ტიბეტური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტიბეტური საუზმე

ტიბეტური სამზარეულო (ტიბ. བོད་ཀྱི་ཟ་ཆ།) — ტრადიციული ტიბეტური კერძების ერთობლიობა, რომელიც ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში, ერთან და მის კულტურასთან ერთად. მასზე დიდი გავლენა აქვს ტიბეტის მთიან ლანდშაფტს და მეზობელ ინდურ, ჩინურ და ნეპალურ გასტრონომიებს. იგი ცნობილია თავისი ატრიებით, თხისა და იაკის ხორცით, მუტონით, კარაქით, ყველით, იოგურტითა და სუპებით. კულტურულ-რელიგიური პირობების გათვალისწინებით, ტიბეტური სამზარეულო თითქმის მთლიანად ვეგეტარიანულია.

როგორც წესი, ტიბეტში სახნავ-სათესი მიწები საკმაოდ დიდ სიმაღლეზე მდებარეობს, თუმცა ისეთი სპეციფიკური კულტურები, როგორებიცაა: ბრინჯი, ფორთოხალი, ბანანი და ლიმონი, შედარებით დაბალ ადგილებში მოჰყავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურაა ქერი. შემწვარი ქერისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტიბეტურ კერძს, ტსამპას, რომელსაც ხშირად ხორცს, ან კომბოსტოს უმატებენ. აღსანიშნავია ბალეპიც, ტიბეტური პური, რომელსაც მიირთმევენ როგორც საუზმეზე, ისე სადილად. ტუკპა, როგორც წესი სადილის ძირითადი კერძია, რომელსაც ტიბეტს გარეთაც ამზადებენ სხა კულტურები. ტიბეტელები სპეციალურად დამზადებული ბამბუკის ჩხირების დახმარებით მიირთმევენ საკვებს, განსხვავებით ჰიმალაის სხვა ხალხებისაგან, რომლებიც პირდაპირ ხელით ჭამენ. აქ ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია მდოგვი.

მზადებისა და ჭამის კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტური ყველის სახეობები

ტიბეტელები საჭმელების მოსამზადებლად ქვაბებს, ტაფებს, ქილებს, ქოთნებს, ორთქლის ქოთნებსა და სპეციალურ ყუთებს იყენებენ, რომელთაც სხვადასხვა მეტალისაგან ამზადებენ. ვინაიდან მაღალმთიან რეგიონებში სასმელი წყლის მიწოდება რთულად ხდება, ტიბეტელებს სახლში აუცილებლად აქვთ წყლის ერთი დიდი კონტეინერი, რომლის ტევადობაც საშუალოდ 25 ლიტრია. როგორც წესი, ისინი კერძებს ცეცხლზე, ტრადიციული ქოთნებით ამზადებენ, თუმცა ვესტერნიზაციასთან ერთად ტაფები და ქვაბები სულ უფრო პოპულარული ხდება. კარაქს, ყველსა და ტსამპას სპეციალურ ხის კასრებში ინახავენ. ჩირის, ბრინჯისა და შაქრის შესანახად კი მჭიდროდ ნაქსოვი კალათები გამოიყენება.

ტიბეტური სადილის ჭურჭელი ტრადიციისამებრ ხისაგან მზადდება, თუმცა შეიძლება თიხისაგანაც დამზადდეს. შედარებით უფრო პრივილეგირებული კლასები ტიბეტში ფაიფურის ჭურჭლიდან მიირთმევდა და დღემდე ასეა. ფაიფურის ნივთები მათ სპეციალურად ჩინეთიდან ჩაჰქონდათ. ანალოგიურად, ღარიბების საჭმელი ჩხირები სახლში ხელით მზადდებოდა ტყეში მოჭრილი ბამბუკისაგან. არისტოკრატია ამაშიც განსხვავდებოდა და ისინი არა ბამბუკის, არამედ სპილოს ძვლისაგან დამზადებული ჩხირებით მიირთმევდნენ.

ტიბეტური კარაქიანი ჩაი

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტში, სხვა აზიური კულტურების მსგავსად, ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სასმელი ჩაია. გარდა ყველასათვის ცნობილი შავი და ჟასმინის ჩაისა, ტიბეტში პოპულარულია კარაქიანი ჩაი. ტიბეტის გარდა კარაქიანი ჩაი პოპულარულია ინდოეთშიც. იგი მზადდება მარილის, ჩაის ფოთლებისა და მდნარი კარაქისაგან და ჩვეულებრივ, ჭიქიდან მიირთმევა თბილ მდომარეობაში.

შა-ფალე

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს, აქ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ლუდი. აგრეთვე აღსანიშნავია ავთენტური გემოს მქონე ტიბეტურ-ნეპალური სასმელი, სახელად ჩაანგი, რომელიც იგივე ქერის ლუდია. ერთობ გავრცელებულია პინჯოპო, იგივე ბრინჯის ღვინო და არა, გამოხდილი ან დადუღებული მარცვლეულის სპირტიანი სასმელი.

კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტური კერძებიდან ყველაზე ცნობილია შა-ფალე, ცომში გამომცხვარი საქონლის ხორცი და კომბოსტო სეზონური ბოსტნეულითურთ, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ნეპალში. სხვა ცნობილი კერძებიდან აღსანიშნავია: ბალეპ-კორკუნი (ცენტრალურ ტიბეტში გავრცელებული გულსართიანი პურის სახეობა, ცხვება ღუმელში), ტინგმო (ცომში მოხარშული კურდხლის შენელებული ხორცი), თენთუკი (ცივი სუპი ატრიებითა და ბოსტნეულით), გიურმა (სისხლიანი სოსისი) და მრავალი სხვა.

ტრადიციული ტიბეტური პურის სახეობაა პაპზა-მოგუ, რომელიც არის ცომის ბურთულები მდნარი კარაქით, ყავისფერი შაქრითა და გამომშრალი ყველით. როგორც წესი, მას მოტკბო-მომჟავო გემო და წითელი ფერი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ტიბეტური სამზარეულო არც ისე მდიდარია დესერტებით. აქ მხოლოდ ერთ ნამცხვარსა და ორ ტკბილ წასახემსებელს შეხვდებით. იგივე შეიძლება ითქვას სუპებზე (სულ სამი სახის სუპი აქვთ) და ზღვის პროდუქტების კერძებზე. სამაგიეროდ, იგი ერთობ მდიდარია რძის პროდუქტები და აქვს რამდენიმე სახის კარაქი, ყველი და იოგურტი. ადგილობრივები ძროხისა და ცხვრის გარდა, აქტიურად იყენებენ იაკის რძესაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mendrong, Tsering (2006). Tibetisch kochen - Gerichte und ihre Geschichte. Die Werkstatt GmbH. p. 16. ISBN 978-3-89533-520-4.
  • Tsering Mendrong: Tibetisch kochen - Gerichte und ihre Geschichte. Die Werkstatt GmbH 2006, ISBN 978-3-89533-520-4
  • Bruno J. Richtsfeld: Tee und Teekultur in Tibet. In: Markus Mergenthaler (Hg.): TeeWege. Historie/Kultur/Genuss. Dettelbach 2013, S. 28-77, ISBN 9783897544376
  • Dreyer, June Teufel; Sautman, Barry (2006). Contemporary Tibet : politics, development, and society in a disputed region. Armonk, New York: Sharpe. p. 262. ISBN 0-7656-1354-9.
  • Fernandez, Felipe Armesto (2001). Civilizations: Culture, Ambition and the Transformation of Nature. p. 265. ISBN 0-7432-1650-4.
  • Li, Tao; Jiang, Hongying (2003). Tibetan customs. 五洲传播出版社. p. 35. ISBN 978-7-5085-0254-0.