ტაიპი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ტაიპი“
Typee: A Peep at Polynesian Life

პირველი ამერიკული გამოცემა
ავტორი ჰერმან მელვილი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამოცემის თარიღი 1846
მედია ბეჭდური
გვერდი 154
მომდევნო Omoo

ტაიპი (ინგლ. Typee: A Peep at Polynesian Life) 一 ამერიკული რენესანსის წარმომადგენლის, ჰერმან მელვილის რიგით პირველი რომანი, რომელიც, თავდაპირველად, 1846 წელს გამოქვეყნდა. წიგნი ავტორმა ოცდაექვსი წლის ასაკში გამოსცა და საყოველთაოდ დაუმკვიდრა სახელი სათავგადასავლო ლიტერატურაში. ნაწარმოები ავტორის მიერ მარკიზის არქიპელაგზე გატარებული პერიოდითაა შთაგონებული 一 წყნარი ოკეანის სამხრეთში არსებულ კუნძულ ნუკუ ჰივაზე, თავად ნაწარმოების სათაური კი ამავე კუნძულზე არსებული ტაიპავის ხეობიდან მომდინარეობს, რომელიც ოდესღაც ტაიპის სახელით იყო ცნობილი.[1]

წიგნმა ავტორს მყისვე მოუპოვა პოპულარობა, ტაიპი მელვილის სიცოცხლეში მის ყველაზე განთქმულ ტექსტად იქცა, რამაც მწერალს „კანიბალებს შორის მცხოვრების“ რეპუტაცია მოუხვეჭა.[2]

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა მელვილმა, რომელმაც მამა ადრე დაკარგა, განიზრახა, თავის შესანახად სხვადასხვა სამსახურისთვის მიემართა. ოჯახსა და ნათესავებზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად, მან რიგით გემზე ჯერ იუნგად (ე.წ. მატროსად) დაიწყო მუშაობა, თუმცა, მოგვიანებით, 1841 წელს იგი მეზღვაური ხდება ვეშაპმჭერ გემზე, სახელად 一 „აკუშტენი“.[3] ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, იმავე წლის 23 ივნისს, გემი გაჩერდა წყნარ ოკეანეში არსებულ მარკიზის კუნძულებზე, უფრო კონკრეტულად კი ნუკუ ჰივას ყურეში. მწერალი, საკუთარ მეგობართან - ტობიასთან - ერთად, მომენტალურად გამოიქცა გემიდან, რამდენადაც მათ ვერ გაუძლეს სამსახურში ყოფნის მძიმე პირობებს. 9 ივლისიდან 9 აგცისტომდე ისინი პოლინეზიელ კანიბალთა შორის აღმოჩნდნენ. ერთი შეხედვით, აქ მათ ადგილობრივებმა კეთილად უმასპინძლეს, თუმცა, დროთა განმავლობაში, მეგობრები ხვდებოდნენ, რომ აქ ისინი მძევლებად ჰყავდათ გამომწყვდეული. აქედან მალევე ჰერმანი კარგავს კონტაქტს ტობიასთან. მარტო დარჩენილი მწერალი გაქცევის გეგმას შეიმუშავებს, რასაც მალევე შეუასრულებს კიდევაც 一 ადგილობრივთაგან დასხლტომის შემდეგ, იგი ავსტრალიურ ვეშაპმჭერ გემზე, სახელად “Lucy Ann” აღმოჩნდება. რამდენიმეწლიანი ძლიერი შტორმებისა და ოკეანეში მიმოსვლის შემდეგ, მელვილი ამერიკაში ბრუნდება.

1844 წლის დეკემბერში, მელვილმა საკუთარ პირველ რომანზე მუშაობა დაიწყო.[4] თავდაპირველად, მან საკუთარი ხელნაწერი გამოსაქვეყნებლად გამომცემლობა "Harper and Brothers"-ში წარადგინა, თუმცა გამომცემლობამ ამის თაობაზე უარი განაცხადა, რამდენადაც, მათი აზრით, „დასაჯერებლად ზედმეტად ფანტასტიკური“ იყო. წიგნი ერთდროულად ორ ქვეყანაში გამოიცა: 1846 წლის თებერვალში ლონდონში, ხოლო ამავე წლის მარტში ნიუ-იორკში, გამომცემლობა “Wiley and Putnam”-ში. მიუხედავად საწყისად საკმაოდ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა და კრიტიკისა, წიგნის გამოცემიდან მალევე ავტორს მისი დაკარგული მეგობარი, ტობიას გრინი დაუკავშირდა. ამ უკანასკნელმა კი ჟურნალ Commercial Advertiser-ისთვის მიცემულ წერილში დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ნაწარმოებში აღწერილი ყოველი გარემოება სიმართლეს შეესაბამებოდა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდ ტობიას გრინი 一 რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი, 1846

ექვსთვიანი ნაოსნობის შემდეგ, ვეშაპმთმჭერი გემი კუნძულ ნუკუ ჰივას ყურეში ჩერდება. ორი თანამეგზური გემიდან, ამ უკანასკნელში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, გაქცევას გადაწყვეტს. ისინი განიზრახავენ, გადავიდნენ სანაპიროზე, დაელოდონ ამ გემის წასვლას და შემდეგ სხვა გემის ბორტზე ავიდნენ, თუმცა მათ, მოულოდნელად, ისინი ტომი და ტობი (ტომი - მთავარი გმირი, ტობი - მისი მეგობარი) კუნძულზე დაიკარგებიან. შიმშილითა და წყურვილით გატანჯუულები, ისინი ერთ თვალწარმტაც ხეობას მიაღწევენ, სადაც ადგილობრივი აბორიგენები ცხოვრობენ. მეზღვაურები იგებენ, რომ ადგილობრივ ტომებს შორის ყველაზე სასტიკი კანიბალები ტაიპიები არიან, თუმცა, თეთრკანიანებს იმედი აქვთ, რომ ხეობა არანაკლებ მშვიდობიანი მოსახლეობითაცაა დასახლებული.

როდესაც ისინი ხეობამდე აღწევენ, აღმოაჩენენ, რომ ტაიპ კანიბალების გარემოცვაში აღმოჩნდნენ, თუმცა ადგილობრივები მათ პატივისცემით უმასპინძლდებიან. მალე კუნძულს რამდენიმე ნავი მიაშურებს, ტობი სიტუაციის გასარკვევად სანაპიროსკენ გაემართება, ხოლო ტომი ადგილობრივებთან დარჩება, რადგან ფეხი აქვს ნატკენი. მოულოდნელად, ტობი უჩინარდება. ტომს თავში არაერთი აზრი უტრიალებს 一 ერთის მხრივ, ფიქრობს, რომ მისმა მეგობარმა მას უღალატა და განსაცდელში მიატოვა, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ტობი ადგილობრივთა მსხვერპლი აღმოჩნდა. იმავდროულად, ტაიპების ქცევა საკმაოდ უცნაურია: ისინი სტუმარს ყურადღებას არ აკლებენ და, ამავდროულად, თითქოს მძევლად ჰყავთ დაყუდებული, რამდენადაც არ აძლევენ ხეობის დატოვების საშუალებას. ტექსტის დიდი ნაწილი ეთმობა მათი წეს-ჩვეულებების, კულტურისა და ცხოვრების წესის აღწერას. მწერალი ხაზს უსვამს მათი ბუნების, მსოფლმხედველობის, ცხოვრების წესის ჰარმონიულ თავსებადობას, მიუხედავად ამაზრზენი კანიბალისტური წეს-ჩვეულებებისა. ამავდროულად, მოჰყავს ისტორიული ფაქტები თეთრკანიანთა მიერ კოლონიზირებისა და ტომელების დამონების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ის საკუთარ „თვისტომელებს“ ფარისევლობასა და დაუდევრობაში ამხელს.

მალე, სანაპიროსთან ახალი გემი გამოჩნდება. პროტაგონისტს იმედი ეძლევა, რომ ბორტზე აღმოჩნდება და ადგილობრივებს თავს დააღწევს, თუმცა ეს ადვილი არ აღმოჩნდება. კულმინაციურ მომენტში ტაიპები იწყებენ დევნას, არ სურთ საყვარელი სტუმრის დაკარგვა, მაგრამ ტომი მაინც ახერხებს გაქცევას. ის ჩადის ნუკუ ჰივას ყურეში, საიდანაც გაემგზავრება ავსტრალიური გემით. ტობის ბედი მისთვის უცნობი რჩება.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოქვეყნებისთანავე რომანმა უმალ მიიპყრო სხვა ინგლისურენოვანი მწერლების ყურადღება, მათ შორის ვაშინგტონ ირვინგმა, ჰენრი ლონგფელომ და ნათანიელ ჰოთორნმა წიგნი დადებითად შეაფასეს.

ჟურნალ The Kickerbocker-ში რომანი ბარონ მიუნჰაუზენს შეადარეს და მოიხსენიეს, როგორც „მიუნჰაუზენიზმის მომცრო ნაწილი“.[5] ნიუ-იორკელმა გამომცემელმა ევერტ ავგუსტუს დიუკინკმა ნათანიელ ჰოთორნისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ „ეს არის ცოცხალი და სასიამოვნო წიგნი, შესაძლოა, სრულებით არაფილოსოფიური“.[6]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები იტნერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Christian, F.W., Nuku and Uia-Ei, 1895, "Notes on the Marquesans," Journal of the Polynesian Society 4(3):187-202. Page 200
  2. https://books.google.com/books?id=4pQS7K_zSikC&q=neither+literal+autobiography+nor+pure+fiction 291-294
  3. Мелвилл Г. Тайпи. — Симферополь: Таврия, 1990. — С. 336.(რუსული)
  4. https://books.google.com/books?id=4pQS7K_zSikC&q=neither+literal+autobiography+nor+pure+fiction 291-294
  5. https://books.google.com/books?id=4pQS7K_zSikC&q=neither+literal+autobiography+nor+pure+fiction 291-294
  6. https://books.google.com/books?id=4pQS7K_zSikC&q=neither+literal+autobiography+nor+pure+fiction 291-294