ტერეზა ფონ ბრუნსვიკ დე კორომპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერეზა ბრუნსვიკი
Tereza Brunsvik.jpg
დაბადების სახელი ტერეზა ჟოზეფა ანა იოჰანა ალოიზია ბრუნსვიკი
დაბადების თარიღი 27 ივლისი 1775
პრესბურგი, ავსტრიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 23 სექტემბერი (ან 17 სექტემბერი) 1861 (86 წლის)
პეშტი, ავსტრია-უნგრეთი
ქვეშევრდომობა ავსტრიის იმპერიის დროშა ავსტრიის იმპერია
საქმიანობა პედაგოგი, აღმზრდელი
მშობლები მამა: გრაფი ანტონ ბრუნსვიკ დე კორომპი
დედა: ბარონესა ელიზაბეტ ვანკელ ფონ ზიბერგი

ტერეზა ფონ ბრუნსვიკ დე კორომპა (გერმ. Therese von Brunsvik de Korompa, უნგრ. Brunszvik Teréz; დ. 27 ივლისი, 1775, პრესბურგი — გ. 23 სექტემბერი, 1861, პეშტი) —ავსტრიელი და უნგრელი განმანათლებელი, პედაგოგი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ერთ-ერთი ახლო მეგობარი,  უნგრეთში საბავშვო ბაღების დამაარსებელი. უნგრეთის თავადაზნაურობის წარმომადგენელი, ჟოზეფინა, შარლოტა და ფრანც ბრუნსვიკების და. ასევე ცნობილია, როგორც ავსტრიის იმპერიაში უნგრული ენისა და კულტურის დამცველი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერეზია ჟოზეფა ანა იოჰანა ალოიზია ბრუნსვიკი ( ნათლობის სახელი) დაიბადა 1775 წლის 27 ივლისს პრესბურგში (ახლანდელი ბრატისლავა, სლოვაკეთი). იგი გახლდათ გრაფ ანტონ ბრუნსვიკ დე კორომპისა და მისი მეუღლის, იმპერატრიცა მარია ტერეზას ფრეილინა ბარონესა ელიზაბეტ ვანკელ ფონ ზიბერგის ოთხი შვილიდან უფროსი. ბავშვები ერთად იზრდებოდნენ მანამ, სანამ 1793 წელს მამა არ გარდაიცვალა.  მან ოჯახს საკმარისი თანხა დაუტოვა. ოჯახი ზამთარს კენიგსბერგ-ინ-ოფენის დიდ მამულში ატარებდა, სადაც ბავშვები სწავლობდნენ. ზაფხულში დებს  მარტონვაშარის მდიდარ მამულში სეირნობის საშუალება ეძლეოდათ, სადაც ისინი კითხვით, მუსიკით, ცხენებზე ჯირითით ერთობოდნენ  ან უბრალოდ ტბაზე ნავით ცურავდნენ. ტერეზა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა: უკვე ექვსი წლის ასაკში ესწრებოდა კონცერტებს ციხესიმაგრეში და უსმენდა ანტონიო როსეტის გამოსვლებს. გოგონას მშვენიერი კონტრალტო ჰქონდა:  მშობლების მამულში ხშირად მღეროდა კონცერტებსა და საღამოებზე, ასევე ლამაზად უკრავდა ფორტეპიანოზე, რადგან მისი  პედაგოგი თავად კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი გახლდათ. ტერეზამ  კარგი განათლება მიიღო. გერმანულის გარდა, თავისუფლად საუბრობდა და წერდა ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე, კარგად ხატავდა. თუმცა მან სიცოცხლე  ბავშვების აღზრდას მიუძღვნა.

პედაგოგიური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1828 წლის 1 ივნისს ქალაქ ბუდაში დაარსდა პირველი საბავშვო ბაღი (რობერტ ოუენის მაგალითზე, რომელმაც  ნიუ-ლანარკში 12 წლით ადრე გახსნა საბავშვო ბაღი) სახელწოდებით "ანგელოზების ბაღი" (უნგრ. Angyalkert, გერმ. Engelsgarten), რომლის ხელმძღვანელი  თავად გრაფინია ბრუნსვიკი გახლდათ. [2]

საბავშვო ბაღის გახსნამ სერიოზულად შეაშფოთა ავსტრიის ხელისუფლება: ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა გადაწყვიტა, რომ საბავშვო ბაღებში ისინი აპირებდნენ უნგრელი ბავშვების  „განსაკუთრებულად“აღზრდას და მათგან პოტენციური რევოლუციონერების— პატარა „კარბონარების“ მომზადებას. ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ბრუნსვიკს პედაგოგიური საქმიანობა არ შეუწყვეტია, მან ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნა.

ტერეზა ბრუნსვიკი, 1860

გრაფინიამ მრავალი წელი გაატარა საზღვარგარეთ, ეწვია ბავარიას და იტალიას, ასევე დიდ ქალაქებს — დრეზდენს, ჟენევას, პარიზს და ა. შ. მიუნხენსა და აუგსბურგში დიდებულებმა ბრუნსვიკთან ერთად ჩამოაყალიბეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები,  რომლებიც მოგვიანებით საბავშვო ბაღების სახელით გახდა ცნობილი.1834 წელს ბრუნსვიკის დაჟინებული მოთხოვნით ჩამოყალიბდა ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ქალთა ასოციაცია, რომელმაც აიღო ორი ახალი საბავშვო ბაღის აშენებისა და მოვლის ხარჯები. გრაფინია ბრუნსვიკის საქმიანობა კარგად იყო ცნობილი ჟენევაში. მასწავლებელმა იოჰან პესტალოციმ მასთან ივერდონში დიდი დრო გაატარა და დადებითი შეფასება მისცა ტერეზას საქმიანობას. ამ  შეხვედრამ გარკვეულწილად განაპირობა  ბრუნსვიკის მომავალი:  იგი გახდა  უნგრეთში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და ქალთა განათლების პიონერი. ტერეზა ბრუნსვიკმა დააარსა 11 საბავშვო ბაღი, პროფესიული სასწავლებელი, გოგონების უმაღლესი სასწავლებელი (მას დაეხმარა დისშვილი გრაფინია ბლანკა ფონ ტელეკი ),  დიასახლისების სკოლა. 1836 წელს შეიქმნა საბავშვო ბაღების დაარსების კლუბიც. სიცოცხლის ბოლომდე ბრუნსვიკმა თავისი ძალისხმევით მოახერხა საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების (მათ შორის ობლებისთვის) რაოდენობა  80-მდე გაეზარდა. მან მოუწოდა მთავრობას დახმარებოდა საბავშვო ბაღების მასწავლებლების მომზადებაში, დაწერა რამდენიმე წიგნი ახალგაზრდების განათლების მნიშვნელობის შესახებ. 1837 წლიდან უნგრეთში არსებობდა საბავშვო ბაღების მასწავლებელთა მომზადების ცენტრი: 1959 წლის 1 სექტემბრიდან ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის გადაცემულ დოკუმენტს პედაგოგიური განათლების დიპლომის ძალა მიენიჭა.[3]

1848 წლიდან ტერეზა ბრუნსვიკი, რომელიც თავისი დის, ჟოზეფინას ოთხ შვილს ზრდიდა, გამოვიდა ავსტრიის ჩაგვრის წინააღმდეგ  უნგრელი უმცირესობის უფლებების დამცველად.  გრაფინიას ძალისხმევით დაიწყო ბავშვებისთვის სპეციალური სკოლების შექმნა, სადაც განათლება უნგრულ ენაზე მიმდინარეობდა, ბავშვებს ასწავლიდნენ უნგრულ ხელოვნებას, ისინი იზრდებოდნენ  უნგრულ კულტურულ გარემოში.  ზოგიერთის აზრით, სწორედ ბრუნსვიკის წყალობით გამოჩნდა ქვეყანაში უნგრელი პატრიოტების ახალი თაობა.

ტერეზა ბრუნსვიკი გარდაიცვალა 1861 წლის 23 სექტემბერს პეშტში. ის არასოდეს გათხოვილა. ითვლებოდა, რომ ამის მიზეზი მისი უიღბლო სიყვარული იყო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიმართ.

ბრუნსვიკი და ბეთჰოვენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერეზა ბრუნსვიკის ბიუსტი. ბუდაპეშტი, 1994

ტერეზა ბრუნსვიკი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ვენაში 1796-1799 წლებში. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ტერეზას ფორტეპიანოს პედაგოგი გახდა. თავად კომპოზიტორი ძალიან კმაყოფილი იყო თავისი მოსწავლით, იგი რამდენჯერმე მივიდა ბრუნსვიკის მამულში და დაუმეგობრდა ტერეზას ძმას, ფრანცს. დიდი ხნის განმავლობაში ტერეზას უმნიშვნელო ადგილი ეკავა ბეთჰოვენის ცხოვრებაში. კომპოზიტორს ჯერ  ტერეზას ბიძაშვილი ჯულიეტა უყვარდა, შემდეგ კი — მისი და, ჟოზეფინა (არსებობს ვერსია, რომ ჟოზეფინას ბეთჰოვენისგან შეეძინა გოგონა, მინონა 1813 წელს). ტერეზა თავის დღიურებში წერდა ბეთჰოვენთან მრავალი შეხვედრის შესახებ, ხოლო 1806 წლის მაისში იგი, სავარაუდოდ,  გახდა კომპოზიტორის საცოლე. გაურკვეველია, რა მიზეზით არ შედგა ქორწინება. ერთ-ერთი ვერსიით, თავად ბეთჰოვენმა გაწყვიტა კავშირი თავისი რთული ხასიათის გამო, ასევე არ სურდა გაემჟღავნებინა სიმართლე იდუმალი ურთიერთობების შესახებ. სხვა ვერსიით, ქორწინების წინააღმდეგ თავად ტერეზას ოჯახი წავიდა.

გავრცელებული ლეგენდის თანახმად, 1827 წლის 27 მარტს, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის გარდაცვალების დღეს, კომპოზიტორის ოთახის დათვალიერებისას, კარადაში იპოვეს ტერეზა ბრუნსვიკის პორტრეტი და სასიყვარულო წერილი. წერილში ბეთჰოვენი მიმართავდა „უკვდავ შეყვარებულს“.[4] ბეთჰოვენის მოღვაწეობისა და ცხოვრების მრავალი მკვლევარი თვლის, რომ ტერეზა ბრუნსვიკი იყო კომპოზიტორის შეყვარებული, მაგრამ ამის კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს. ტერეზა ბრუნსვიკმა საკუთარი პორტრეტი ბეთჰოვენს თავად აჩუქა წარწერით: "იშვიათ გენიოსს, დიდ მხატვარს, შესანიშნავ ადამიანს".[5][6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Erika Hoffmann  (გერმ.). (Hrsg.), Friedrich Fröbel an Gräfin Brunszvik. Aus der Werdezeit des Kindergartens, Berlin 1944
  • La Mara, Beethovens Unsterbliche Geliebte  (გერმ.)რუს. Das Geheimnis der Gräfin Brunsvik und ihre Memoiren. Leipzig: Breitkopf & Härtel 1909.
  • La Mara, რუს. Beethoven und die Brunsviks, Leipzig: Siegel 1920.
  • Marianne Czeke, Brunszvik Teréz grófno naplói és feljegyzései [Gräfin Therese Brunsviks Tagebuch und Notizen], Band 1, Budapest 1938.
  • Proska Benes, Gräfin Brunsvik und die Kleinkindererziehung ihrer Zeit, Szeged 1932.
  • Paul Mies. Brunswik v. Korompa, Theresia // Neue Deutsche Biographie (გერმ.)რუს.. — Berlin: Duncker & Humblot, 1955, ISBN 3-428-00183-4. — Bd. 2. — S. 689—689.
  • Christa Beichler, Therese von Brunswick und ihr Lebensauftrag zwischen Beethoven und Pestalozzi, Rendsburg: Lohengrin-Verlag, 1993.
  • Lars Hendrik Riemer (Hg.), Das Netzwerk der ‚Gefängnisfreunde‘ (1830–1872). Karl Josef Anton Mittermaiers Briefwechsel mit europäischen Strafvollzugsexperten, Frankfurt am Main: Verlag Klostermann, 2004, ISBN 3-465-03405-8 S. 1491
  • Gisela Gary: Wir sind keine Tanten! Die Kindergärtnerin: Zur Geschichte eines Frauenberufs in Österreich, Strasshof 2006.
  • Beethoven aus der Sicht seiner Zeitgenossen in Tagebüchern, Briefen, Gedichten und Erinnerungen, hrsg. von Klaus Martin Kopitz und Rainer Cadenbach unter Mitarbeit von Oliver Korte und Nancy Tanneberger, 2 Bände, München: Henle-Verlag, 2009, Nr. 133–161, ISBN 978-3-87328-120-2.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Therese Brunswick // [Therese Brunswick Frauen in Bewegung 1848–1938] — Австрийская национальная библиотека, 2006. (რუს./გერმ)
  2. Public Preschool Education In Hungary: A Historical Survey, 1980
  3. Theresia Gräfin Brunsvik von Korompa (1775-1861). Eine ungarische Adelige als Wegbereiterin der öffentlichen Vorschulerziehung (გერმ.)
  4. Письмо «Бессмертной возлюбленной» (Unsterbliche Geliebte). beethoven.ru. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2019.(რუს./გერმ)
  5. La Mara (1909) [Ida Maria Lipsius]: Beethovens Unsterbliche Geliebte. Das Geheimnis der Gräfin Brunsvik und ihre Memoiren. Leipzig: Breitkopf & Härtel.(გერმ.)
  6. Marianne Czeke (1938): Brunszvik Teréz grófno naplói és feljegyzései. [Countess Therese Brunsvik's Diaries and Notes.] Vol. 1. Budapest.