დამოუკიდებელი საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„დამოუკიდებელი საქართველო“ (ფრანგ. La Géorgie Indépendante) — ყოველთვიური ქართულენოვანი გაზეთი, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანებული ფრონტის ორგანო. გამოდიოდა პარიზში 1926–1939 (№1–159) წლებში. იბეჭდებოდა გაზეთის ფორმატზე 4 გვერდად (ზოგჯერ 8 გვერდადაც), 1928 წლიდან 1939 წლამდე კი (№25–159) გამოდიოდა 16-გვერდიანი ჟურნალის სახით. გაზეთის რედაქტორები იყვნენ ცნობილი ქართველი ემიგრანტი მოღვაწეები: იოსებ გობეჩია, გრიგოლ ურატაძე და სამსონ ფირცხალავა. გაზეთთან თანამშრომლობდნენ ქართველი და უცხოელი ავტორები: ნოე ჟორდანია, გიორგი გვაზავა, ი. გობეჩია, შალვა ამირეჯიბი, ს. ფირცხალავა, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ასათიანი, მიხეილ წერეთელი, იესე კეჭაყმაძე, ნიკოლოზ ჭუმბურიძე, ე. შტრაუსი, რ. მაკდონალდი, ე. ბერშტეინი, ა. რენბერგი და სხვ.

„დამოუკიდებელი საქართველოს“ პროგრამა, მიზანი და მიმართულება ასახულია 1926 წლის №1-ში გამოქვეყნებულ მოწინავე წერილში — „დამოუკიდებლობისაკენ. მთლიანი ფრონტით დამოუკიდებლობისაკენ!“. გაზეთს ჰქონდა მუდმივი რუბრიკები: „საქართველოს საკითხი უცხოეთში“, „რუსთაველიანა“, „ქართველები პარიზში“ და სხვ. გაზეთში ქვეყნდებოდა ისტორიული დოკუმენტები, უნიკალური პუბლიკაციები და ფოტოილუსტრაციები. აღსანიშნავია 1927 წლის №17-ის პუბლიკაცია, სადაც გამოქვეყნებულია დამოუკიდებლობის გამოცხადების დღესთან — 1918 წლის 26 მაისთან დაკავშირებული უცნობი დეტალები, ასევე 1933 წელს (№86–92) გამოქვეყნებულია წერილების სერია „აფხაზეთი უახლოეს წარსულში და დღეს“, რომელშიც დეტალურადაა დახატულია XX საუკუნის 20–30-იანი წლების აფხაზეთში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-პოლიტიკური მდგომარეობის სურათი. გაზეთს დიდი მნიშვნელობა აქვს 20–30-იანი წლების საქართველოს ისტორიის, პუბლიცისტიკის, ქართული სოციალური და პოლიტიკური აზრისა და ემიგრაციის ისტორიის შესასწავლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შარაძე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 2, თბ., 2001;