ტურიზმის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჩუ-პიქჩუ, პერუ
ტურისტები ნიაგარაზე

ტურიზმის გეოგრაფიასაზოგადოებრივი გეოგრაფიის განხრა, რომელიც შეისწავლის ტურიზმისა და დასვენების სივრცით ორგანიზაციას, მათ შორის ტერიტორიულ რეკრეაციულ სისტემებს (საკურორტო ქსელებს, ტურისტულ ცენტრებსა და მარშრუტებს), აგრეთვე ობიექტების ქსელის განლაგებაში ტურიზმისა და დასვენების ცალკეული სახეობების ტერიტორიულ სხვაობას. ტურიზმის გეოგრაფია იკვლევს ტურიზმის განვითარების გათვალისწინებით კონკრეტული ტერიტორიების ვარგისიანობის ხარისხს (ქვეყნები, რეგიონები, დასახლებული პუნქტები და სხვა); ტურისტების ქცევაში სივრცე-დროის ამორჩევითობასა და შედეგად ფორმირებულ ტურისტულ ნაკადებს; ტურიზმის ინდუსტრიის საწარმოების განლაგებას; ტურიზმის როლს ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში და სხვა. ტურიზმის გეორგაფიის მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსახლეობის ინფორმირება ტერიტორიის ტურისტულ პოტენციალზე. ტურიზმის გეოგრაფია დაკავშირებულია საზოგადოებრივი გეოგრაფიის სხვა დარგებთან (მომსახურების სფეროს გეოგრაფია, მოსახლეობის გეოგრაფია და სხვა), ფიზიკურ გეოგრაფიასთან (ლანდშაფტმცოდნეობა, კლიმატოლოგია და სხვა) და აგრეთვე კარტოგრაფიასთან. ძლიერდება ურთიერთკავშირი ტურიზმის გეოგრაფიასა და რიგ სპეციალურ დისციპლინას შორის, რომლებიც იკვლევენ ტურიზმისა და დასვენების პრობლემებს და რომლებიც ფორმირდებიან სხვა მეცნიერებების ფარგლებში (კურორტოლოგია, ტურიზმის ეკონომიკა, ტურიზმის მენეჯმენტი და მარკეტინგი, კულტუროლოგია, ზოგადი და სოციალური ფსიქოლოგია, ინფორმატიკა და სხვა).

ტურიზმის გეოგრაფიის მეთოდოლოგია ჩამოყალიბების სტადიაშია, ხასიათდება მეთოდებისა და ხერხების სიუხვითა და მრავალფეროვნებით, რომლებიც სხვადასხვა (საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი) მეცნიერებებისგანაა ნასესხები. ტრადიციული გეოგრაფიული მეთოდებიდან მეტად მნიშვნელოვანია ტიპოლოგიური, შედარებით-გეოგრაფიული და კარტოგრაფიული მეთოდები. გამოიყენება ტურისტების სოციოლოგიური გამოკითვის მეთოდები, კლინიკურ-ფიზიოლოგიური და მიმდინარე სამედიცინო დაკვირვებები (მიკროკლიმატური პირობებისა და კლიმატური ფაქტორების გავლენის ანალიზი, რელიეფი, მცენარეულობა და სხვა), მათემატიკური და მათემატიკურ-სტატისტიკური მეთოდები (კორელაციური, რეგრესიული, ტაქსონომიური და ფაქტორული მოდელები, ხაზობრივი პროგრამირების მოდელები, იმიტაციური მოდელირება) და სხვა. გამოიყენება აგრეთვე კვლევის საველე და კამერალური მეთოდები.

კვლევები ტურიზმის გეოგრაფიაში დაიწყო გერმანიაში 1840-იან წლებში მოსახლეობის გეოგრაფიისა და დასახლების ფარგლებში. ტურიზმის როგორც სამეცნიერო მიმართულების ჩამოყალიბება დაიწყო გერმანიასა და შვეიცარიაში, რაც აიხსნებოდა ევროპის ამ ნაწილში არსებული ტურისტული საქმიანობის მეტად მაღალი ინტენსივობით. 1841 წელს გამოქვეყნდა გერმანელი მეცნიერის იოჰან გეორგ კოლის ნაშრომი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მიეძღვნა ტურისტულ მოძრაობას (იმდროინდელი ტერმინი) და მის გავლენას ადგილის განვითარებაზე. პირველი სამეცნიერო პუბლიკაცია „ტურიზმი“ დაიწერა 1905 წელს ქალაქ გრაცში. მისი ავტორი იყო ავსტრიელი მეცნიერი იოზეფ შტრადნერი. მასში ავტორი განიხილავს ტურისტულ ნაკადებს (მოძრაობას), აგრეთვე ტურიზმის გავლენას ავსტრიის ეკონომიკაზე. მან პირველმა დაამკვიდრა ტერმინი „ტურიზმის გეოგრაფია“ (გერმ. Fremdenverkehrsgeographie) და „ტურისტული რაიონი“. გერმანელი გეოგრაფის კურტ ჰასერტის ნაშრომში „ქალაქების გეოგრაფია“ (1907) სტაციონარულ ტურიზმთან დასახლების გარდა, გამოყოფილი იყო ხანმოკლე ტურისტული ყოფნის ცენტრები: ისტორიული ქალაქები და დასახლებები განვითარებული კულტურული ფუნქციებით.

ტურიზმის გეოგრაფიის ფორმირების პროცესი ყოფილ სსრკ-ში დაიწყო დაახლოებით 1960-იანი წლებიდან. ამ დროიდან მოყოლებული მიმდინარეობდა სამამულო გეოგრაფიისათვის სრულიად ახალი სამეცნიერო მოძრაობის ჩამოყალიბება, რომლის ყურადღების ცენტრში იდგა ადამიანების მოღვაწეობა თავისუფალ დროსა და მასთან შესაბამის საგნობრივ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ გარემოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pearce D. Tourism today: a geographi­cal analysis. 2nd ed. Harlow, 1995;
  • Hall C. M., Page S. J. The geography of tourism and recreation. 3rd ed. N. Y., 2005;
  • Кружалин В.И., Мироненко Н.С. и др. География туризма, М., 2014.