ელისე პატარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ელისე პატარიძე (დ. 16 ივნისი, 1896, ნაკარევი — გ. 10 თებერვალი, 1975, პარიზი, დაკრძალულია ლევილში) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი.

ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების (1917 წ.) შემდეგ ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური განხრით. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი მთავარი კომიტეტის მდივანი. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. 1924 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი იყო საფრანგეთში. 1930 წლიდან მუშაობდა საავტომობილო ფირმა „პეჟოს“ პარიზის ბიუროში.

პარიზში დააარსა ქართული სტამბა, სადაც არაერთი წიგნი და ჟურნალი გამოსცა. იყო პარიზის წმ. ნინოს ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი; საფრანგეთის ქართველი ემიგრანტების სათვისტომოს თავმჯდომარე. დააარსა ჟურნალი „ივერია“, რომელსაც თავადვე რედაქტორობდა (1949 წლიდან). 1953 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო, ერთხანს უცხოეთში მოღვაწე ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირსაც თავმჯდომარეობდა.

ჰყავდა მეუღლე, თამარ ალშიბაია. შვილები თინა, გულნარა და ოთარ პატარიძეები. ოთარ პატარიძე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელია. გულნარა პატარიძე 1986 წლიდან გარდაცვალებამდე (2003 წ.) იყო რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის დირექტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პატარიძე ელისე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.161.