ლანდშაფტმცოდნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუნებრივი ლანდშაფტი

ლანდშაფტმცოდნეობა (ლანდშაფტოლოგია) — ფიზიკურ გეოგრაფიული მეცნიერების განხრა; ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების (ბტკ) ანუ ლანდშაფტების (გეოგრაფიული კომპლექსების, გეოსისტემების) შემსწავლელი მეცნიერება. ლანდშაფტოლოგია სწავლობს ლანდშაფტების წარმოშობას, სტრუქტურასა და დინამიკას, მათი განვითარების კანონზომიერებებსა და განლაგებას; ამასთანავე, იკვლევს ადამიანთა საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის შედეგად გარდაქმნილ ბტკ-ებს.

კვლევის საგანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართო გაგებით ლანდშაფტოლოგია არის მეცნიერება დედამიწის გარსის ფიზიკურ-გეოგრაფიული დიფერენციაციის ძირითადი კანონზომიერებების, საკუთრივ ლანდშაფტებისა (სტრუქტურა, მორფოლოგია, დინამიკა, კლასიფიკაცია და სხვ.) და ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების შესახებ. ლანდშაფტოლოგიის მნიშვნელოვანი ამოცანაა ლანდშაფტების მორფოლოგიური სტრუქტურების, ანუ მისი შემადგენელი დაბალი რანგის კომპლექსების — მიკროლანდშაფტებისა (უროჩიშჩეების) და ელემენტარული ლანდშაფტების (ფაციესების) შესწავლა. მისი კვლევის ობიექტია ასევე რეგიონული ბტკ-ები — ლანდშაფტების გარკვეული კანონზომიერი დაჯგუფებით შექმნილი სხვადასხვა ტაქსონომიური რანგის ფიზიკურ-გეოგრაფიული კომპლექსები. რამდენადაც ლანდშაფტოლოგიის ამოცანაა ლანდშაფტების ყოველმხრივი კომპლექსური შესწავლა, სხვადასხვა ტერიტორიის კონკრეტული ლანდშაფტების, მათი ტიპებისა და მათთვის ნიშანდობლივი სპეციფიკური ბუნებრივ თავისებურებათა კვლევა, ამდენად აუცილოებელია ბტკ-ების იმ მრავალფეროვნებაში გარკვევა, რომელთანაც საქმე აქვს ლანდშაფტმცოდენს. ამ საკითხებს ამუშავებს ლანდშაფტოლოგიის განსაკუთრებული დარგი - კლასიფიკაცია და სისტემატიკა. ლანდშაფტოლოგია კონკრეტულ ლანდშაფტებთან ერთად სწავლობს მსხვილ ტერიტორიული ერთეულებსაც, ადგენს, თუ რა ლანდშაფტებისაგან შედგება ტერიტორია, როგორია თითოეული ლანდშაფტის მორფოლოგიის სტრუქტურა, ბუნებრივი თავისებურება, რესურსები და პოტენციური შესაძლებლობანი.

ყველა შემთხვევაში ლანდშაფტური გამოკვლევა ეყრდნობა ტერიტორიის უშუალო საველე კვლევას, რომელიც ხორციელდება ექსპედიციური და სტაციონარული მუშაობის პროცესში. საველე ექსპედიციური კვლევის დროს ხდება ძირითადად მიკრო- და ელემენტარული ლანდშაფტების აგეგმვა. ექსპედიციური შესწავლით წარმოებს ბტკ-ების საზღვრების დადგენა და შეგროვებული ძირითადი მასალის საფუძველზე ცალკეული ლანდშაფტისა და მისი მორფოლოგიური ნაწილების დახასიათება.


ამ საქმეში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია აეროფოტოსურათების გამოყენებას. ფართოდ სარგებლობენ კოსმოსურ სურათებსაც. ლანდშაფტოლოგიაში დიდი ყურადღება ეთმობა ლანდშაფტების დინამიკის შესწავლას, რომელიც ხორციელდება სტაციონარული დაკვირვებების შედეგად, იგი გულისხმობს ბტკ-ში სითბოსა და სინესტის ბალანსის, ქიმიური ელემენტების მიგრაციის, ბიოლოგიური, პროდუქტიულობისა და სხვა შესწავლას.

ლანდშაფტოლოგიისა და მონათესავე მეცნიერებათა მიჯნაზე ჩამოყალიბდა გეოგრაფიის სპეციფიკური დარგი - ლანდშაფტების გეოქიმია; დამუშავდა ლანდშაფტების ფიზიკის (გეოფიზიკის) საფუძვლები (ლანდშაფტების გეოფიზიკა). ლანდშაფტოლოგიას ზოგიერთი რამ საერთო აქვს ბიოგეოცენოლოგიასთან და ეკოსისტემების მოძღვრებასთან. ლანდშაფტოლოგიაში დაკვირვებათა სისტემატიზაცია და ემპირიული დამოკიდებულების დადგენა დაფუძვნებულია უმთავრესად შედარებითი გეოგრაფიის (რომლის არსებითი ელემენტია კარტოგრაფიული ანალიზი) და ისტორიული მეთოდების გამოყენებაზე.

XX საუკუნის 60-ან წწ. დაიწყო მათემატიკური სტატისტიკისა და მათემატიკური ლოგიკის გამოყენება. ზოგი მეცნიერი ლანდშაფტს განიხილავს, როგორც თვითრეგულირებულ სისტემას, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ბტკ-ების შესწავლისათვის ვისარგებლოთ სტრუქტურულ-სისტემური მიდგომის მეთოდით. თავდაპირველად ლანდშაფტს გამოყენებითი მნიშვენლობნა ჰქონდა. ამჟამად მისი პრაქტიკული გამოყენების სფერო განუზომლად ფართოა. გამოყენებით ლანდშაფტებში გამოიკვეთა აგროსაწარმოო სამელიორაციო, საინჟინრო, სამედიცინო და სხვა მიმართულებანი.

სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგს ლანდშაფტოლოგია აწვდის გამოყენებით (მიზნობრივი) და ზოგადგეოგრაფიულ ლანდშაფტურ რუკებს და ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების სქემებს, შესაფერისი ტექსტის დანართით.

ლანდშაფტოლოგიის მნიშვნელოვანი პრაქტიული ამოცანაა ლანდშაფტების (გეოსისტემების) მართვისა და კულტურული ლანდშაფტების ქცევის პროგნოზირება, რაც განპირობებულია როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური ფაქტორებით.

ლანდშაფტოლოგიის ძირითადი ცნებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანდშაფტოლოგიაში გამოიყოფა მისი ძირითადი ცნებები :

გ ე ო მ ა ს ე ბ ი — ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ელემენტარული ნაწილები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მასით, დანიშნულებით და სივრცესა და დროში ცვლილების სიჩქარით. ცნობილია :

  • აერომასები (ჰაერის მასები);
  • ფიტომასები (მცენარეების მასები);
  • ლითომასები (გეოლოგიური მასები);
  • ჰიდრომასები (წყლის მასები, მათ შორის ნიადაგის ტენი და ორთქლი ატმოსფეროში);
  • პედომასები (ნიადაგების ორგანულ-მინერალური ნაერთები ჰუმუსთან ერთად);
  • მორტომასები (მკვდარი ორგანული წარმოშობის ნივთიერებები, მაგ., ტყის ნაფენი);
  • ზოომასები (ცხოველები).

გეომასების ერთობლიობის მიხედვით ბტკ-ში გამოიყოფა ერთგვაროვანი შრეები - გეოჰორიზონტები. მათი შედგენილობა განსაზღვრავს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ვერტიკალურ სტრუქტურას.

ფუნქციონირება — ნივთირების წრებრუნვა და ენერგიის გარდაქმნა ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსში. მაგ.: მზის ენერგიის გარდაქმნა (ტრანსფორმაცია), ტენბრუნვა, ბიოგეოციკლი (ორგანული მასის გარდაქმნა ბტკ-ში). ფუნქციონირების ხასიათი ცვალებადია როგორც სივრცეში ისე დროში. ბუნებრივ ტერიტორიული კომპლექსის მდგომარეობა ეწოდება ამ კომპლექსის სტრუქტურისა და ფუნქციონირების თანაფარდობას დროის რომელიმე მონაკვეთში.

სტექსი — ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის დღე-ღამური მდგომარეობა, დაკავშირებული წლის სეზონთან, ამინდის დღე-ღამურ პირობებთან და ამ კომპლექსის განვითარების ტენდეციასთან. სტექსების კრებადობა საშუალებას იძლევა განვიხილოთ ბუნებრივ ტერიტოიული კომპლექსის სეზონური ან წლიური დინამიკა.

ლანდშაფტების კლასიფიკაცია და დარაიონება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასი : მთისა და ვაკის ლანდშაფტები. შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ :

  • რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი);
  • კლიმატის ტიპს;
  • გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს;

ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად; ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები გარდაიქმნება ბუნებრივ-ანთროპოგენურ ტერიტორიულ კოპლექსად. გამოიყოფა: ბუნებრივ-აგრარული (სასოფლო-სამეურნეო), სელიტებური (სასოფლო დასახლებათა), ურნანიზირებული (საქალაქო დასახლებათა) და სხვა ტიპის ბუნებრივ-ანთროპოგენური ტერიტორიული კომპლექსები.

მაგალითად საქართველოში გამოიყოფა 11 ძირითადი ლანდშაფტი.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროცესი, რომელიც მიმართულია ბუნებაში ობიექტურად არსებული სხვადასხვა რანგის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების გამოსავლენად. დარაიონებას აქვს როგორც თეორიული, ისე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა.

საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ნაირგვარი ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები (ლანდშაფტები), დაწყებული ნახევარუდაბნოსა (აღმოსავლეთ საქართველო) და კოლხური ნოტიო სუბტროპოკულიდან (დასავლეთ საქართველო), დამთავრებული მარადთოვლიან-მყინვარებიანი (გლაციალურ-ნივალური) ლანდშაფტებით. აქ, როგორც ძირითადად მთაგორიან ქვეყანაში, კარგად არის გამოხატული ბუნებრივი კომპონენტების ცვლა სიმაღლის მიხედვით და, შესაფერისად ლანდშაფტების სიმაღლებრივი ზონალურობა, ლანდშაფტური ზონების სრული სპექტრით. ამასთან, მთიანეთშორის დადაბლებაში განვითარებულია ნოტიო, ზომიერად ნოტიო და მშრალი სუბტროპიკების ვაკე-დაბლობებისა და წვრილმთიანეთისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპელქსი.

სულ საქართველოს ტერიტორიაზე 100-ზე მეტი დასახელების (კლასი, ჯგუფი, ტიპი, ქვეტიპი, სახე) ლანდშაფტია გავრცელებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთში ლანდშაფტოლოგიის ფუძემდებლები იყვნენ : ვასილი დოკუჩაევის სკოლის წარმომადგენლები : ლევ ბერგი, გიორგი მოროზოვი და სხვ.; ხოლო საზღვარგარეთ ზიგფრიდ პასარგე.

ლანდშაფტოლოგიაში მნიშვნელოვან შედეგებია მიღებული : ბორის დობრინინის, ბორის პოლინოვის, სტანისლავ კალესნიკის, ნიკოლოზ სოლნცევის, ანატოლი ისაჩენკოს, ნიკოლოზ გვოზდეცკის, ვიქტორ სოჩავას, თედორე მილკოვის, დავიდ არმანდისა და სხვათა შრომების შედეგად.

ლანდშაფტოლოგია საზღვარგარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპაში ლანდშაფტოლოგიის შესწავლა ჯერ კიდევ XX საუკუნიდან დაიწყო, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ლანფშაფტოლოგიის ფართო მასშტაბით კვლევა. ლანდშაფტოლოგიაში მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღებული დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, უნგრეთში და სხვ.

საყურადღებო კვლევები მინდინარეობს აშშ-ში.

ლანდშაფტოლოგია საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანდშაფტოლოგია საქართველოში განვითარდა მას შემდეგ, რაც ჩვენში დაიწყო უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებში ლანდშაფტოლოგიის კათედრების შექმნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1965 წელს დაარსებული მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი, რომლის სამეცნიერო შრომები ფართოდ გახდა ცნობილი მთელ მსოფლიოში. აქ მიმდინარეობდა ლანდშაფტის დინამიკის, მდგომარეობისა და სტრუქტურის შესწავლა. საყურადღებო კვლევა-ძიებანი ტარდებოდა ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც არაერთი სახელოვანი მეცნიერი მოღვაწეობდა. ლანდშაფტოლოგიაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ქართველმა ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტებმა, რომლის მამამთავარი დავით უკლება იყო. წარმატებები მოიპოვეს ასევე მელენტი სანებლიძის, ქრისტეფორე ჯაყელისა და ნიკოლოზ ბერუჩაშვილის შრომებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 420.
  • Neef Е., Die theoretischen Grundiagen der Landschaftslehre, Gotha, 1967;
  • Troll C., Die geographische Landschaft und ihre Erforschung, "Studium generale", 1950, Jg 3, Н. 4—5;
  • Ландшафтный сборник, М., 1970;
  • Мильков Ф. Н., Основные проблемы физической географии, М., 1967.