ტუიაქოჩორას სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტუიაქოჩორას სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალაქ მცხეთაში, მცხეთა-შიომღვიმის გზის მარცხენა მხარეს, ბორცვზე. თარიღდება IV-VIII საუკუნეებით. ტუიაქოჩორას სამაროვანი 1953 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგთა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). გაითხარა 14 ქვაყუთი. სამარხების ნაწილი მიწის სამუშაოების დროსაა დაზიანებული, ნაწილი კი ადრევე გაუძარცვავთ.მოპოვებული მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში. სამარხები ტლანქად გათლილი ქვის ფილებისაგან ნაგებ ბანურსახურავიან ქვაყუთებს წარმოადგენს. ისინი უმთავრესად საოჯახოა.მიცვალებულები ქრისტიანული წესითაა დაკრძალული: გულაღმა, თავის დასავლეთისკენ, ხელები ნებისმიერად უწყვიათ. ინვენტარის სიუხვით გამოირჩევა მე-4 ქვაყუთი (ახლად ჩასახული ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელთა საოჯახო სამარხი?). მასში აღმოჩნდა გიშრის პასტისა და მინის მოგრძო, ცილინდრული, რომბისებრი, დაკუთხული მძივები; ოქროს, ბრინჯაოსა და რკინის საკინძები, ოქროს საყურეები, თვალედი და გემიანი ოქროს ბეჭდები, მინის საბეჭდავი, სანელსაცხებლე. ტუიაქოჩორას სამაროვანზე მიკვლეული სამარხეული ინვენტარის ანალოგები უხვადაა გამოვლენილია აღმოსავლეთ საქართველოს, ჩრდილოეთ კავკასიისა და აზერბაიჯანის ნასახლარებსა თუ სამაროვნებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]