ბამბუკისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბამბუკი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბამბუკისებრნი
Bamboo Richelieu.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Bambusoideae

ბამბუკისებრნი (Bambusoideae) — მარცვლოვანთა ქვეოჯახი, რომელსაც ზოგჯერ ცალკე ოჯახადაც გამოყოფენ. უმრავლესობა მრავალწლოვანი ფესურიანი მცენარეა, აქვს უხვად დატოტვილი გამერქნებული ღერო. სიმაღლე ზოგჯერ 40 მ აღემატება. დიამეტრი 30 სმ-მდეა. ფოთოლი ხალთიანი და მოკლე ყუნწიანია. ყვავილებს ჩვეულებრივ 6 მტვრიანა აქვს. ყვავილობს ან ყოველ წელს, ან რამდენიმე ათეულ წელში ერთხელ. ყვავილობის შემდეგ ბევრი ბამბუკისებრნის მიწისზედა ნაწილი კვდება. სახეობათა უმრავლესობა (600) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და მალაია არქიპელაგის ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. მცირე ნაწილი, რომელიც შეგუებულია ზომიერ ჰავას, ველურად იზრდება აღმოსავლეთ აზიაში. სახალინსა და კურილის კუნძულებზე გვხვდება რამდენიმე სახეობა. დაახლოებით 20 სახეობა კულტივირებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე - უფრო ბათუმის რაიონში, სადაც შემოიტანეს XIX საუკუნის II ნახევარში. სამრეწველო მნიშვნელობა აქვს Pleioblastus-ის, Phyllostachys-ისა და ნაწილობრივ Arundinaria-ს სახეობებს, დანარჩენი კი მოშენებულია დეკორატიული მცენარედ. საქართველოში ბამბუკის სამრეწველო პლანტაციას 30 ჰა-ზე მეტი უკავია. ერთეული ნარგავები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოშიც. ბამბუკისაგან აშენებენ ხიდებს, მსუბუქ სახლებს, ტივებს, ამზადებენ ავეჯს, ჭილოფებს, კალათებს, ქაღალდსა და სხვა. ხმარობენ წყალსადენ მილებად, ნორჩ ყლორტს იყენებენ საჭმელად, ზოგიერთი სახეობის გულგული შეიცავს ტკბილ წვენს, რომლისგანაც ბამბუკის შაქარს ამზადებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]