შინაარსზე გადასვლა

საფარისას წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფარისას წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ წინანდლის სამხრეთით, ხუთიოდე კილომეტრის მანძილზე, მდინარე კისისხევის მარჯვენა ნაპირას, ხშირ ტყეში. ეკლესიის ჩრდილოეთით, ხუთიოდე მეტრზე, დგას მოგვიანებით აგებული სამრეკლო. ეკლესია თარიღდება XI-XII საუკუნის მიჯნით. სამრეკლო — XV-XVI საუკუნეებით.

ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა. გვიანდელი პერიოდის ამ პიტის ნაგებობების მსგავსად, მისი გეგმა ასე თუ ისე შემთხვევითია. შენობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (13.4 x 12.8 მეტრი) აქაც სამი ნავია ჩაწერილი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ სამხრეთ ნავში ეკლესიის გარდა, რომელსაც თითქმის მთელი ნავი უკავია, დამატებით, განცალკევებული სამლოცველოა მოწყობილი.

ეკლესია აგებულია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვით (აქა-იქ ლოდებიცაა ჩართული). წყობაში წესიერი, სწორხაზოვნად გამავალი რიგების გამოყვანის გარეშე. იგივე ქვებითაა ნაწყობი კუთხეებიც, ოღონდ აქ ქვები, ფორმისა და ზომის მიხედვით, მეტნაკლებად შერჩეულია. თაღების, ზოგიერთი სარკმლის გამოსაყვანად და ლავგარდნისათვის შირიმის, ნათალი ქვაა გამოყენებული. მთავარ ეკლესიას აქვს ორი შესასვლელი: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან — გვერდითი ეკლესიებიდან შესასვლელები შიგნიდან შირიმის, მთლიანი ქვის ტიმპანითაა დასრულებული. მათ შორის ჩრდილოეთისა კვერცხისებრი ფორმისაა, სამხრეთისა ნახევარწრიული.

აღმოსავლეთით, ეკლესიის იატაკის მიმართ საფეხურით შემაღლებული, ნალისებრი აფსიდია. საკურთხევლის სარკმელი თაღოვანია, გარეთ მჯვეთრად არის შევიწროებული. სარკმლის გვერდებზეე თითო, მცირე, ოთხკუხა ნიშაა. მათ ზემოთაც (იატაკიდან დაახლოებით 3 მეტრ სიმაღლეზე) იგივე ფორმის, მომცრო ნიშაა მოწყობილი. აფსიდის მთელ სიგრძეზე, ჩამოსასხდომად, გაუყვება საფეხური, რომლის ცეტრში, სარკმლის ქვემოთ მონასტრის წინამძღვრის დასაჯდომი, ორმაგი შემაღლებაა. აფსიდის შუაში დგას რიყის ქვით გამოყვანილი, ოთხწახნაგა ტრაპეზი. აფსიდის მხრების ხაზზე კი - გვიანდელი. ასევე რიყის ქვევით ნაგები კანკელი, რომელშიც ორი, შეისრულთაღოვანი გასასვლელი და შეისრული თაღივე დასრულებული, სამი, გამჭოლი ღიობია. ნავი გადახურულია არაწესიერი ფორმის, მრავალცენტრიანი კამარით, რომელიც ორ, საბჯენ თაღს ეყრდნობა, თვით თაღები კი - კონსოლებს.

თაღებიდან ერთი ნავის შუაშია, მეორე - დასავლეთ კედელთან. ნავი ცუდადაა განათებული. საკურთხევლის სარკმლის გარდა,, შიდა სივრცეს კიდევ სამი, მცირე ზომის სარკმელი აშუქებს: ერთი დასავლეთ კედლის ცენტრშია. ორი კი სამხრეთით. ამ უკანასკნელთა თავი კამარის ფარგლებშია შეჭრილი. დარბაზის სამივე კედელს დაბალი საფეხუწი გაუყვება. კედლები, კამარა და საბჯენი თაღები კირის დუღაბის სქელი ფენითაა შელესილი.

ჩრდილოეთით მდებარე ეკლესია მთავარს წყობით არ უკავშირდება. იგი მასზე ოდნავ უფრო ვიწროა, მაგრამ ორჯერ უფრო დაბალი (სიმაღლით იატაკიდან კამარის წვერომდე 3,1 მეტრია). აფსიდში ერთი, ვიწრო, მშვილდისებრი თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის გვერდებზე კი თითო, სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. ერთი მსგავსი ნიშა ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ბოლოშია. კამარა მშვილდისებრი ფორმისაა, ეყრდნობა ოთხ, საბჯენ თაღს, რომელთა შორის აღმოსავლეთისა, აფსიდთანაა. თვით საბჯენი თაღები კი კაპიტელეით. მათ პროფილს ორმაგი ლილვი შეადგენს. სამხრეთით კამარა თაღედზეა დაყრდნობილი, რომელიც გადაყვანილია მთავარი ეკლესიის კედელზე მიყრდნობილ პილასტრებზე, განათება, მთავარ ნავთან შედარეიბთ, აქ კიდევ უფრო მწირია. ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში გაჭრილია თითო, ვიწრო სარკმელი, რომლებიც საკმარის შუქს არ იძლევა. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, მთავარ ეკლესიაში შესასვლელი კარის პირდაპირ, განიერი კარია, რომელსაც გადახურვა ჩამონგრეული აქვს. სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. სამხრეთით იგი განიერია, დასავლეთით და ჩრდილოეთით კი ვიწროა - ცოკოლისმაგვარი. როგორც ჩანს, ადრე საფეხური აფსიდის კედელსაც გასდევდა (შემორჩანილია ნაწილბრივ).

სამხრეთით მდებარე ეკლესია ჩრდილოეთით მდებარე ეკლესიაზე ოდნავ უფრო დაბალია. სამხრეთით იგი ორი, ნახევარწრიულთაღოვანი გასასვლელითაა გახსნილი თაღების ქუსლებთან გამოყოფილია იმპოსტები, რომელთა პროფილს ორმაგი ლილვი ქმნის. აფსიდში მცირე სარკმელია. მის ქვემოთ, კედელზე მიყრდნობილი, კუბური ფორმის ტრაპეზი დგას. კამარა ჩრდილოეთ ეკლესიის კამარის მსგავსი მოყვანილობისაა. იგი ერთ, საბჯერ თაღს ეყრდნობა. თაღი კი - პილასტრებს, რომლებიც ნათალი ქვის, იმავე პროფილის კაპიტელების არის დაგვირგვინებული, როგორითაც ჩრდილოეთ ეკლესიის პილასტრები. კამარა უშუალოდ მთავარი ეკლესიის სამხრეთ კედელზე იყო დაყრდნობილი. მთავარი ნავის კედელზეა მიყრდნობილი პილახტრი, აფსიდი და დასავლეთ კედელი, საბჯენი თაღი, აფსიდის კუთხეები და შესასვლელების თაღები შირიმითაა ნაწყობი. სამხრეთი ნავის დასავლეთ ნაწილში მინიატურული, თითქმის კვადრატული გეგმის, აფსიდიანი სადგომია ( ფართობით დაახლოებით 5 კვ.მ), ვიწრო, სწორკუთხა სარკმლით დასავლეთიდან და დაბალი, ვიწრო, მშვილდისებრთაღოვანი შესასვლელით სამხრეთიდან, რომელიც ისევე როგორც სარკმელი, შირიმის, ნათალლი ქვითაა გამოყვანილი.

ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებია გაწყობილი. მთავარი ნავის ორივე ფრონტონის ზედა ნაწილი მოყვითალო, შირიმის ნათალი ქვებითაა მოპირკეთებული. ეს არე, ზემოდან სახურავის ფერდებითაა მოსაზღვრული, ძირი კი მორკალული აქვს. ორივე არის ცენტრში ჩასმულია თითო ქვა, რომელზეც ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. აღმოსავლეთ ფასადზე, ჯვარი ოთხკუთხა ჩარჩოშია ჩასმული, დასავლეთ ფასადზე კი - ჩარჩოს გარეშეა. საკურთხევლის სარკმელი მორთულია განიერი, რთული პროფილის მქონე საპირით. სამხრეთ ეკლეიის სარკმელი სადაა, ჩრდილოეთ ეკლესიის სარკმლის საპირე კი ორმაგი ლილვისგან შედგება. ასევეა შემკული ჩრდილოეთ ეკლესიის დასავლეთ სარკმელიც. დასავლეთ ფასადის დანარჩენი სარკმლები მორთულობის გარეშეა. სამხრეთი და ჩრდილოეთ ფასადები მარტივია. სამხრეთი ფასადის ქვედა ნაწილში ორი, თაღოვანი ლიობი და ნაკლებად შესამჩნევი ერთი კარია, ზედა ნაწილში კი - მთავარი ნავის ორი, ასევე ნაკლებად შესამჩნევი სარკმელი. ჩრდილოეთ მხრიდან მთავარი ნავის კედელი სრულიად ყრუა და ხავსითაა დაფარული. ქვედა ნაწილში კი ერთი, მცირე სარკმელი და ერთი შესასვლელია.

ეკლესია გადახურული იყო კრამიტით. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადების წინ 1920 წელს იპოვეს წითელი თიხისგან დამზადებული, დიდი, ბრტყელი კრამიტის ოთხი ნატეხი - რელიეფური ჯვრის გამოსახულებით (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). სამრეკლო ორსართულიანია. აღართულია რიყის ქვით გამოყვანილ ცოკოლზე. მთლიანად ნაგებია კვადრატული აგურით (22x22x5 სმ). სამრეკლოს ქვედა სართული გეგმით კვადრატულია (5,2x5,2 მ) და ოთხივე მხარეს ფართო, შეისრული თაღითაა გახსნილი. თაღები დაყრდნობილია კუთხეებში განლაგებულ, სწორკუთხა ბურჯებზე. შიგნით სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. კამარა ბრტყელია, წვერშემაღლებული.

II სართული რვაწახნაგა ფანჩატურია. წახნაგებიდან ოთხი - ქვემოთა სართულის შესაბამისს კედელთან ერთ სიბრტყეშია, დანარჩენი წახნაგების წინ კი, ქვედა სართულის კუთხის დაუფარავი ნაწილია. თითოეულ წახნაგში თითო, განიერი, ოდნავ შეისრული თაღით დასრულებული ღიობია მოწყობილი. სართული შიგნიდან გადახურულია ნახევარსფერული, გუმბათოვანი კამარით. გარედან ფანჩატური დასრულებულია მაღალი ლავგარდნით, რომელიც ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით წინწამოწეული აგურებით გამოყვანილი რიგების მონაცვლეობისგან შედგება. სამრეკლო გადახურულია აგურით ნაწყობი, რვაწახნაგა, პირამიდისებრი სახურავით.