ყვარლის ციხისჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის ციხისჯვარი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, ბურსის ხეობაში, ძნელად მისადგომ ადგილას. თარიღდება XIV საუკუნე-XV საუკუნე საუკუნეებით. ციხე სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული (სიგრძე 90 მეტრი, სიგანე 30 მეტრი) და გეგმით ტეხილი მოხაზულობა აქვს. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლები (სიმაღლე 6-7 მეტრი) და მათში ჩართული ნახევარწრიული კოშკების ნაწილები. გალავნის დანარჩენი კედლები თითქმის მიწის პირამდეა დანგრეული. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია: ეკლესია ორსათავსიანი ნაგებობის ნაშთები და წყლის რეზერვუარები. შედარებით უკეთესადაა შემორჩენილი ციხის ეკლესია. იგი დარბაზულია (5,3x4 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან-თაღოვანი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელი სამხრეთ კედელშიცაა. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, ნახევარწრიულია კონქის თაღიც, დასავლეთით კუთხის პილასტრებზე გადაყვანილი კედლის მიმდებარე თაღია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]