სევერიან ჭირაქაძე
სევერიან ჭირაქაძე (დ. 15 იანვარი, 1900, გოდოგანი — გ. 25 ნოემბერი, 1975, პარიზი) — ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური მოღვაწე და ჟურნალისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სევერიან ჭირაქაძე დაიბადა 1900 წლის 15 იანვარს, სოფელ გოდოგანში. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, რის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.
ჯერ კიდევ ქუთაისში სწავლის დროს ჩაება პოლიტიკურ მოძრაობაში და საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი გახდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ კვლავ გააგრძელა ამავე პარტიაში მუშაობა, რის გამოც მრავალი დევნა, დატუსაღება და არალეგალური ცხოვრების სიდუხჭირე განიცადა. საბოლოოდ იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. იგი მეუღლესა და ვაჟიშვილთან ერთად დასახლდა საფრანგეთში.
ემიგრაციაში ეწეოდა ფართო პოლიტიკურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერების – სპირიდონ კედიასა და ალექსანდრე ასათიანის – გარდაცვალების შემდეგ, იგი ელისე პატარიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა ამავე პარტიის საფრანგეთის ორგანიზაციას. როგორც ჟურნალისტი მოღვაწეობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებში. იყო ჟურნალ "ახალი ივერიის" ერთ-ერთი რედაქტორი. მოგვიანებით თანამშრომლობდა "ივერიასთან", "კავკასიონთან", "ქართულ აზრსა" და "თავისუფლების ტრიბუნასთან".
სევერიან ჭირაქაძე, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ვალენტინეში (სოშოსთან ახლოს). მრავალი წლის განმავლობაში იყო სოშოს ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი.
გარდაიცვალა 1975 წლის 25 ნოემბერს, პარიზში. დასაფლავებულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქავთარაძე მ., სევერიან ჭირაქაძე (ნეკროლოგი) // მასალები ემიგრანტული პრესის მკვლევართათვის. - პარიზი, 1997. - გვ.151.
- შარაძე გ., ჟურნალი "ახალი ივერია" // ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია : ტ. 2. - თბილისი, 2001. - გვ.510-655.