შინაარსზე გადასვლა

რობერტ სტურუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სტურუა, რობერტ რობერტის ძე)
რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა
დაბადების თარიღი 31 ივლისი, 1938 (1938-07-31) (88 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტეს სარეჟისორო ფაკულტეტი (1956–1961)
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
პროფესია რეჟისორი
საქმიანობა მსახიობი, თეატრის რეჟისორი, თეატრის დირექტორი[1] , კინორეჟისორი, theatrical occupation, theatre maker, theatre troupe, opera director, კინემატოგრაფისტი[2] და რეჟისორი[1]
მეუღლე(ები) დუდანა კვესელავა (1939)
შვილ(ებ)ი გიორგი (1968), მიხეილი (1973).
მშობლები მამა: რობერტ ივანეს ძე სტურუა
დედა: ცუცა (მაყვალა) ბოლქვაძე.
ჯილდოები შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1981),
ინგლისური კრიტიკის პრემია (1980),
სსრკ სახალხო არტისტი (1982)

რობერტ სტურუა (დ. 31 ივლისი, 1938, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1982).

რეჟისორის მამა, რობერტ ივანეს ძე სტურუა ცნობილი მხატვარია, რომლის ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. დედა - ცუცა (მაყვალა) ბოლქვაძე. მეუღლე – დუდანა კვესელავა (1939). შვილები – გიორგი (1968), მიხეილი (1973).

1961 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980-2011 წლებში იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელიც.

1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ართურ მილერის „სეილემის პროცესი“, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა. მისი მეორე მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც თემურ ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა სპექტაკლს „ხანუმა“, რომელშიც მხიარული, კომიკური, მაგრამ რეალისტური პერსონაჟები ბუნებრივად ებმებიან პირობით თამაშში.

1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება „რობერტ სტურუას თეატრი“. პ. კაკაბაძის „ყვარყვარეში“ სტურუამ ჩასვა სცენა ბერტოლტ ბრეხტის პიესიდან „არტურ უის კარიერა“. აქედან დაიწყო სტურუას შემოქმედებაში ბრეხტის პერიოდი, რაც რეალობის თეატრალურ მოდელირებას გულისხმობდა. ამ დროს სტურუა მჭიდროდ თანამშრომლობდა რამაზ ჩხიკვაძესთან, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა სტურუას სპექტაკლებში: შექსპირის „რიჩარდ III“ (1979) და ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (1975).

1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება: თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ (1980), მ. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (1980), რ. სტურუას, ლილი ფოფხაძისა და ავთანდილ ვარსიმაშვილის „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ (1981), რ. იბრაგიმბეკოვის „დაკრძალვა კალიფორნიაში“ (1983) და ა.შ.

1987 წელს სტურუამ დადგა „მეფე ლირი“. მასში გამოიკვეთა რეჟისორის მიდრეკილება ფილოსოფიური რეჟისურისადმი, რომელშიც სამყაროს თეატრალური ხედვა ტრაგიკულ ფინალს ერწყმის. კალდერონის პიესით, „ცხოვრება სიზმარია“, სტურუას შემოქმედებაში უკვე მეტაფიზიკური რეალობა შემოდის.

1994 წელს სტურუამ ი. გოგებაშვილის დედაენის მიხედვით დადგა სპექტაკლს „იაკობის სახარება“. 1996 წელს იქმნება „ლამარა“, გ. რობაქიძის ლირიკულ-მითოლოგიური დრამის მიხედვით. 1997 წელს ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ განსაკუთრებით პოპულარული ხდება ახალგაზრდა თაობაში. 1998 წელს რეჟისორ დავით საყვარელიძესთან ერთად სტურუამ დადგა კარლო გოცის პიესა „ქალი-გველი“. ამავე წელს მოსკოვში თეატრ „სატირიკონში“ იდგმება სტურუას „ჰამლეტი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კ. რაიკინი. 2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში „Et cetera“ იდგმება „შეილოკი“ (უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ მიხედვით).

სტურუა მჭიდროდ თანამშრომლობდა მხატვარ გიორგი ალექსი-მესხიშვილთან და კომპოზიტორ გია ყანჩელთან. რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ანუის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო პრემიები

  • ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია (1975)
  • ინგლისური კრიტიკის პრემია (1980)
  • იტალიური კრიტიკის პრემია (1981)
  • არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია (1988)
  • რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრემია - „პრეზიდენტის ოქროს მედალი“ (1998)
  • „თოლია“, ყველაზე ორიგინალური რეჟისორული ინტერპრეტაციისთვის (მოსკოვი, 1998)
  • ფესტივალ „ბალტიური სახლის“ მთავარი პრემია (1998)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #132900076 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  3. ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1976. №8. გვ. 252
  4. ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1980. №6. გვ. 4
სტატიას „რობერტ სტურუა“ წარსულში მინიჭებული ჰქონდა რჩეული სტატიის სტატუსი. ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიამ „რობერტ სტურუა“ ეს სტატუსი დაკარგა.