შაშიანის მთავარანგელოზთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაშიანის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის განაპირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. წყობა ირეგულარულია. 2010 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ეკლესია აღადგინა. ეკლესიის ახლოს აიგო სამრეკლო. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ადრე კარი გარედან თაღოვანი ყოფილა, შიგნით კი,თარაზულად ყოფილა გადახურული (აღდგენის დროს შესასვლელი ოდნავ დაუვიწროებიათ და ბრტყლად გადაუხურავთ). კარის ზემოთ სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის დარბაზი მოკლეა, აღმოსავლეთით დასრულებულია ოდნავ გაბრტყელებუილი ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია ტრაპეზი. აფსიდის გვერდებში თითო მცირე ზომის ნიშაა. კამარა სხმულია, მას განივ ჭრილში კოლოფა თაღის ფორმა აქვს. მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]