ცეცხლის ტაძარი
ცეცხლის ტაძარი, დიდი კვადრატი[1] — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდასთან.
ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიის გარეთ, „ნაზვრევი გორის“ ქვეშ, გაშლილი ველის ცენტრში, რომელსაც მოსახლეობა „საკირეებს“ უწოდებს, ექსპედიციამ შეისწავლა ცეცხლის ტაძარი. ძეგლი საძირკვლის დონეზე იყო შემორჩენილი. ნაგებობაში გამოიყო ორი სამშენებლო ფენა. ზედა წარმოდგენილია ციხე-სასახლის სახით. ქვედა კი რთული გეგმარების ცეცხლის ტაძარია. ორივე ფენის ნაგებობების სამშენებლო მასალაა რიყის დიდრონი ქვები და ფლეთილი ლოდები კირხსნარზე. აგური გამოყენებულია მხოლოდ ზედა ფენის ნაგებობაში. ქვედა ფენის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ მას დააშენეს ციხე-სასახლე[2]
ქვედა ფენის ნაგებობის არქიტექტურული სივრცე ვითარდება ანსამბლის ცენტრში არსებული ოთხკუთხა ნაგებობის ირგვლივ. მის ოთხივე კედელს ებჯინება აფსიდიანი ნაგებობები. ოთხკუთხა შენობა თითქმის კვადრატულია (9,5X8 მ). მის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილი იყო ბაქანი (2,8X1,6 მ). იატაკი მოგებულია აგურით. მთლიანად ანსამბლი კვადრატული გეგმისაა (50X50 მ.).
განათხარი მასალა ცოტაა, ძირითადად თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მათგან გამოიყოფა წითელპრიალა ნატეხები, აგრეთვე მოთეთროდ გამომწვარი ყელწიბოიანი და ყურიანი დოქების ფრაგმენტები. არქეოლოგიური მასალა თარიღდება ახ. წ. პირველი საუკუნეებით, ვიდრე IV-V საუკუნეებამდე. ზედა ფენის შენობა, ციხე-სასახლე აგებული უნდა იყოს IV საუკუნის დასაწყისში. ის მტრის ხელითაა დანგრეული V საუკუნის ბოლოს. დანგრევა შეიძლება სპარსელთა შემოსევას უკავშირდებოდეს. რაც შეეხება ქვედა ფენის, ცეცხლის ტაძარს, ის უნდა აეგოთ ახ. წ. II საუკუნეში, ხოლო IV საუკუნის დასაწყისში ის ქრისტიანების მიერ ჩანს დანგრეული[2].
მაზდეანური ტაძრის გათხრებისას გამოვლენილ მცირერიცხოვან არქეოლოგიურ მასალას შორის აღსანიშნავია თიხის ქილის ქვედა ნაწილი ფსკერზე სამფეხა სადგრის ნაშთით. ჭურჭელი გამოყენებული უნდა ყოფილიყო რომელიღაც რიტუალის შესასრულებლად. იმავე დანიშნულებისა ჩანს რკინის ორკაპი და ნალისებური მოყვანილობის ნივთი მოკაუჭებული ბოლოებით[3].
არქიტექტურული კომპლექსის გათხრა 1997 წელს დაასრულა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით. მანვე მიუძღვნა მას პუბლიკაციები და ძეგლი „ცეცხლის ტაძრად“ განსაზღვრა[1].
ცეცხლის ტაძარს 2017 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[4].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 გურამ ყიფიანი, ნეკრესის „დიდი კვადრატი“
- ↑ 2.0 2.1 ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013, გვ., 379-381
- ↑ ჭილაშვილი ლ., ნეკრესის წარმართული სამლოცველოები, თბ., 2000, გვ., 73-75
- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება № 426, 2017 წლის 13 სექტემბერი, ქ. თბილისი, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისათვის – „ცეცხლის ტაძრისა“ და „ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსისათვის“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-21. ციტირების თარიღი: 2019-07-21.