სიმონ გოგიბერიძე
სიმონ გოგიბერიძე (დ. 1900, ხიდისთავი — გ. 8 დეკემბერი, 1970) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმონ გოგიბერიძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავში, აზნაურ ლევან გოგიბერიძისა და სოფიო მგალობლიშვილის შეძლებულ ოჯახში. ლევან გოგიბერიძეს სასულიერო სამინარია ჰქონდა დამთავრებული და სოფლის სკოლაში მასწავლებელი იყო და 1906 წელს 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიმონს ჰყავდა ორი და — ნინო და თამარი.
სიმონმა პირველდაწყებითი, ორკლასიანი განათლება ხიდისთავში მიიღო. შემდეგ დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.
სემინარიაში ყოფნის პერიოდში მეგობრობდა სოციალ-დემოკრატებთან და სოციალისტ-ფედერალისტებთან, მაგრამ პარტიაში არ გაწევრიანებულა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გაწევრიანდა ვაკეში განლაგებულ „თბილისის მსროლელთა ათასეულში“. იმავე წლიდან გოგიბერიძე უკვე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. აქედან მოყოლებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლო დღეებამდე ირიცხებოდა სამხედრო ნაწილების მებრძოლ შემადგენლობაში. მოგვიანებით „ნაცვალთა და მეტყვიამფრქვევეთა სასწავლებელი“ დაამთავრა და 1920 წელს ოფიცრის ხარისხი მიიღო. მონაწილეობდა ოსმალეთის და თეთრი რუსეთის და ბოლშევიკური რუსეთისს წინააღმდეგ ბრძოლებში. საბჭოთა ოკუპაციის დროს იბრძოდა გაგრის ფრონტზე, სადაც რამდენიმე თვით დაატყვევეს..
1922 წლიდან იყო ჩოხატაურის სამხედრო ორგანიზაციების შტაბის უფროსი და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ერთ-ერთი მეთაური გურიაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ სიმონ გოგიბერიძე, სხვებთან ერთად, საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში, სადაც თავი ფიზიკური შრომით გაჰქონდა და პარტიულ მუშაობასაც აგრძელებდა. 1938 წელს პარიზში გამოსცა წიგნი „ბრძოლა სამშობლოსთვის“, რომელშიც აღწერა 1921-1924 წლები და აგვისტოს აჯანყება გურიაში.
1939 წლს აფრიკისა და არაბული ქვეყნების გავლით ჩავიდა თეირანში, საიდანაც დათიკო ერქომაიშვილთან ერთად გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე და 1940 წლის 20 აპრილს მაჭახელიდან შეიპარნენ საქართველოს სსრ-ში.
მათ თან ჰქონდათ პარიზში გამომავალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოველთვიური ჟურნალი „ბრძოლის ხმა“, სადაც საქართველოს ემიგრირებული მთავრობისაა და პარტიების განმარტებები მეორე მსოფლიო ომის თაობაზე. საქართველოში გოგიბერიძემ 31 დღე დაჰყო. ამ პერიოდში მან საიდუმლოდ ინახულა დედა, 10 დღით გაჩერდა მშობლიურ სახლში და მერე მეზობელის დახმარებით გადავიდა თურქეთში. ამ ფაქტის გამო სოფიო მგალობლიშვილი დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს, ხოლო 1949 წელს გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც გარდაიცვალა 1955 წელს. მასთან იმ დროს იმყოფებოდა მისი ქალიშვილი თამარი, რომელმაც დედის ნეშტი თბილისში გადაასვენა და კუკიის სასაფლაოზე დაკრძალა.
1942 წლის ივნისის თვეში სიმონ გოგიბერიძე ხელმეორედ შევიდა საქართველოში და იქ 35 დღე დარჩა. უკან გაბრუნებისას იგი დააპატიმრეს. 27 თვის განმავლობაში იყო წინასწარ პატიმრობაში, მაგრამ წამების მიუხედავად, ვერ გატეხეს.საბოლოოდ მიუსაჯეს ოცდახუთწლიანი პატიმრობა. სასჯელი მოიხადა ვლადიმირის ციხეში.
1967 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ცხოვრობდა თბილისში, ერთოთახიან ბინაში ზღვისუბანში. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას, შეასრულა ქართულ-ფრანგული ლექსიკონის ორტომეულის სრული კორექცია, ასწავლიდა ფრანგულ, გერმანულ და თურქულ ენებს. მუშაობდა ეთნოგრაფიული ხასიათის ნარკვევზე მაჭახელის მუსლიმ ქართველებზე. გარდაიცვალა 1970 წლის 8 დეკემბერს. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ვკვდები“. დაკრძალულია კუკიაზე, დედისა და დების გვერდით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგიბერიძე, სიმონ. ბრძოლა სამშობლოსათვის თბ., 1991.
- რუხაძე რუსუდან. „მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ვკვდები"... : პოლიტიკური ემიგრანტის სიმონ გოგიბერიძის ცხოვრება და ბედი // საქართველოს რესპუბლიკა. 2016. გვ. 7