ტოლათსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტოლათსოფლის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლათსოფელში, ძველ სასაფლაოზე. ნაგებობის უმეტესი ნაწილი XlX საუკუნის მიწურულს განეკუთვნება. იგი დაშენებულია ადრე არსებული ეკლესიის შემორჩენილ კედლებზე. შენობის ეს ორი სამშენებლო ფენა ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც მასალით, ისე წყობის ხასიათითაც. ეკლესიის თავდაპირველი კედლები რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები, განახლებული ნაწილები კი - კვადრატული აგურითა და რიყის ქვით. ეკლესია დარბაზულია (8,2x5,9 მეტრი). ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავი და ლავგარდნის ნაწილი, კედლების ზედა ნაწილები ალაგ-ალაგ მონგრეულია. შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთის კარი აგურით ნაწყობი ბრტყელი თაღითაა გადახურული, დასავლეთისა - სწორკუთხაა. აღმოსავლეთით აფსიდის ღერძზე საკმაოდ განიერი სარკმელია. მსგავსი ორი სარკმელია სამხრეთით, ხოლო სამი - ჩრდილოეთით. სარკმლები ბრტყელი თაღითაა გადახურული და შიგ რკინისგისოსებიანი ხის ჩარჩოებია ჩასმული. დარბაზს ხის კამაროვანი გადახურვა ჰქონია. ფასადები დასრულებული ყოფილა შირიმის ქვის თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიის დასავლეთ კედელზე დაშენებული იყო აგურის სამრეკლო, რომლისგანაც კვადრატული საფუძველიღა შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]