შინაარსზე გადასვლა

ჭანგ იმოუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭანგ იმოუ

ჩანი ბუსანის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1951 (1951-11-14) (73 წლის)
შენსი, ჩინეთი
საქმიანობა კინორეჟისორი, პროდიუსერი, კინემატოგრაფი და მსახიობი

ჭანგ იმოუ (ჩინ.: 简化字; დ. 14 ნოემბერი, 1951) — ჩინელი კინორეჟისორი, პროდიუსერი, მწერალი, მსახიობი და ყოფილი კინემატოგრაფი. იგი ჩინური კინოს მეხუთე თაობის წარმომადგენელია. მისი სარეჟისორო დებიუტი 1987 წელს ფილმით „წითელი სორგო“ შედგა.[1]

ჭანგი არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელია. მისი სამი ფილმი წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციაში, ესენია: „ძიუ ტოუ“ (1990), „აანთე წითელი ფარანი“ (1991) და „გმირი“ (2003). რეჟისორის ჯილდოებს შორისაა ვენეციის კინოფესტივალის ვერცხლისა და ოქროს ლომები, კანის კინოფესტივალის ჟიურის გრან პრი და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს ლომი.[2]

1993 წელს ჭანგი ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის წევრი იყო.[3] 2008 წელს იგი პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებს ხელმძღვანელობდა, რამაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ჭანგის შემოქმედებაში ერთ-ერთი განმეორებათი თემაა ჩინელი ხალხის გამძლეობა გაჭირვების მიმართ, რომელსაც იგი სიღრმისეულად წარმოაჩენს შემდეგ ფილმებში: „ცხოვრებისთვის“ (1994) და „სხვა არავინ“ (1999). ჭანგის ფილმების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ფერთა მდიდარი პალიტრაა, რაც განსაკუთრებით შემდეგ ფილმებში წარმოჩინდება: „აანთე წითელი ფარანი“, „გმირი“ და „მფრინავი ხანჯლების სახლი“. რეჟისორის ყველაზე მაღალბიუჯეტური ფილმია 2016 წელს გამოსული „დიდი კედელი“, რომელშიც მთავარ როლს მეთ დეიმონი თამაშობს.

ჭანგ იმოუ შაანსის პროვინციის დედაქალაქ სიანში დაიბადა. მისი მამა, ჭანგ პინგძიუნი, პროფესიით დერმატოლოგი გახლდათ. ჩინეთის სამოქალაქო ომის პერიოდში იგი ეროვნულ-რევოლუციური არმიის ოფიცერი იყო. ჭანგის დედა, ჭანგ სიაოიოუ, სიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო.

კულტურული რევოლუციის პერიოდში, 1960-იან და 1970-იანი წლებში, ჭანგმა სკოლაში სწავლა შეწყვიტა და მუშაობა დაიწყო. თავდაპირველად, სამი წლის მანძილზე, დაქირავებული მუშახელი იყო ფერმაში, ხოლო მომდევნო შვიდი წელი ბამბის საფეიქრო ქარხანაში მუშაობდა. ამ პერიოდში იგი მხატვრობითა და ფოტოგრაფიით დაინტერესდა. პირველი კამერა მან სისხლის ჩაბარებისას აღებული თანხით შეიძინა.[4] 1978 წელს ჭანგი პეკინის კინოაკადემიაში ფოტოგრაფიის პროგრამაზე ჩაირიცხა. რეჟისორი ბოსტონისა და იელის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორის ხარისხებს ფლობს.[5][6]

სარეჟისორო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭანგის სარეჟისორო დებიუტი 1987 წელს ფილმით „წითელი სორგო“ შედგა. ფილმმა კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა, რამაც ჭანგის სახელი მსოფლიოს ცნობილ რეჟისორთა გვერდით დააყენა. ბერლინის 38-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა საუკეთესო სურათის ნომინაციაში გამარჯვებისთვის ოქროს დათვი მიიღო.[7]

1989 წელს გამოვიდა პოლიტიკური თრილერი „პუმას მოქმედება“, რომელმაც ქვეყანაში ძირითადად უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა. მოგვიანებით რეჟისორმა ფილმს თავის შემოქმედებაში ყველაზე უარესი უწოდა.[8]

იმავე წელს ჭანგმა მუშაობა დაიწყო ფილმზე სახელწოდებით „ძიუ ტოუ“, რომელშიც მთავარ როლებს კუნგ ლი და ლი პაოთიენი თამაშობენ. რეჟისორის სადებიუტო ფილმის მსგავსად, „ძიუ ტოუმაც“ ფართო აღიარება მოიპოვა. „ძიუ ტოუ“ გახდა პირველი ჩინური ფილმი, რომელიც ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში წარადგინეს.[9]

1989 წელს ჭანგი მოსკოვის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის წევრი იყო.[10]

1991 წელს გამოვიდა ჭანგის მომდევნო ფილმი „აანთე წითელი ფარანი“, რომელიც დაფუძნებულია სუ თუნგის რომანზე „ცოლები და მეუღლეები“. ფილმი 1920-იანი წლების კრიზისის პერიოდში შეძლებული ოჯახის ცხოვრებას ასახავს. ისევე, როგორც რეჟისორის წინა ფილმი, „აანთე წითელი ლამპარი“ 1992 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

1992 წელს გამოვიდა „ქიუ ჯუს ამბავი“. ფილმი სამართლის მაძიებელ გლეხ ქალზე მოგვითხრობს, რომლის მეუღლესაც სოფლის ჩინოვნიკი ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა. „ციოუ ძიუს ამბავმა“ 1992 წლის ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მოიპოვა.[11]

1994 წელს ჭანგმა ეპიკური ფილმი სახელწოდებით „ცხოვრებისთვის“ გადაიღო, რომელიც იუ ხუას ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული. ფილმში მოქმედება XX საუკუნეში ჩინეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ვითარდება. 1994 წლის კანის კინოფესტივალზე ფილმმა გრან პრი მოიპოვა. ჩინეთში ფილმი რადიოს, კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო ადმინისტრაციამ კომუნისტური მთავრობის კრიტიკული პორტრეტის გამო აკრძალა.[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Jonathan Crow. Zhang Yimou - Biography. Allmovie. ციტირების თარიღი: 12 January 2009.
  2. Zhang Yimou Bio. tribute.ca. ციტირების თარიღი: 1 September 2010.
  3. Berlinale: 1993 Juries. berlinale.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 29 May 2011.
  4. China's Zhang Yimou Mentors Palestine's Annemarie Jacir 2010-2011. "Rolex Mentor and Protégé Journal". ციტირების თარიღი: 29 July 2017.
  5. „Architect of Beijing’s Olympic Ceremonies to Receive Honorary Degree | BU Today | Boston University“. BU Today. ციტირების თარიღი: 25 October 2017.
  6. „Citations for Recipients of Honorary Degrees at Yale University 2010“. YaleNews (ინგლისური). 24 May 2010. ციტირების თარიღი: 25 October 2017.
  7. Berlinale - Archive - Annual Archives - 1988 - Prize Winners. Berlin International Film Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 21 August 2008.
  8. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2007. ციტირების თარიღი: 11 September 2006.
  9. Neo, David (September 2003). „Red Sorghum: A Search for Roots“. Senses of Cinema. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 August 2008. ციტირების თარიღი: 28 August 2008.
  10. 16th Moscow International Film Festival (1989). MIFF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 March 2013. ციტირების თარიღი: 24 February 2013.
  11. Kleid, Beth (14 September 1992). "MOVIES." Los Angeles Times, p. 2.
  12. Zhang Yimou. Frances K. Gateward, Yimou Zhang, University Press of Mississippi, 2001, pp. 63-4.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭანგ_იმოუ“-დან