შინაარსზე გადასვლა

ჩალაუბნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩალაუბნის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის ჩრდილოეთით, 2-3 კილომეტრზე ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, წყობა ირეგულარულია. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარს შიგნიდან ხის ბრტყელი გადახურვა ჰქონია. გარეთა გადახურვა კი კედლის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად ჩამონგრეულია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო, ზემოთკენ შევიწროვებული ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი. გარედან სარკმელს სამკუთხა ფორმა აქვს. სარკმლის ქვემოთ შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები, კედელზე მიდგმული ტრაპეზის ნაშთი, აფსიდი გადახურულია დაუდევრად ნაწყობი კონქით აფსიდის თაღი ნახევარწრიულია. იგი რიყის წვრილი ქვებითაა ნაწყობი და თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედელში პატარა სწორკუთხა ნიშაა. საკურთხევლის სარკმლის გარდა შიდა სივრცეს კიდევ ერთი, დასავლეთ სარკმელიც აშუქებს, რომელიც საკურთხევლი სარკმლის მსგავსად შიგნით ბრტყლადაა გადახურული, გარედან კი სამკუთხა ფორმა აქვს. ფასადებზე მაღალი ვრუ თაღებია მოწყობილი. სამხრეთ და დასავლეთ ფასადზე თითო თაღია, აღმოსავლეთ ფასადზე კი ორი, რომლებიც სარკმლის გვერდებზე არის განთავსებული. ფასადები დასრულებული ყოფილა რიყის ქვით ნაწყობი ლავგარდნით.