უდის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდის განძიბრინჯაოს ხანის დასასრულისა და რკინის ხანის დასაწყისის ნივთების განძი (100–ზე მეტი), აღმოჩენილია 1956 წელს სოფელ უდეში (ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი). განძის შემადგენლობაში იყო: ბრინჯაოს 3 ტიპის კოლხური ცული, შუბისპირები და ხელშუბისპირები, ლახტისთავები, ყუნწიანი ისრისპირები, მსხვილი რგოლები, ფურცლოვანი 4 ფართო სარტყლის ფრაგმენტები, ე. წ. ყობანური ტიპის აბზინდები, საკინძები, პინცეტები, მომცრო რგოლი, რკინის სატევრისპირები, ლახტისთავი, შუბისპირი; ბრინჯაოსა და რკინის ნივთების ნატეხები. ბრინჯაოს ნივთების ნაწილი შემკულია გეომეტრიული და სტილიზებული ცხოველების სახეებით, გრავირებით, ფერადი ინკრუსტაციითა და ზოგჯერ პუნსონით. ინკრუსტაციისათვის გამოყენებულია რკინა, ბაცი ფერის ბრინჯაო და მინისებრი ფერადი პასტა. უდის განძი მდიდარი მელითონის კუთვნილება ყოფილა (შეიცავს უხმარ მზა პროდუქციას და ლითონის ჯართს). ზოგიერთი მკვლევარი (ა. ჯავახიშვილი, ტ. ჩუბინიშვილი) ნივთებს ათარიღებს ძვ. წ. XI-X საუკუნეებით. უდის განძი ტიპური კოლხური ნაწარმია და გამოხატავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურულ კავშირს.

ბრინჯაოსა და რკინის ნივთების მსგავსება ადასტურებს ბრინჯაოსა და რინის ხანების მეტალურგიისა და მელითონეობის ტრადიციათა კავშირს, გვიჩვენებს მელითონეობის ჩამოყალიბებას მხატვრული ხელოსნობის ერთ-ერთ დარგად და კავშირს ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის მაღალგანვითარებულ ხელოვნებას შორის.

ნივთების უმეტესი ნაწილი დაცულია სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში, ნაწილი კი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ალ., ჩუბინიშვილი ტ., უდის განძი, საბჭოთა ხელოვნება, № 4, გვ. 59-64