ცინდაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ცინდაო
青岛市
Qingdao new montage.png
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
კოორდინატები 36°04′00″ ჩ. გ. 120°23′00″ ა. გ. / 36.06667° ჩ. გ. 120.38333° ა. გ. / 36.06667; 120.38333
ფართობი 11,067 კმ²
მოსახლეობა 9,046,200 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 532
საფოსტო ინდექსი 266000 — 266700
ოფიციალური საიტი ბმული
ცინდაო (ჩინეთი)
Red pog.svg

ცინდაო (ჩინ. 青岛市) — სუპროვინციული მნიშვნელობის ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში. 2014 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 9,046,200 ადამიანი. ფართობი 11,067 კმ².

მდებარეობს შანდუნის ნახევარკუნძულზე, პეკინიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 555 კილომეტრში. დიდი საზღვაო ნავსადგური ყვითელი ზღვის ძიაოჯოუვანის უბეში. სატრანსპორტო კვანძი. წარმოადგენს ზღვისპირა კურორტს.

1984 წელს ქალაქი „ღია პორტად“ გამოცხადდა. არის ოკეანოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც 1924 წელს დაარსდა. საზღვაო მუზეუმი. აღმოსავლეთით ესაზღვრება ყვითელი ზღვა, ჩრდილოეთით საქალაქო ოლქი იანტაი, ხოლო დასავლეთით საქალაქო ოლქი ვეიფანი. ცინდაოს ცენტრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს მთა ლაოშანი, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 1 132,7 მეტრი.

დამახასიათებელია ნოტიო მუსონური კლიმატი. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს +12,4 °C-ს. ზაფხულში დახშული ჰაერია, ხშირია წვიმა, აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 25,3 °C, ზამთარში ნიშანდობლივია ძლიერი ქარები, იანვრის საშუალო ტემპერატურაა −0,9 °C. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 720 მმ.

XIX საუკუნის 90-იან წლებამდე ცინდაო პატარა დასახლება იყო. 1897 წელს გერმანიამ მიიტაცა ძიაოჯოუვანის უბე და ცინდაო პირველხარისხოვან სამხედრო-საზღვაო სიმაგრედ გადააქცია. პირველი მსოფლიო ომის დროს ალყის (1914 წლის სექტემბრიდან) შემდეგ, 1914 წლის 7 ნოემბერს ცინდაო დაიკავეს იაპონია-ინგლისის ჯარებმა. ვაშინგტონის კონფერენციის 1921-22 წლების გადაწყვეტილებით ჩინდაო ჩინეთს დაუბრუნდა.

1937-45 წლებში იაპონელ დამპყრობლების წინააღმდეგ ჩინეთის ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის დროს ცინდაო იაპონიამ მიიტაცა. 1945 წლის ოქტომბრიდან აშშ იყენებდა სამხედრო-საზღვაო ბაზად. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის მიერ ცინდაოს განთავისუფლების შემდეგ აშშ იძულებული შეიქმნა 1949 წელს დაეტოვებინა ცინდაო. ქალაქში საუბრობენ ჩინური ენის ცინდაოს დიალექტზე. 1994 წლის თებერვალში ცინდაო შეიყვანეს ჩინეთის 15 ყველაზე მთავარი ქალაქის სიაში.

ცინდაო ჩინეთის უმსხვილესი ეკონომიკური ცენტრია. ქალაქის რეგიონული ეკონომიკა ეყრდნობა სახელმწიფო მასშტაბურ საწარმოებს. კერძო საწარმოები არც თუ ისე ძლიერაა განვითარებული. ქალაქშია განთავსებული მსხვილი კომპანიების — Haier და Tsingtao Brewery-ს სათავო ოფისები. ამჟამად ცინდაო წარმოადგენს მსხვილ საწარმოო ცენტრს. ქალაქის მიღმა განლაგებულია დიდი ინსდუსტრიული ზონა, რომელიც შეიცავს ქიმიური მრეწველობის საწარმოებსა და მძიმე მანქანათმშენებლობას.

არის მინერალური რესურსების 30-ზე მეტი სახეობა. ფართოდ არის ცნობილი ცინდაოს ლუდი. არის თეატრები, ზოოლოგიური პარკი, ბოტანიკური ბაღი. ქალაქს კარგად აქვს განვითარებული სატრანსპორტო სისტემა.

2011 წლის დასაწყისში გაიხსნა ცინდაოს უბის ხიდი, რომლის სიგრძეა 26,7 კილომეტრი. ხიდი ჩინეთის საპორტო ქალაქ ცინდაოს კონტინენტურ ნაწილს ხუანდაოს კუნძულოვან რაიონთან აკავშირებს. ხიდი ოთხ წელიწადში იქნა აშენებული.

2015 წლის 16 დეკემბერს გაიხსნა ცინდაოს მეტროპოლიტენი, რომელსაც 10 სადგური გააჩნია. ცინდაოს ცენტრიდან დაახლოებით 31 კილომეტრში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი ცინდაო ლიუტინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]