8. A synopsis of the subgen. Plinthogali“. Persoonia. 17 (3): 377–406.
- ↑ Pegler DN, Fiard JP (1979). „Taxonomy and ecology of Lactarius (Agaricales) in the lesser Antilles“. Kew Bulletin. 33 (4): 601–28. Bibcode:1979KewBu..33..601P. doi:10.2307/4109804. JSTOR 4109804.
- ↑ Pegler DN. (1982). „Agaricoid and boletoid fungi (Basidiomycota) from Malaŵi and Zambia“. Kew Bulletin. 37 (2): 255–71. Bibcode:1982KewBu..37..255P. doi:10.2307/4109968. JSTOR 4109968.
- ↑ Shimono Y, Hiroi M, Iwase K, Takamatsu S (2007). „Molecular phylogeny of Lactarius volemus and its allies inferred from the nucleotide sequences of nuclear large subunit rDNA“. Mycoscience. 48 (3): 152–57. doi:10.1007/s10267-006-0346-0. S2CID 85066524.
- ↑ The fishy milkcaps (Lactarius volemus sensu lato), cryptic species with a long and pandemic history. Department of Biology, Ghent University (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-09. ციტირების თარიღი: 2010-11-18
- ↑ Lactarius volemus (Fr.) Fr.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2026.
- ↑ Shen Q, Chen W, Yan Z, Xie X (2009). „Potential pharmaceutical resources of the Qinling Mountain in central China: medicinal fungi“. Frontiers of Biology in China. 4 (1): 89–93. doi:10.1007/s11515-008-0089-8. S2CID 20702525.
- 1 2 Wang X-H. (2000). „A taxonomic study on some commercial species in the genus Lactarius (Agaricales) from Yunnan Province, China“. Acta Botanica Yunnanica (ჩინური). 22 (4): 419–27. ISSN 0253-2700.
- ↑ Saini SS, Atri NS (1993). „Studies on genus Lactarius from India“. Indian Phytopathology. 46 (4): 360–64. ISSN 0367-973X.
- ↑ Jeune-Chung KH, Kim MK, Chung SR (1987). „Studies on lectins from mushrooms II. Screening of bioactive substance lectins from Korean wild mushrooms“. Yakhak Hoeji (კორეული). 31 (4): 213–18. ISSN 0513-4234.
- 1 2 Christensen M, Bhattarai S, Devkota S, Larsen HO (2008). „Collection and use of wild edible fungi in Nepal“. Economic Botany. 62 (1): 12–23. Bibcode:2008EcBot..62...12C. doi:10.1007/s12231-007-9000-9. S2CID 6985365.
- ↑ Saber M. (1989). „The species of Lactarius in Iran“. Iranian Journal of Plant Pathology (არაბული). 25 (1–4): 13–16. ISSN 0006-2774.
- 1 2 Nutritional values are based on chemical analysis of Turkish specimens, conducted by Çolak and colleagues at the Department of Chemistry, Karadeniz Technical University. Source: Colak A, Faiz Ö, Sesli E (2009). „Nutritional composition of some wild edible mushrooms“ (PDF). Türk Biyokimya Dergisi [Turkish Journal of Biochemistry]. 34 (1): 25–31. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-07-17. ციტირების თარიღი: 2010-11-17.
- ↑ Smith AH. (1977). „Variation in two common Lactarii“. Kew Bulletin. 31 (3): 449–53. doi:10.2307/4119385. JSTOR 4119385.
- 1 2 3 (1980) The Mushroom Hunter's Field Guide. University of Michigan Press, გვ. 257. ISBN 978-0-472-85610-7.
- 1 2 Kuo M. (2007). 100 Edible Mushrooms. Ann Arbor, Michigan: The University of Michigan Press, გვ. 181. ISBN 978-0-472-03126-9.
- ↑ (1992) Edible Wild Mushrooms of North America: a Field-to-Kitchen Guide. Austin, Texas: University of Texas Press, გვ. 68. ISBN 978-0-292-72080-0.
- ↑ Karahan S, Erden A, Cetinkaya A, Avci D, Irfan A, Karagoz H, Bulut K, Basak M (2016). „Acute Pancreatitis Caused By Mushroom Poisoning“. J Investig Med High Impact Case Rep. 4 (1): 232470961562747. doi:10.1177/2324709615627474. PMC 4724762. PMID 26835473.