ლევან ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ლევან“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლევან.

ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. თებერვალი, 1756, თბილისი ― გ. თებერვალი, 1781, ვეჯინი) — ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ძე. აღიზარდა სამეფო კარზე, სადაც მის ირგვლივ შემოკრებილი იყვნენ რჩეული ახალგაზრდები, მათ შორის პოეტი ბესიკი. ამ ახალგაზრდათაგან შემდეგში შედგა ლევან ბატონიშვილის რაზმი (2000 კაცამდე), რომელმაც მრავალ ბრძოლაში ისახელა თავი. ლევან ბატონიშვილის მეგობრების წრეში იყო აგრეთვე დავით რექტორი. ლევან ბატონიშვილი სახელმწიფო საქმეებში ჭაბუკობიდანვე ჩაება. 1770 წელს მან თავის უფროს ძმასთან - გიორგისთან ერთად მეფის წინააღმდეგ ამბოხებული ქსნის ერისთავი გიორგის დასამორჩილებლად გაილაშქრა. ამის შემდეგში ქსნის საერისთავოს გაუქმება მოჰყვა. ლევან ბატონიშვილი ანტონ I-თან ერთად გაიგზავნა რუსეთში მფარველობაში მიღების სათხოვნელად. ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა, ვინაიდან რუსეთი მოერიდა ირანთან ურთიერთობის გამწვავებას. ამავე წლებში ლევან ბატონიშვილმა ცოლად შეირთო ქაიხოსრო ანდრონიკაშვილის ასული. ლევან ბატონიშვილის ნიჭი და უნარი მთელი ძალით გამომჟღავნდა მორიგე ჯარის ხელმძღვანელობისას (1774-იდან). მისი თაოსნობით აილაგმა დაღესტნელ ფეოდალთა თარეში. ლევან ბატონიშვილმა დაამარცხა ისინი სოფელ ჭალასთან, მისაქციელთან, ავჭალასთან და სხვა ადგილებში. ერეკლე II-მ მორიგე ჯარის მეოხებით დათრგუნა ფეოდალური ოპოზიციაც. ამიტომ რეაქციონერი თავადები საბოტაჟს უწყობდნენ ამ ღონისძიებას. ფიქრობენ, რომ ამ საბოტაჟის მსხვერპლი შეიქმნა ლევან ბატონიშვილიც, რომელიც 1781, ვეჟინში ყოფნისას, ფრიად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მის სიკვდილს დიდი მწუხარებით გამოეხმაურნენ ბესიკი (ოდა "სამძიმარი"), დავით რექტორი ("ლეონისათვის თქმული ათნი სიტყვანი იამბიკოდ"), აზერბაიჯანელი პოეტები ვაგიფი და ვიდადი. მასვე ეძღვნება მრავალი ხალხური ლექსი. ლევან ბატონიშვილს მიეწერება რამდენიმე სამიჯნურო და ეპისტოლური ლექსი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ხანთაძე შ., ქსე, ტ. 6, გვ. 156, თბ., 1983