შინაარსზე გადასვლა

ძილეს-ძუარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძილეს-ძუარი („ძლევის ჯვარი“) — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ისტორიულ დვალეთში, მდებარეობს კოშკოვანი სოფლის „ქალაქის“ აღმოსავლეთ დაბოლოებაზე.

ეკლესია დანგრეულია, ნაშენი ყოფილა ფიქლით, რიყის ქვითა და ტუფით. შემორჩენილია მისი აღმოსავლეთი კედლის ნაწილი, რომელშიც ერთმანეთის გვერდით მოწყობილია ორი ოთხკუთხა ნიში. ამ ნიშში იყო ტუფისაგან გამოქანდაკებული ცხოველის (ცხვარი?) თავის ორი გამოსახულება. აღსანიშნავია, რომ კედლის ძირში შეიმჩნევა უფრო ადრინდელი ნაგებობის, კირის ხსნარით შედუღაბებული წყობა, აფსიდისებრი მომრგვალებით. შესაძლებელია, რომ ტუფის ქვები, რომლებიც იქვე ყრია, იმ თავდაპირველი ნაგებობისაა (ნაეკლესიარი?), ცხოველის თავის ქანდაკოვანი გამოსახულებები კი მისი სახურავის დამაგვირგვინებელი იყოს (შდრ. სოფელ გავეთის ეკლესია, სოფელ ღულის ეკლესია და სხვა). ასეთ ვარაუდს ადგილობრივთა გადმოცემაც ადასტურებს — მამაპაპათაგან გაუგიათ, რომ ეს სალოცავი ასიოდე წლის წინ აუგიათ და რომ მისი მშენებლობისას, ნანგრევებში, ოქროს დიდი ჯვარი და საეკლესიო ნივთები უპოვნიათ. მათი აზრით იქ ადრე ეკლესია უნდა არსებულიყო[1].

ძილეს-ძუარის წარწერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია რომ ძილეს-ძუარიდან მომდინარეობს ხუთი ქვა ქართული წარწერით. ისინი შესწავლილია თ. ბარნაველისა და ვ. გამრეკელის მიერ და დათარიღებულია XVI-XVII საუკუნეებით[2]. იმ წარწერებიდან ორი სამლოცველოს აღმოსავლეთ კედელში, ნიშებს ქვემოთ ჩაშენებულ ფიქლებზეა ამოკვეთილი.

ძილეს-ძუარის წარწერების პალეოგრაფიულ თავისებურებებიდან გამომდინარე ასოების: „ძ“-ანის, „ჲ“-სა და „ჯ“-ანის მოხაზულობანი, ორი უკანასკნელი ასო — ზურგზე დაწოლილი ასო „ჲ“ და მოკლე და მარჯვნივ აზიდულფეხიანი „ჯ“-იანი მსგავსებას პოულობს ვანის ოთხთავის (XIII საუკუნის დამდეგი), იენაშის ოთხთავის (XIII საუკუნე), შიომღვიმის ოთხთავის (1304 წ.) დამწერლობაში. ამაზე დაყრდნობით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძილეს-ძუარის აღნიშნული წარწერები შესაძლებელია XIII-XIV საუკუნეებით დათარიღდეს.

აღნიშნული ქვა (0,90Х0,15 მ.) თავდაყირა იყო ჩაშენებული. შერეული ასომთავრულითა და ნუსხურით ორ სტრიქონად ამოკვეთილია დაქარგმებული ტექსტი:

დბჲძვსჯვსდბჲწმდა გიგჲშეძჯოგჲსეჲაშე

ქარაგმების გახსნით წარწერა შეიძლება ასე წავიკითხოთ: „დიდებაჲ, ძლევის ჯვრის დიდებაჲ. წმინდა გიორგჲ, შემიწყალე. ძლევის ჯვარო, გიორგჲ, სეჲა შეიწყალე“.

მეორე წარწერა მდებარეობს პირველის მარჯვნივ, ქვაზე (0,58Х0,19 მ). შერეული ასომთავრულითა და ნუსხურით ოთხ სტრიქონად ამოკვეთილია დაქარგმებული ტექსტი:

...ძ (ან რ). სა

... დბჲძ...ჯ

ამჲსჲმ..ერა... შრჲ გ (ან ე)

შე

ქარაგმების გახსნით და ნაკლოვანი ადგილების სავარაუდო შევსებით წარწერა შეიძლება ასე წავიკითხოთ: „ძლევაი (?), ...დიდებაჲ ძლევის (?) ... ჯვრის (ან ჯვარო), ამისი მწერალი, შრჲ (?) გიორგჲ (?) შეიწყალე“.

1963 წელს ეპიგრაფიკოსმა თ. ბარნაველმა წარწერა შემდეგნაირად წაიკითხა[3]:

... ძლევის ჯვრისა

ბჯ დაბის ძლევის ჯვრისა (გ) წმინდაო გიორგი.

ამისი მწერალი ბაშარული (ან სხვა გვარი) გიორგი

შეიწყალე.

ამავე სალოცავის უკანა კედელში ჩატანებულია ქვის გრძელი მონაპობი, რომლის ვიწრო გვერდზე შემორჩენილია ექვსი ასო: ჯ?გნდზ. ასოები შესრულებულია ამოკოდვით, საკმაოდ წესიერად და მკვეთრად.

ქვა (1,54Х0,40 მ.) ეგდო ნაეკლესიარის წინ მიწაზე. ქარაგმების გახსნისას შესაძლებელი გახდა ტექსტის წაკითხვა:

ქრისტე შეიწყალე იოანე გ(?) დიდებაი ძლევის ჯვრის წმინდაო ძვ... ვრა მიქელისძე დიდებაი წმინდა იოანე შეიწყალე იოვანე.

1962 წელს ნაეკლესიარის მახლობლად ქვების გროვაში აღმოჩნდა კიდევ ერთი ქვა (0,48Х0,20 მ.) ასომთავრული წარწერით, რომელზედაც ეწერა:

ბეშ?აშრმვნტსთ:ქთნტშ

  • გივი ღამბაშიძე, „ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში“, „საბჭოთა ხელოვნება“, №3, თბ., 1976
  1. გ. ღამბაშიძე, „ხევის არქეოლოგიური დაზვერვები, საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიება, 1973 წ.“ თბ., 1974, გვ. 71-74
  2. ვ. გამრეკელი, „ისტორიული მასალები დვალეთიდან“, აკ. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. XXIV-B, 1963, გვ. 96
  3. ვ. გამრეკელლი, „ისტორიული მასალები დვალეთიდან“, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, XXIV, თბ., 1963