იენაშის ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იენაშის ოთხთავი
იენაშის ოთხთავი

იენაშის ოთხთავი, იანეშის ოთხთავიXIII საუკუნეში გადაწერილი და მოხატული ეპიფანე ქართლის კათალიკოსის დაკვეთით. გადამწერი: იონა. მომხატველები იონა და თევდორე.

ოთხთავის სახელწოდება მომდინარეობს იენაშის ეკლესიის სახელწოდებიდან სადაც იქ მუზეუმში გადმოტანამდე ინახებოდა. ამჟამად ხელნაწერი დაცულია სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ხელნაწერის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იენაშის ოთხთავი შეიცავს 252 ფ., ზომით 27X21 სმ., დაწერილია ეტრატზე ნუსხურით, ორ სვეტად. ხელნაწერი აკინძულია ტყავგადაკრულ ხის ტვიფრულ ყდაში, რომელიც თავის მხრივ ჩასმულია ორნამენტებითა და გამოსახულებებით შემკულ ვერცხლის ჭედურ ბუდეში. ხელნაწერი მდიდრულადაა მოხატული კამარებით, მახარებელთა მინიატურებით, თავსარტებითა და საზედაო ასოებით. იენაშის ოთხთავის შესახებ ცნობებს გვაწვდის დიმიტრი ბაქრაძე[1], პრასკოვია უვაროვა[2], ალექსანდრე ხახანაშვილი[3], ექვთიმე თაყაიშვილი[4][5]. მათ ძირითადად აინტერესებდათ ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები. ხელნაწერის მხატვრობას კი გაკვრით ეხებიან. მოხატული საზედაო ასოებისა და მონოგრამების ფერადი ასლები დაბეჭდილია „ქართულ ხელნაწერებში“[6]

ვერცხლის ჭედური ყდის წინა პირზე წარმოდგენილია ჯვარცმის კომპოზიცია, ხოლო ზურგის მხარეს —ხელნაწერის მომგებელი ეპიფანე ქართლის კათალიკოსი. ფონი დაფარულია სტილიზებული სახის მცენარეული ორნამენტით. ე. თაყაიშვილის ცნობების მიხედვით ჯვარცმის კომპოზიციას აკლდა ქრისტესა და მარიამის ფიგურები, ყდის კუთხეებში მახარებელტა წელზევიტა გამოსახულებანი (მათეს გარდა) და მათ შორის წარმოდგენილი ანგელოზის ფიგურები მედალიონებში. ზურგის მხარეს შემორჩენილია ეპიფანე კათალიკოსის ტანისამოსის ნაწილები და ასომთავრულით შესრულებული წარწერა, სადაც ეპიფანე კათალიკოსი მოხსენიებულია როგორც დამკვეთი.

ე. თაყაიშვილის აღწერით ეპიფანე კათალიკოსი ვედრების პოზაში ყოფილა გამოხატული: ფეხზე მდგომი, კათალიკოსის სამოსში და მიმართული კვარცხლბეკზე შედგმული სვეტისადმი. ასომთავრულით შესრულებული თერთმეტსტრიქონიანი წარწერა იკითხება შემდეგნაირად:

ვიკიციტატა
„ქ : ამისა : ნტარისა : ეპიფანე : ქ : კზისგ~ნ : მ~გბული : ამი[ს]გ~ნვე : შეიმკო : კ~თლიკე : ეკლესისთს : სხბაჲ : ესე : მოიჴსენე : ქ~ე :“
(ამის ნეტარისა ეპიფანეს ქართლის კათალიკოზისაგან მოგებული ამისგანვე შეიმკო კათოლიკე ეკლესიისათვის სახარებაჲ ესე მოიხსენე ქრისტე)

მინაწერიდან ჩანს რომ სახარება ეპიფანე კათალიკოსს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრისთვის შეუწირავს.

ეპიფანე ქართლის კათალიკოსი მოხსენიებულია 1218 წლით დათარიღებულ ანისის ქართული ტაძრის წარწერებში, რომელიც წარმოადგენს იურიდიული დოკუმენტის ტიპს. ხელნაწერიც თავისი გაფორმების ტექნიკით ძალიან მიესადაგება აღნიშნული ეპოქის ქართულ ხელოვნებას რაც იძლევა იმის მტკიცებულებას რომ იენაშის ოთხთავი ანისის 1218 წლის წარწერის თანადროულია.

ეპიფანე კათალიკოსის გარდა გადამწერის ერთ-ერთ ანდერძში მოხსენიებულია გადამწერი და მხატვარი — იონა. ასევე იქვე გვხვდება მეორე ოსტატის — თეოდორეს სახელიც:

ვიკიციტატა
„დაესრულა თავი მარკოზისი ხელითა ფ~დ ცოდვილისა იონაჲსით მოძღვრისა ჩ~მისა ეპიფანესათვის.“
ვიკიციტატა
„ქ(რისტე)ე შ(ეიწყალ)ე იონა.“
ვიკიციტატა
„ქ(რისტე)ე შ(ეიწყალ)ე თ(ევდორ)ე.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ე. მაჭავარიანი, „იონა გადამწერი — იენაშის ოთხთავის ორნამენტული მხატვრობის შემსრულებელი““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 36 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1974 წელი. — გვ. 10-16
  • შენგელია კ. საქართველოს ისტორია.-თბ.,2010.-ჩ.,ფ.
  • კირთაძე ნ. ნატელი ქრისტესი.-თბ.,2003.-გვ.332.
  • სვანეთის მუზეუმი.-თბ.,2014.-გვ.190-99.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Д. Бакрадзе, «Сванетия», ЗОРГО, кн. 6, 1861 г., стр. 84-86
  2. Пр. Уварова, МАК, вып., Х, М., 1904 г., стр. 153-154
  3. А. Хаханашвили, Сванетския рукописныя евангелия, МАК, вып., Х, М., 1904 г., стр. 19-20
  4. E. Takaishvili, Fynbquities of Georgia, Georgica 4-5, 1937, 96-100
  5. ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობა ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937., გვ. 345-349
  6. ე. მაჭავარიანი, „ხელოვნება“, თბ., 1970, ტაბ. 37, 38