წელთაღრიცხვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წელთაღრიცხვა — წლების მიხედვით დროის ათვლის მოწესრიგებული სისტემა.

წელთაღრიცხვის სისტემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელთაღრიცხვის მრავალი სისტემა არსებობს. მაგ: ქორონიკონი, ჰიჯრა, დასაბამითგანი, ქრისტესით წელთაღრიცხვა. წლების გამოსაანგარიშებლად ირჩევენ წელთარღიცხვის დასაწყის თარიღს. ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა. მაგ: მეფეთა ზეობა, მიწისძვრა, ოლიმპიური თამაშები, რელიგიური თქმულებები თუ სხვა მოვლენები. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში წელთაღრიცხვის დასაწყისად სხვადასხვა წელს იყენებდნენ.

ქართული წელთაღრიცხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული წელთაღრიცხვა ემყარება სამყაროს შექმნიდან 5604 წლიან პერიოდზე და 532 წლიან ციკლზე, რომელსაც ეწოდებოდა “დიდი ინდიქტიონი”.

532 წლიანი წრე თავის მხრივ, ეყრდნობოდა მზისა და მთვარის ციკლებს და ქრისტიანებს ემსახურებოდა მთავარი დღესასწაულის - აღდგომის განსაზღვრაში. ყოველი 532-წლიანი ციკლის შემდეგ ხდებოდა როგორც მზის, ასევე მთვარის ციკლის დამთხვევა და მეორდებოდა წლის ერთი და იგივე დღეები, თვე და რიცხვი და მთვარის ფაზები.

სამყაროს შექმნიდან ქრისტეს შობამდე ქართველები ითვლიდნენ 10 ასეთ წრებრუნვას (5604:532 = 10 მოქცევას (წრებრუნვას) და 284 წელს). ასე, რომ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისი (ქრისტეშობიდან) მოდის მე-11 ინდიქტიონის 284 წელზე, რომელიც, თავის მხრივ სრულდება ჩვენი წელთაღრიცხვის 248 წელს (532-284=248), მე-12 ინდიქტიონი დამთავრდა 780 წელს (248+780), მე-13 - 1312 წელს, მე-14 კი დასრულდა 1844 წელს.

ინდიქტიონი ძირითადად, მეფეთა და წარჩინებულთა მიერ გაცემულ საბუთებში გვხვდება. ერთეულ შემთხვევებში მას მემატიანეებიც იყენებდნენ. დათარიღებისას ინდიქტიონი აღნიშნავს დროს გვირგვინოსნის ტახტზე ასვლიდან. იმისათვის, რომ ინდიქტიონით აღნიშნული თარიღი ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გადავიყვანოთ, იმ პირის ტახტზე ასვლის წელს, რომლის ინდიქტიონითაც არის მოვლენა დათარიღებული, ვუმატებთ ინდიქტიონით მოცემულ რიცხვს. ასე მივიღებთ ჩვენთვის საინტერესო თარიღს. ქართული წყაროები იყენებენ მხოლოდ ორ უკანასკნელ ინდიქტიონს (ქორონიკონს) - მე-13 და მე-14.

ამგვარად, თუ საუბარი მიდის მოვლენებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-13 ინდიქტიონის განმავლობაში, საჭიროა ინდიქტიონის თარიღს მივუმატოთ 780, მე-12 ინდიქტიონის დასასრული თარიღი. ხოლო მე-14 ინდიქტიონს - შესაბამისად 1312.

ქრისტიანული წელთაღრიცხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ქრისტიანული წელთაღრიცხვა. მისი შემოღება უკავშრდება დიონისე მცირეს (რომაელი ბერი) სახელს, რომლის მოღვაწეობამდე დროის აღრიცხვისთვის გამოიყენებოდა ე.წ. "დიოკლიტიანეს ერა", რაც ქრისტიანებისთვის მიუღებლად და მკრეხელობად ითვლებოდა (დიოკლეტიანე გამოირჩეოდა ქრისტიანთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით). დიონისე მცირემ პირველად იხმარა ტერმინი "წლები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი" და ეს მოვლენა "ახალი ერის" საწყისად აქცია. ეს ცვლილება ქრისტიანული სამყაროსთვის მისაღები აღმოჩნდა და 742 წლიდან ეს უკვე თარიღის აღსანიშნად გამოიყენება. მოგვიანებით "ახალ ერას" სხვაგვარადაც მოიხსენიებენ: "ჩვენი წელთაღრიცხვა", "ქრისტეს აქეთ", "ახალი წელთაღრიცხვა". ბუნებრივია, აუცილებელი გახდა ქრისტეს შობამდელი დროის აღრიცხვაც. შეიქმნა ახალი ტერმინები: "ქრისტეშობამდე", "ჩვენს წელთაღრიცხვამდე", "ძველი წელთაღრიცხვით" და "ძველი ერა".

"დასაბამითგან" - ასე უწოდებდნენ საქართველოში წელთა აღრიცხვას სამყაროს შექმნიდან. ამ სისტემის მიხედვით სამყარო ქრისტეს დაბადებამდე 5604 წელს უნდა შექმნილიყო. ქართულ წყაროებში ისტორიულ მოვლენებს "ქორონიკონითაც" ათარიღებდნენ. მეცნიერები თვლიან, რომ წელთაღრიცხვის ეს სისტემა უცხოეთიდან უნდა შემოსულიყო და ჩვენში, ძირითადად, VIII-XVIII საუკუნეებში გამოიყენებოდა.

ჰიჯრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჰიჯრა (კალენდარი).

მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული მაჰმადიანური წელთაღრიცხვის სისტემა "ჰიჯრა" (არაბულად "გადასახლება"). ჰიჯრა უკავშირდება ისლამის ფუძემდებლის - მუჰამედის სახელს, რომელიც წარმოშობით მექადან იყო. მას იქ კერპთმსახურების მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ მოუხდა მედინაში გადასახლება ანუ „გაქცევა“. ეს მოვლენა სავარაუდოდ 622 წელს უნდა მომხდარიყო. ჰიჯრამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ისლამის ფორმირებასა და გავრცელებაში. ის გახდა საფუძველი ისლამური წელთაღრიცხვისა, რომელიც ხალიფა ომარმა 638 წელს შემოიღო. არსებობს მთვარისა და მზისმიერი ჰიჯრის კალენდარი, რომელიც მთვარისა და მზის ფაზების მონაცვლეობას ემყარება. ათვლა ორივე შემთხვევაში 622 წლიდან ხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]