ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი (გ. 30 ივნისი, 1792) — ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე, მდივანბეგი, დიპლომატი და მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1770-იან წლებში რუსეთში ელჩობისას ახლდა თავის სიძეს, ლევან ბატონიშვილს. შემდეგ ერეკლე II-მ დიპლომატიური მისიით გაგზავნა ირანში. ელჩობის მიზანი იყო დაეშოშმინებინა ირანის ვექილი (გამგებელი) ქერიმ-ხანი, რომელიც ერეკლე II-ის რუსული ორიენტაციის გამო საქართველოში გამოლაშქრებას აპირებდა. ეს დავალება ანდრონიკაშვილმა წარმატებით შეასრულა. 1778, როდესაც განჯის სახანო გაუქმებულ იქნა და მასზე ქართლ-კახეთის სამეფოსა და ყარაბაღის სახანოს ერთობლივი მმართველობა დაწესდა, ერეკლე II-მ ანდრონიკაშვილი განჯის მმართველად დანიშნა. 1785 განჯაში აჯანყებამ იფეთქა, ერეკლე II-მ ჩააქრო აჯანყება და ანდრონიკაშვილი საქართველოში გამოიწვია.

ანდრონიკაშვილს ეკუთვნის პოემა „მიჯნურთ ბადე“, რომელშიც მოთხრობილია ფრანგისტან ჭაბუკისა და გულბაჰრ მზეთუნახავის სიყვარულის ამბავი. პოემა დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით, ცალკეული ეპიზოდები და პოეტური სამკაულები ნასესხებია „ვეფხისტყაოსნიდან“, „ვისრამიანიდან“ და „ბარამგულანდამიანიდან“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958