წინადადება
წინადადება — სიტყვა, ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს.
ქართული ენის მორფოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, წინადადება განისაზღვრება როგორც შესიტყვება, რომელსაც უმთავრესად ქმნის უღლებადი სიტყვა ზმნა და მასთან დაკავშირებული სახელები.
- წინადადებას, წინადადების წევრებს და მათ ურთიერთკავშირს შეისწავლის სინტაქსი. სინტაქსი გრამატიკის ნაწილია, რომელიც შეისწავლის სიტყვათა შეკავშირების წესებს და არკვევს სიტყვა–ფორმის ფუნქციას წინადადებაში.
წინადადების წევრი - სრულმნიშვნელოვანი სიტყვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინადადებაში შემავალ სრულმნიშვნელოვან სიტყვას წინადადების წევრი ჰქვია.
წინადადების წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრადიციული გრამატიკების (სინტაქსის) თანახმად, ქართულ ენაში წინადადების წევრებია:
- ქვემდებარე,
- შემასმენელი,
- პირდაპირი დამატება,
- ირიბი დამატება,
- უბრალო დამატება,
- განსაზღვრება,
- გარემოება.
წინადადების მთავარი წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართულში წინადადების მთავარი წევრებია:
- ქვემდებარე,
- შემასმენელი.
- პირდაპირი და ირიბი დამატებები.
წინადადების არამთავარი წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორეხარისხოვანი წევრებია;
- უბრალო დამატება,
- განსაზღვრება,
- გარემოება.
სინატაქსური რელაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი და მეორეხარისხოვანი წევრები ერთმანეთთან სინტაქსურ წყვილებს (სინტაგმებს) ქმნიან. სინტაქსური ურთიერთობის ძირითადი სახეებია: შეთანხმება, მართვა და მირთვა.
შეთანხმება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეთანხმება ჰქვია სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, როდესაც დაქვემდებარებული სიტყვა იმ ფორმას იღებს, რომელიც აქვს მთავარ (დომინანტ) სიტყვას (ახალი წიგნი, ახალმა წიგნმა...).
მართვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მართვა ეწოდება სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც მთავარი სიტყვა დაქვემდებარებულისაგან იმ ფორმას მოითხოვს , რომელიც მას არ აქვს (საერთოდ ან მოცემულ შემთხვევაში).
მირთვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მირთვა ეწოდება შეკავშირების ისეთ სახეს, როდესაც ძირითადი სიტყვა დამოკიდებულს მხოლოდ აზრობრივად, შინაარსობრივად იკავშირებს. ამგვარი შეკავშირება მაშინაა შესაძლებელი, თუ დაქვემდებარებული სიტყვა ფორმაუცვლელია.
წინადადების ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოდალობის მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოდალობის, ანუ შინაარსის მიხედვით წინადადება შეიძლება იყოს თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი, ძახილისა და კითხვა-ძახილის.
თხრობითი წინადადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თხრობითია წინადადება რომელიც მოგვითხრობს რაიმე ამბავზე.
კითხვითი წინადადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კითხვითია წინადადება რომელიც კითხვას შეიცავს.
ბრძანებითი წინადადება
ბრძანებითია წინადადება რომელიც მოითხოვს მთქმელის ნება–სურვილის შესრულებას.
ძახილის წინადადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძახილისაა წინადადება რომელიც ადამიანის გრძნობას გამოხატავს.
კითხვა-ძახილის წინადადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კითხვა-ძახილისაა წინადადება, რომელის ადამიანის გრძნობას და კითხვას გამოხატავს.
აგებულების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აგებულების მიხედვით წინადადება ქართულში სამი სახისაა: მარტივი, შერწყმული და რთული.
- მარტივია წინადადება, რომელშიც მხოლოდ თითო მთავარი წევრია წარმოდგენილი. შემადგენელ მთავარ წევრთა მიხედვით ქართულში მარტივი წინადადება შეიძლება იყოს ერთ, ორ, სამ და ოთხშემადგენლიანი.
- შერწყმულია წინადადება, რომელშიც რამდენიმე ერთგვარი წევრი მოიპოვება (მაგ.: რამდენიმე ქვემდებარე, რამდენიმე შემასმენელი, რამდენიმე დამატება და ა.შ.) და ისინი ერთსა და იმავე წევრს მიემართებიან.
- რთულია წინადადება, რომელიც წარმოქმნილია ორი, ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადების შეერთებით. რთული წინადადება ორგვარია: თანწყობილი და ქვეწყობილი.
- თანწყობილი წინადადება შედგება სინტაქსურად თანასწორი წინადადებებისგან.
- ქვეწყობილი წინადადება შედგება სინტაქსურად არათანასწორი წინადადებებისგან, რომელთაგან ერთი მთავარია, მეორე – დამოკიდებული.
რთული ქვეწყობილი წინადადების კომპონენტთა შეერთება შეიძლება საკავშირებელი სიტყვების მეშვეობითაც და უკავშიროდაც. კავშირიანი შეერთების დროს გამოიყენება:
- (1.) მაქვემდებარებელი კავშირები,
- (2.) მიმართებითი ნაცვალსახელები,
- (3.) მიმართებითი ზმნიზედები.
ფუნქციის მიხედვით დამოკიდებულ წინადადებათა კლასიფიკაცია ხდება იმის გათვალისწინებით, თუ რა როლს ასრულებს ის მთავართან მიმართებით, ფუნქციურად მიემართება ის მთლიანად მთავარს (მთავრის მიმართ დამოკიდებული: პირობითი, შედეგობითი...) თუ მთავრის რომელიმე წევრს (ქვემდებარული, პირდაპირდამატებითი, ირიბდამატებითი, განსაზღვრებითი, ადგილის გარემოებითი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კვაჭაძე, ლეო: თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. გამოც. მე-2. თბილისი, 1977.
- Bußmann, Hadumod: Lexikon der Sprachwissenschaft. Herausgegeben von Hadumod Bußmann. Dritte, aktualisierte und erweiterte Auflage. Stuttgart: Kröner 2002.
|