ქვრივა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქვრივა
Pin-tailed Whydah (Vidua macroura).jpg
დომინგური ქვრივა (Vidua macroura)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vidua (Cuvier, 1816)

ქვრივა, დომინგური ქვრივა[1] (ლათ. Vidua) — ფრინველთა გვარი ქვრივასებრთა (ადრე ფეიქარასებრთა) ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 14–15 სმ. შეფერილობასა და შებუმბვლის ცალკეულ ნაწილთა ზომებში ნათლადაა გამოხატული სქესობრივი და სეზონური დიმორფიზმი. მამლის საქორწინო შეფერილობა შავი ან მოცისფრო-რუხია, თეთრი, ყვითელი და ყავისფერი ნიშნებით. აქვთ გრძელი კუდი (სიგრძეში 16 სმ-მდე), რომელიც სამგლოვიარო ვუალს წააგავს (აქედან სახელწოდება). დედლები, მოზარდები და მამლები გამრავლების პერიოდის გარდა შეფერილი არიან რუხ-მურა ტონებში და მოაგონებენ ბეღურებს. 10–14 (19-მდე) სახეობა გავრცელებულია აფრიკის სავანებში. იკვებებიან მარცვლეულით. პოლიგამური ფრინველებია. მოტიხტიხე მამალი „ცეკვას“ ასრულებს ჰაერში, დედლის თავზე, ფრენს მარყუჟისებრი ტრაექტორიით, განსაკუთრებული მთრთოლვარე ფრენით. ბუდობრივი პარაზიტები არიან; დედალი თითო-თითო (სულ 3–4) კვერცხს დებს მასპინძლის ბუდეში, თუმცა მის კვერცხებს არ ყრის ბუდიდან. ამისათვის თითოეული სახეობის ქვრივა იყენებს მთიულასებრი ფეიქრების (Estrildidae) ოჯახის განსაზღვრულ წარმომადგენლებს. პარაზიტის ბარტყები მასპინძლის ბარტყებს ბაძავენ და გარეგნულადაც მათ ჰგვანან (ზომით, ფერთა შეხამებით, ხახის მოხატულობით და სხვ.), რასაც სასიგნალო მნიშვნელობა აქვს მიმღები მშობლებისათვის და რაც მათ ამ ბარტყების გამოკვებისაკენ უბიძგებს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 234, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. Иваницкий В. В. ВДОВУШКИ // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 681.