შინაარსზე გადასვლა

სიმონ აბაშიძე-გორლენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ს. აბაშიძე-გორლენკოს გერბი

სიმონ ქაიხოსროს ძე აბაშიძე (აბაშიძე-გორლენკო) (დ. 21 იანვარი, 1836 — გ. 18 იანვარი, 1891, მოსკოვი) — თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1881).

იმერეთის თავად აბაშიძეთა წარმომადგენელი. 1853 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-1856). იყო საიმპერატორო ესკორტის ლაიბ-გვარდიის კავკასიური ესკადრონის საჭურველთმტვირთველი (1857), სუმის ჰუსართა პოლკის კორნეტი (1860). 1865-1882 წლებში კვლავ ირიცხებოდა საიმპერატორო ესკორტში. 1875 წლიდან იყო სოსნიცკის მაზრის (ახლანდ. ჩერნიჰივის ოლქი, უკრაინა) საპატიო მომრიგებელი მოსამართლე. 1882 წელს პოლკოვნიკის წოდებით ჩაირიცხა კავალერიაში; განსაკუთრებული გამონაკლისის სახით შეუნარჩუნდა საიმპერატორო ესკორტის კავკასიური ესკადრონის 1-ლი ქართული რაზმის მუნდირის ტარების უფლება. ითვლებოდა კავალერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალში. აბაშიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. გარდაიცვალა მოსკოვში. დაკრძალულია სოფ. ზაიზდის მიხეილის ეკლესიაში (ახლანდ. ჩერნიჰივის ოლქი, უკრაინა). 1891 წლის თებერვალში პანაშვიდი გადაუხადეს საქართველოშიც, დაბა ყვირილის (ახლანდ. ზესტაფონი) ეკლესიაში.[1] დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ორდენით (1853).

ცოლად ჰყავდა (1861 წლიდან) ადელაიდა სიმონის ასული გორლენკო (აზნაური). სიმამრის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორის 1876 წლის 15 ივლისის განკარგულებით მიეცა უფლება შეერთებინა გორლენკოს გვარი და საგვარეულო გერბი და გადაეცა ისინი მამრობითი ხაზის უფროსი შთამომავლებისთვის. მისი ერთადერთი ვაჟი დავითი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა (1863), ამიტომ თავად აბაშიძე-გორლენკოს გვარი არ გაგრძელებულა. ქალიშვილი ნინო (დ. 1870 — გ. 1921) იყო ბარონ როდრიგ თეოდორ ფონ ბისტრამის ცოლი. „რუსეთის იმპერიის თავადაზნაურობის საგვარეულოთა გერბების საერთო კრებულის“ მე-14 ნაწილში (1890) შეტანილია აბაშიძე-გორლენკოს ოფიციალურად დამტკიცებული გერბი (1886).[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სიმონ აბაშიძე-გორლენკო — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
  1. (ნეკროლოგი) დაარქივებული 2021-10-17 საიტზე Wayback Machine. , - გაზ. „ივერია“ - №26 - თებერვალი 2, 1891.
  2. Общий гербовник дворянских родов Российской империи, Ч. 16. СПб., 1901; - с. 35.