სიღნაღის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიღნაღის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღნაღის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, მაგრამ გარე მასები ისეა დანაწევრებული, რომ სამნავიანი ეკლესიის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ შტაბეჭდილებას ქმნის ინტერიერის გრძივ კედლებში მოწყობილი სამ-სამი ღრმა ნიშა, თაღოვანი უბე. თაღები საკმაოდ მასიურ შვერილ პილასტრებზე გადადის. კედლები დანაწევრებულია თაღებით, რომლებშიც სარკმლებია გაჭრილი. საკურთხევლის აფსიდა ძირითად სივრცეზე ვიწროა. მის გვერდით პასტოფორიუმებია მოწყობილი. დარბაზი გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით, რომელიც ორ საბჯენ თაღზე გადადის. საკურთხევლის აფსიდის წინ კანკელია აღმართული. დასავლეთით იყო ხის პატრონიკე, რომელიც ამჟამად მოხსნილია. კედელში დარჩენილია ბუდეები. პატრონიკეზე ასასვლელი კედლის სისქეშია.

ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს — დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. გარედან ეკლესია საკმაოდ მოხდენილი პროპორციებისაა. გაირჩევა ორი სამშენებლო ფენა. გვერდითა ნავების კედლები ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი, მშნენებლობაში გამოყენებულია აგურიც. ეს უფრო ადრეულია. უფრო მოგვიანო ხანის უნდა იყოს შუა ნავის აგურით ნაშენი ზედა ნაწილი. ფასადები ფრონტონებით სრულდება, რომელშიც ორ-ორი თაღოვანი ჩაღრმავებაა თავზე აგურით გამოყვანილი დეკორატიული ფრონტონებით; ხოლო კეხში ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ცენტრალური ნავის თავზე აღმართულია პატარა ფანჩატური.

ეკლესია ნაწილობრივ ძველი გალავნითაა შემოზღუდული. გალავანი რიყის ქვითაა ნაშენი. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით გალავანის მაღალი, მრგვალი კოშკია, რომელზეც სამრეკლოა დაშენებული. კოშკი XVIII საუკუნით თარიღდება. იგი ორსართულიანია. მეორე სართულზე მოგვიანო პერიოდში მიშენებული აგურის კიბე ადის. საკუთრივ სამრეკლოს ფანჩატური XIX საუკუნეშია აგებული. ის მთლიანად აგურისაა. სახურავის ქიმზე აღმართულია ჯვარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 235