შინაარსზე გადასვლა

უჯარმის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უჯარმის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ზემოთ (ჩრდილო-დასავლეთით განაპირას), სასაფლაოზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,3X4,1 მეტრზე), ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. გარეთა კედლების წყობაში (ძირითადად კუთხეებში) შედარებით მოზრდილი ქვაა გამოყენებული. ალაგ-ალაგ ჩართულია ლოდებიც. კონსტრუქციის ნაწილები (კამარა, კონქი) და კარ-სარკმლების თაღები აგურისაა. წყობა ირეგულარულია, ტლანქი.

შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შეისრული თაღითაა დასრულებული, რომელიც შეკიდულ პილასტრებს ეყრდნობა. თაღიც და პილსატრებიც აგურისაა. ისინი კედლის სიბრტყის მიმართ ოციოდე სანტიმეტრითაა შეწეული. შიგნიდან შესასვლელი ოდნავ დამუშავებული ლოდით, თარაზულადაა გადახურული.

ეკლესიის დარბაზი თითქმის კვადრატულია. აღმოსავლეთით მას ეკვრის ნახევარწრიული აფსიდი, რომლის ღერძზე შესისრულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. აფსიდის ორივე გვერდში, კვერხცის მოყვანილობის, მცირე ზომის, თითო თიხის ჭურჭელია ჩატანებული. სარკმლის ქვემოთ კი, მთლიანი ქვის, ოთხწახანგა ტრაპეზი დგას. აფსიდის მხარეების ხაზზე შემორჩენილია კანკელის ნაშთი.

შიგნით ეკლესია შეისრული კამარითაა გადახურული. მსგავსი ფორმისაა აფსიდის თავიც.

გარედან, ეკლესიის შესასვლელის თაღის ზემოთ, შემორჩენილია აგურის ფიგურული წყობის ნაწილი. თუ როგორ იყო დასრულებული შესასვლელის თავზე არსებული არე, დაზიანების გამო არ ჩანს.

1988 წელს ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია თვითნებურად, დაუდევრად გაურემონტებია. ამ დროს აღუდგენიათ კედლების ზედა ნაწილები, ოდნავ ლავგარდნის გარეშე, გარეთა კედლების ზედაპირის გასწორების მიზნით, ფასადების დიდი ნაწილი კირის დუღაბით შეუთიხნიათ და ეკლესია ღარისებრი კრამიტით დაუბურავთ.