შინაარსზე გადასვლა

ჩაბანოს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაბანოს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბანოს ჩრდილოეთით, ტყიანი მთის ძირში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,8x4 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვის რეგულარული წყობით, კონქი რიყის ქვისაა. ეკლესიის კამარა სამხრეთის კედლის დასავლეთით. ნაწილი და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი, სატრიუმფო თაღთან ერთად ჩამონგრეულია. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთით ნაწილში ყოფილა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო და მაღალი სარკმელი, რომელსაც გადახურვა ჩამოშლილი აქვს. სარკმლის ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთით ორი ასეთივე ნიში ვერტიკალურადაა განლაგებული.

ეკლესიას სამხრეთიდან ნატეხი ქვით ნაგები მინაშენი (3,35x3,2 მეტრი) ეკვრის, რომელიც თითქმის მთლიანად დანგრეულია. მინაშენის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია კამარის ქუსლის მცირე ნაწილი და ერთი პატარა სწორკუთხა ნიში. მინაშენში შეისრული კამარით გადახურული მიწისქვეშა სათავსია, რომლის კამარის დასავლეთ ნაწილი ჩაგრეულია.