უსანეთის ეკლესია (ყვარელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უსანეთის ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი, დგას ქალაქ ყვარლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 3-4 კილომეტრზე, სოფელი ახალსოფლისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, მთის ერთ-ერთი განშტოების კეხზე. თარიღდება XV-XVI საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია რომელსაც დასავლეთიდან, თითქმის მთელ სიგანეზე, ორსართულიანი სამრეკვლო ეკვრის. ეკლესია ნატეხი ქვით ტლანქადაა ნაგები. კედლების ზედაპირი შიგნიდან და გარედან გასწორებულია ბათქაშის სქელი ფენით, რომლითაც საპირე ქვების მნიშვნელოვანი ნაწილია დაფარული. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა, სამრეკლოს პირველი სართულიდან, კარი გარედან ოდნავ დადაბლებული ნახევარწრის ფორმის თაღითაა გადახურული, შიგნიდან - ხის ძელებით - თარაზულად. ეკლესიის დარბაზი გეგმით თითქმის კვადრატულია და შესამჩნევად მაღალი სიმაღლე კამარის წვერამდე - 6 მ. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც დარბაზისგან გამიჯნული ყოფილა ქვის კანკელით შემორჩენილია ნაწილი აფსიდის ღერძზე მზირე ზომის სარკმელია გაჭრილი, რომელსაც თხელი ქვებით გამოყვანილი, თარაზული გადახურვა აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე კუბური ფორმის ტრაპეზია მიდგმული. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში პატარა, სწორკუთხა ნიშაა, სამხრეთ გვერდში კი - სამალავი. იგი გეგმით მრუდხაზოვანია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებითაა წაგრძელებული სამალავის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია მცირე ზომის ხვრელი, რომელიც აღმოსავლეთ ფასადზე გადის. აფსიდი გადახურულია ნახევარწრიული ფორმის, სხმული კამარით სავარაუდოდ იგი გვიანდელია. კამარა აფსიდის გვერდს კუთხით შეერთვის, ისე, რომ მათი გადაკვეთის საზღვარი, მთელ სიგრძეზე, მკაფიოდ გამოიყოფა და უსწორმასწორო ხაზს ქმნის. აფსიდის ხაზი ნახევარწრიულია, გამოყვანილია აგურით, მსგავსი ფორმისაა დარბაზის კამარაც. ინტერიერი ძუნწადაა განათებული; საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ ერთი, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი სარკმელიც აშუქებს, რომელიც ასევე თარაზულადაა გადახურული. სამრეკლო გეგმით თითქმის კვადრატულია და ეკლესიაზე ირიბადაა მიდგმული, ნაგებია ნატეხი ქვით. პირველი სართული მცირე კამაროვანი ოთახია. შესასვლელი მას ჩრდილოეთიდან აქვს. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი ხის ძელებით თარაზულადაა გადახურული. სართულის დასავლეთ კედელში, კამარის ქუსლის დონეზე, მცირე სარკმელია გაჭრილი, რომელსაც გარედან შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილი თაღი ხურავს, თაღის ზემოთ რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა. სართული გადახურულია ტლანქად ნაწყობი, შეკრული კამარით, კამარის წვეროს წყობაში ჩასმული რამდენიმე კრამიტით გამოყვანილია ტოლმკლავა ჯვარი. სართულის კედლებზე მოხატულობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. სამრეკლოს მეორე სართული რვაწახნაგოვანია.პირველ სართულთან შედარებით იგი უხეშადაა ნაგები და ფერითაც განსხვავებულია. სართულის თითოეულ წახნაგში თითო მაღალი, შეისრულთაღოვანი ღობია, სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, გარედან კი რვაწახნაგა, პირამიდული ფორმის სახურავით. ეკლესიისა და სამრეკლოს კედლები დასრულებულია კუთხით წინწამოწეული და ჩვეულებრივად ნაწყობი აგურის რიგების მონაცვლეობით შედგენილი ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]