შელფური მყინვარი

შელფური მყინვარი — მყინვარი, რომელიც ზღვაში ეშვება, ტივტივებს ან ნაწილობრივ ეყრდნობა ფსკერს. შელფური მყინვარი მყინვარული საფრის გაგრძელებაა. ზღვის კიდესთან აქვს შევიწროვებული ფილაქნის ფორმა და ფლატოვანი კიდე. გავრცელებულია ანტარქტიკაში. კვების არე, ჩვეულებრივ, მყინვარის მთელ ზედაპირს მოიცავს. კიდეებზე მოწყვეტილი ყინულის ბლოკები წარმოქმნის აისბერგებს.
შელფური მყინვარის სისქე ზურგის ნაწილში, იქ, სადაც გადის დაყრდნობის ხაზი, მერყეობს 200-იდან 1300 მ-მდე, ხოლო ზღვის კიდესთან, რომელსაც მყინვარული ბარიერი ეწოდება, უდრის 50-400 მ-ს. კვების არე მოიცავს თითქმის მთელ ზედა ზედაპირს და ქვედა ზედაპირის სანაპირო ნაწილს. მოძრაობის სიჩქარე იზრდება 300-800 მ-იდან 1800 მ-მდე წელიწადში.
შელფური მყინვარების მასა მთლიან ან მის ძირითად ნაწილში წონასწორდება წყლის ჰიდროსტატიკური წნევით; მათი ფსკერის ზედაპირზე ხახუნის ძალა უმნიშვნელოა. ზოგიერთ წყალმარჩხ რაიონში შელფური მყინვარი ეხება ზღვის ფსკერს, რასაც ხშირად თან სდევს მყინვარული გუმბათის წარმოქმნა.
შელფური მყინვარები ამჟამად დიდწილად მხოლოდ ანტარქტიკაში გვხვდება, სადაც მათი საერთო ფართობი 1460 ათ. კმ² აღწევს. აღსანიშნავია როსისა და ფილხნერ-რონეს შელფური მყინვარები. გამყინვარების მაქსიმუმის დროს შელფური მყინვარები გაცილებით ფართოდ იყო გავრცელებული ანტარქტიკაში. დეგრადაციის სტადიის მიხედვით გამოიყოფა ოთხი გენეტიკური ტიპი: ნორმალური, სემირელიქტური, რელიქტური და დარჩენილი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შელფური მყინვარი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- შელფური მყინვარი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Гляциологический словарь / Под ред. члена-корр. АН СССР В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984.