შაქრიანის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაქრიანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანის სამხრეთ განაპირას, ძველ სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია.

ეკლესიის შიდა აღნაგობას ატყვია გვიანდელი აღდგენა-გადაკეთების კვალი. როგორც ჩანს, შენობას საფუძველი ჩაეყარა გვიანდელ შუა საუკუნეებამდე გაცილებით უფრო ადრე.

ერთადერთი შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დანარჩენი სივრცისგან ორსაფეხურიდანი მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მის ქვემოთ, კედელზე, მიშენებულია კუბური ფორმის ტრაპეზი. ერთი ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ კედელშია, ხოლო მეორე, თაღოვანი — დასავლეთი კედლის ზედა ნაწილში. გრძივი კედლები და კამარა განიერი, ორსაფეხურიანი პილასტრების წყვილით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. თითო ორსაფეხურიანი პილასტრი დასავლეთ კუთხეებშიცაა. მათზე კედლის მიმდებარე, ორსაფეხურიანი თაღი იყო გადაყვანილი. ორივე პილასტრის წინა საფეხური, იატაკიდან დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე შეწყვეტილია და ეკლესიის აღდგენის დროს აღარ განუახლებიათ, რის გამოც დასავლეთი კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი ორის ნაცვლად, ერთსაფეხურიანია. ასევეა სახეშეცვლილი კონქის თაღიც.

ჩრდილოეთ კედელში მოწყობილია ორი სხვადასხვა ზომის, სწორკუთხა ნიშა. მათგან ერთი, უფრო მომცრო, აფსიდის მხართანაა, მეორე — დასავლეთ ნაწილში. ფასადები სადაა, მორთულობის გარეშე. კედლები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით.

ეკლესიის დასავლეთი ფრონტონის წვერზე დადგმულია აგურით ნაგები, ოთხ კვადრატულ სვეტზე დაყრდნობილი, ნახევარწრიული თაღებით გახსნილი სამრეკლო, რასაც თუნუქით დაბურული, პირამიდული სახურავი ხურავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]