უზუნთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უზუნთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ უზუნთაში. ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით 1 კმ-ზე, სასაფლაოს ეზოში.

ეკლესიიდან ხუთიოდე მეტრში აღმოსავლეთით ძველი ეკლესიის ნანგრევებია. დასავლეთიდან ეკლესიას აქვს მინაშენი. ეკლესიის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია, აღმოსავლეთით გრძივი, კედლებისაგან ერთი საფეხურით გამოყოფილი ღრმა, ნახევარწრიული აფსიდით, რომლის გვერდებზე, თაღოვანი, ნაოთხალი სარკმლის აქეთ-იქით თითო, სწორკუთხა თაღოვანი ნიშია განლაგებული. დარბაზის გრძივ კედლებში საკურთხეველთან ახლოს გაჭრილია თითო, თაღოვანი, ნაოთხალი სარკმელი. ჩრდილო კედელში აღნიშნული სარკმლის დასავლეთით კიდევ არის ერთი ფართო, სწორკუთხა სარკმელი. გრძივი კედლები ორ-ორი პილასტრითაა დაყოფილი, რომელთა კაპიტელებს პროფილში თაროსა და ბატიყელას ფორმა აქვს, ასეთივე პროფილისაა საკურთხეველში შემორჩენილი იმპოსტები. ინტერიერში კედლები შებათქაშებული იყო - შეინიშნება მცირე კვალი. კედლები ორივე მხრიდან ნაგებია ყორექვის თარაზული წყობით. გარედან კუთხეები ამოყვანილია ჭადრაკულად დაწყობილი თლილი ქვებით. ფასადებზე დეკორით აქცენტირებულია მხოლოდ სამხრეთ კარისა და სარკმლების საპირეები. კარნიზს ისეთივე პროფილი აქვს, როგორც ინტერიერში კაპიტელებს. დასავლეთ კედელზე გარედან, ქვემო ნაწილში შემორჩენილია ბათქაშის ფრაგმენტები. "საქალებოს" კედლებიც ყორექვითაა ამოყვანილი. წყობის თარაზულობა შეძლებისდაგვარად არის დაცული. დასავლეთი კუთხეები გარედან დიდი ზომის ქვების ჭადრაკული წყობით არის ამოყვანილი. სარკმლის ადგილი დასავლეთ კედელში დანგრეულია. კარი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეშია გაჭრილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9031