საყდართგორის ეკლესია და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყდართგორის ეკლესია და სამაროვანიარქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაქალაქარის განაპირას, სამხრეთით. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,5x5,1 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და დუღაბით. გარეთა კუთხეებში შირიმის კვადრებია გამოყენებული. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი აფსიდთან ერთად, დასავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნახევარი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია კვალი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თითო ფართო თაღოვანი ნიშია, რომელთა შიგნით მოწყობილია თითო პატარა ნიში. ეკლესია შიგნიდან შელესილია. აღმოსავლეთის ფასადის ზედა ნაწილში დატანებულ შირიმის სწორკუთხა ქვაზე ამოკვეთილია პატარა ჯვარი. ეკლესიას შემოვლებული აქვს რიყის ქვის გალავანი. ეკლესიის ეზოში შეიმჩნევა სამარხები. 1963 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი) ნაწილობრივ გათხარა ერთი სამარხი. მიწის ზედაპირიდან 0,8 მეტრ სიღრმეზე აღმოჩნდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დამხობილი აკლდამა (შიდა სიგრძე - 2,45 მეტრი, სიგანე - 1,8 მეტრი). იგი გადახურული იყო ორფერდა კამარით, რომელიც ეყრდნობოდა გვერდით კედლებს. კედლები ამოყვანილი იყო კლდის ქვითა და რიყის ქვით (დუღაბზე). შესასვლელი ჰქონდა დასავლეთით, სადაც კლდის ფილები იდო. ჩონჩხის ძვლები არეული იყო ქვაღორღიან მიწაში. ინვენტარი არ აღმოჩნდა. ეკლესიის გარშემო ნასოფლარის ნაშთია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]